დეივიდ ბოუი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან არტისტთა სიაში, რომელთა კარიერა ექვსი ათწლეული გრძელდებოდა. ამ მეამბოხე მუსიკოსმა თავიდანვე პოპ-კულტურის ყველაზე მოდურ ვარსკვლავად დაიმკვიდრა თავი. 1960-იან წლებში გაჩენილი მონოქრომული, თინეიჯერული მოდიდან დაწყებული, შემდეგ ათწლეულში ბრჭყვიალა, განუსაზღვრელი გენდერის, თამამი სტილით გაგრძელებული და ახალი რომანტიზმითა და ნეოკლასიკით დასრულებული, ბოუი ცნობილია, როგორც შემსრულებელი, რომელიც მოდას უსწრებდა.
Hammock Magazine მუსიკოსის 5 ყველაზე გამორჩეულ, რადიკალურ და მისი კარიერის განმსაზღვრელ ლუქს წარმოგიდგენთ.
„განუსაზღვრელი გენდერის ბოჰემა“
როდესაც 60-იანი წლები ნელ-ნელა იწურებოდა და „სიყვარულის ზაფხულიც“ დასასრულისკენ მიდიოდა, 23 წლის დეივიდ ბოუი თავისი ანდროგენული სტილით, შერავანდედის მსგავსი ფორმის თმითა და ორნამენტებიანი, ბეწვის ტანსაცმლით სექსუალურობის სტანდარტებს ცვლიდა. ამ ლუქითა და ახალი ალბომით - „კაცი, რომელმაც სამყარო გაყიდა“ - მომღერალი კიდევ უფრო ღრმად ჩაიბეჭდა მსმენელის გონებაში.
„ავანგარდული კოსმოსის სამურაი“
სტაფილოსფერი თმითა და უცხოპლანეტელებისადმი ლტოლვით, 70-იანი წლების დასაწყისში მაყურებელი დეივიდ ბოუის - საკულტო პერსონაჟ Ziggy Stardust-ში - ტრანსფორმაციისა და მისი „The Spiders from Mars-თან“ ერთად ლაივშოუს მომსწრე გახდა. ადამიანი, რომელმაც ამ ტურის განსაკუთრებული კოსტიუმები შექმნა, იაპონელი დიზაინერი კანსაი იამამოტო იყო, რომლის გაბედულმა და ინოვატორული სტილის სამოსმა ხელი შეუწყო ბოუის, როგორც მოდის სამყაროში გენდერული ჩარჩოების დამამსხვრეველი მუსიკოსის რეპუტაციის ჩამოყალიბებაში.
Hammock-ის რჩეული ეს შავ-თეთრი ზოლიანი კოსტიუმია, რომელიც ბოუის ფეხებს ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი ფიზიკის არც ერთ კანონს არ ემორჩილებოდნენ. „დევიდ ბოუიმ და მე გავაერთიანეთ სმენისა და მხედველობის სამყაროები, - ამბობს იამამოტო ინტერვიუში, - რადგან მუსიკოსებს, რომლებსაც პირველობა უნდათ, სურთ, რომ ეცვათ სამოსი, რომელიც ასევე პირველია.“
FLAMEBOYANT PIRATE
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დეივიდ ბოუის სტილსა და ჩაცმულობაზე მსჯელობას FLAMBOYANT PIRATE-ის ხსენების გარეშე. ეს იყო სტილი, რომელიც 70-იანების შუაში მომღერლის ხელწერა გახდა. მაღალწელიანი შარვლით, გაშვებული კუბოკრული მაისურით, ყელზე შეკრული შარფითა და მეკობრისთვის დამახასიათებელი ცალი თვალით, ბოუიმ საკუთარი თავი სამუდამოდ დაამახსოვრა არა მხოლოდ მის მსმენელს, არამედ სრულიად სამყაროს. „ყოველთვის მქონდა დაუძლეველი სურვილი ვყოფილიყავი მეტი, ვიდრე უბრალოდ ადამიანი, - ამბობს მომღერალი ინტერვიუში. - ძალიან უსუსურად ვგრძნობდი თავს ადამიანის ფორმაში, ვფიქრობდი, ყველაფერი წყალს წაუღია! მე მინდა ვიყო სუპერადამიანი!” ეს კოსტიუმი კი ამას ნამდვილად შესაძლებელს ხდიდა.
„სრულყოფილი სიამოვნება“
ოსკარ უაილდი წერდა: „სიგარეტი სრულყოფილი სიამოვნების საუკეთესო მაგალითია. იგი დახვეწილია და ადამიანს დაუკმაყოფილებელს ტოვებს. კიდევ რა უნდა უნდოდეს მას?“
მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტის მოწევა გლამურული მხოლოდ ვიზუალურად არის, ისე კი სიკვდილის მიზეზიც კი შეიძლება იყოს, რთულია ვინმემ ვერ შენიშნოს, რამდენად უხდება ის ბოუის ამ სტილს. ეს მდოგვისფერი ყვითელი კოსტიუმი ერთ-ერთია ბოუის კლასიკურად შეკერილი კოსტიუმებიდან. მომღერლის სტილი ერთი პერიოდი ზუსტად ასეთი იყო, ფერები კი პასტელურ ლურჯს, ლიმონისფერს, პიტნისფერსა და კლასიკურ შავს შორის მერყეობდა.
„მკვლელი ქუსლებზე“
მას შემდეგ, რაც ბოუიმ მოდის სამყაროში გენდერული ჩარჩოების დამამსხვრეველი მუსიკოსის რეპუტაცია შეიქმნა, ის აგრძელებდა მსმენელის გაოცებას თავისი თამამი გამოსვლებით. სურათზე ასახული კონცერტი ერთადერთი არ ყოფილა, როდესაც მას მსგავსი ფეხსაცმელი ეცვა. დეივიდ ბოუი ცნობილი იყო მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისადმი სიყვარულით, დაწყებული შავი სტილეტოდან, დასრულებული წითელი, ხელოვნური ტყავის ჩექმებით.
დაწერე კომენტარი