ცოტა ხნის წინ Fondazione Prada-ს საგამოფენო სივრცეში იტალიელი ფერმწერისა და სასცენო დიზაინერის - დომენიკო გნოლის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანის მიერ 1949-1969 წლებში შექმნილი 100-ზე მეტი ნამუშევარი. წარმოშობით იტალიელმა დომენიკო გნოლიმ ცხოვრების უმეტესი ნაწილი ნიუ-იორკში გაატარა, სადაც ილუსტრატორად მუშაობდა. კარიერის განმავლობაში გნოლი ილუსტრაციებს ქმნიდა გამოცემებისთვის - Sports Illustrated, Fortune, Harper’s Bazaar.

 

 

ილუსტრაციების გარდა გნოლი ცნობილია სურათებით, რომლებიც მინიმალიზმის, ჰიპერრეალიზმისა და პოპ-არტის ელემენტების ნაზავია. ეს ნამუშევრები ფოკუსირებულია ადამიანის სხეულის დეტალებზე და ხაზს უსვამს მათ თანდაყოლილ სენსუალურობასა და ენერგიას. თავად გნოლი ამბობდა, რომ „ყოველთვის იყენებდა მარტივ ელემენტებს“ და არ სურდა საკუთარ ნამუშევრებში რაიმეს დამატება. აკრილით შესრულებულ ტილოებზე მხატვარი ახლო კადრით გვაჩვენებს ყოველდღიურ საგნებს: ქსოვილის ზედაპირებს, ინტერიერის ფრაგმენტებს, სამოსის დეტალებს - ღილებს, საყელოებს. გნოლი მონდომებით ხატავდა ადამიანის სხეულის ნაწილებსაც, მაგალითად, აკურატულად დახვეულ თმის კულულს ან ქალის მკერდის კონტურებს.

 

 

რაც უფრო დიდხანს ვაკვირდებით გნოლის ამ რეალისტურ სურათებს, უფრო სიურრეალისტურად გვეჩვენება ისინი. გნოლი საკუთარი ნამუშევრებით ეხმიანებოდა მაზაჩოსა და პიერო დელა ფრანჩესკას იტალიური მხატვრობის ტრადიციას, რაც მოგვიანებით დე კირიკოს, სევერინისა და კარას ნამუშევრებში აისახა. შემოქმედებით ხელწერაზე დიდი გავლენა მოახდინეს თანამედროვე მხატვრებმა - ფრენსის ბეკონმა,  სალვადორ დალიმ, რენე მაგრიტმა და საზერლენდიმ. სურათები, რომლებიც გნოლიმ ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა, ძირითადად მაგრიტისეულ სიურრეალიზმთან ასოცირდებოდა. თუმცა გნოლის სურათებში ვერ ვხედავთ სიურრეალისტური სტილისთვის დამახასიათებელ ტექნიკას - განსხვავებული საგნებისა და ზომის ირაციონალურ შეთავსებას. ხელოვნებათმცოდნეების აზრით, სურათებში ასახული ობიექტები ბავშვის თვალით დანახულს ჰგავს. გნოლი ქვიშიან ტექსტურულ ზედაპირზე აკვარელით ხატავს და ოსტატურად შესრულებული ქსოვილის ან სხეულის ყოველი დეტალით დიდ ინტერესს აღძრავს მნახველში. 

Fondazione Prada-ში დომენიკო გნოლის ნამუშევრების ექსპოზიცია ფონდის ორ სართულზე განთავსდა. სივრცე, რომელზეც არქიტექტურულმა გუნდმა - 2x4-მა იმუშავა, ​​რამდენიმე თემატურ ნაწილადაა დაყოფილი. მსგავსი განაწილება მაყურებელს საშუალებას აძლევს ნახოს, როგორ განვითარდა მხატვრის ფერწერა დროთა განმავლობაში.

 

ფოტო: Fondazione Prada, Vogue, Luxembourg & Dayan, Domenico Gnoli, Mutual Art, Christie’s

 

ავტორი: მარიამ ქორიძე