იაპონური მუსიკალური ჟანრი - City Pop სენტიმენტალური და რიტმული მელოდიებით 80-იანი წლების იაპონიაში გვაბრუნებს. Მაშინდელი ყოველდღიურობა - ფერადი ნეონებით განათებულ ბარებში გემრიელი კოექტეილების დალევა, ძველი კადილაკით პალმებიან სანაპიროებზე მზის ჩასვლისას სეირნობა ჩვეულებრივ ამ მუსიკალური ჟანრის ესთეტიკის ნაწილია. თუმცა მელოდიებთან ერთად, City Pop-ის მთელი ხიბლი ალბათ მუსიკალური ალბომების ილუსტრაციებში ჩანს - უკაცრიელი სანაპიროები, სადაც თითქოს დრო გაჩერდა, მზეზე მბზინავი საცურაო აუზები, ზღვისპირა ქალაქების პეიზაჟები და ცისფერი ოკეანე, რომელიც ცას ერწყმის. 

იაპონელი ილუსტრატორის - ჰიროში ნაგაის ნამუშევრებში ალბათ ყველაზე კარგადაა ასახული იაპონური City Pop-ის ესთეტიკა. სენსუალურ ილუსტრაციებს თან ახლავს სევდიანი და ნოსტალგიური განწყობა, რაც მნახველში უცნობ, ამავდროულად, სასიამოვნო მოგონებებს აღძრავს. ფერადი მელანქოლიური პეიზაჟები თითქოს ღია ბარათებია პარალელური სამყაროდან. 

1947 წელს ტოკუშიმაში დაბადებული ჰიროში ნაგაი ტოკიოში დიზაინერად მუშაობდა. პოპულარობა 1980-იან წლებში მოიპოვა, როცა ცნობილი მუსიკალური ლეიბლებისთვის - Moon-ისა და Niagara-სთვის გარეკანის დიზაინი შექმნა. სწორედ ნაგაიმ განსაზღვრა დიდწილად City Pop-ის ვიზუალური ესთეტიკა. მთავარი შთაგონება 1973 წელს აშშ-ში მოგზაურობა გახდა, სადაც ჰიროში ნაგაი პოპ-არტს გაეცნო. იაპონელი J-Pop-ისა და City-Pop-ის შემსრულებლის, Eiichi Ōtaki-ს პოპულარული ალბომის - A LONG VACATION-ის გარეკანისთვის შექმნილი ილუსტრაცია მისი ყველაზე ცნობილი და ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია.

 

 

Ჰიროში ნაგაის ვიზუალური პალიტრა და მასთან ასოცირებული City Pop-ის ჰიტები განასახიერებდნენ მაშინდელი იაპონიის კულტურულ გამოძახილს, რასაც ყველაზე მეტად ეძებდნენ იაპონელი ახალგაზრდები დამთრგუნველი ღამის ცხოვრებისა და იაპონიის სანაპიროებზე სეირნობის შემდეგ. Ნათელი ფერები, დახვეწილი ექსტერიერები, იისფერი მზის ჩასვლა, მდიდრული ვილები და აუზები, მინიმალისტური არქიტექტურა და ზაფხულის სცენები ხშირად მეორდება ჰიროშის ილუსტრაციებში. კაშკაშა და ვიზუალურად მიმზიდველი ხელოვნების ნიმუშები თითქოს გზაა დამღლელი ყოველდღიურობისგან თავდასაღწევად. 

 

ფოტო: The Vinyl Factory, Kouryu Kyoju, Twitter, Wallpaper Dist, Wall Here, It’s Crow Time

 

ავტორი: მარიამ ქორიძე