18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გამოფენა “მხოლოდ მდინარის ხმა ისმის” გაიმართება, რომელიც ქართველი და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებს გააერთიანებს. მათ შორის არიან: ტბელ აბუსერიძე, შახ აივაზოვი, ნათელა გრიგალაშვილი, იუსტინა მელნიკიევიჩი, დათო მესხი, იური მეჩითოვი, დინა ოგანოვა, ჟულიენ პებრელი, გიორგი შენგელია, გია ჩხატარაშვილი, გურამ წიბახაშვილი და ვახო ხეთაგური.
შორიდან, სადაც ჩვენ არ ვართ, მდინარეს მოაქვს ამბები, აქამდე უხილავი, მოულოდნელი ისტორიებით. “მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“ აჟღერებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის ხმას. გამოფენა თავს უყრის ქართველი და საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მედიუმის მეშვეობით სწორედ მათი რეალობის ამსახველ ერთ დიდ სურათს ქმნის.
ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რაც ქვეყანას უნიკალურს ხდის. დღეს საქართველოს მოსახლეობის 13%-ს სწორედ ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები წარმოადგენენ, რომელთაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ქვეყნის კულტურის, პოლიტიკის, სამოქალაქო ცხოვრებისა და ეკონომიკის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჯგუფის წევრები ხშირად თავს შეუმჩნევლად გრძნობენ, ისინი საქართველოს ერთგული მოქალაქეები არიან, ცხოვრობენ და მუშაობენ იქ, სადაც დაიბადნენ და ქმნიან ოჯახებს. ეს მათი ერთადერთი სამშობლოა.
გამოფენის ნაწილია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედია ლაბის სტუდენტების ნამუშევრებიც, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ. გამოფენა აერთიანებს როგორც ფოტო ანაბეჭდებს, ისე ვიდეო და საუნდ ინსტალაციას.
მულტიმედიური გამოფენა “მხოლოდ მდინარის ხმა ისმის“ პარასკევს, 18 მარტს თბილისის ფოტოგრაფიისა & მულტიმედიის მუზეუმში პუბლიკისთვის 16.00-დან გაიხსნება. გამოფენისთვის შექმნილი მუსიკა ეკუთვნის Liza Rivs-ს. გამოფენა იმართება USAID/საქართველოს #ჩვენვართსაქართველო კამპანიის ფარგლებში.
ფოტო: თაკო რობაქიძე, დავით მესხი, გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, იური მეჩითოვი
დაწერე კომენტარი