2პედრო ალმოდოვარის მკვეთრი ფერებით გაჯერებული ფილმების ესთეტიკა, რომლებშიც დომინანტური ფერი ხშირად წითელია, მაყურებელს სხვა რეჟისორის ხედვაში ძნელად თუ აერევა, თუმცა აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ალმოდოვარის მხატვრული გამოსახულებები არა მხოლოდ მოძრავ სურათებს, არამედ ფოტოგრაფიულ ნიმუშებსაც აერთიანებს. ესპანელი რეჟისორისათვის ახალ მედიუმში მუშაობის დაწყების მთავარი შთამაგონებელი მოტივი ნატურმორტის ასახვის მძაფრი სურვილი გახდა და ბუნებრივ შუქზე უსულო საგნების აღბეჭდვით დახვეწილი კომპოზიციები წარმოადგინა.

პედრო ალმოდოვარის სიტყვებით, იგი შთაგონებას არა ფოტოგრაფიაში, არამედ ყოველთვის მხატვრობაში ეძებს. ამ ფოტოების გადაღებისას ალმოდოვარი დამხმარე ტექნიკური მასალის გამოყენებაზე უარს აცხადებს და შედეგად ფოტოგამოსახულებების მიღება მხოლოდ დღის შუქის ინტენსივობასა და შუქჩრდილების გარკვეული სახის მონაცვლეობაზე ხდება დამოკიდებული. “ჩემი ერთადერთი ამოცანაა დაველოდო ზუსტ მომენტს, რომლის დადგომის დრო სეზონების მიხედვით იცვლება და მხოლოდ ორიოდე წუთის განმავლობაში გრძელდება”. 

ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ Waiting for the Light იმ 2019 წელს გამართული გამოფენის სათაური გახდა, რომელმაც გალერეა Marlborough-ში პედრო ალმოდოვარის ნატურმორტის ამსახველი ფოტოსურათები გააერთიანა. ნამუშევრებში წარმოდგენილი ობიექტები ინტერიერის დიზაინის განუყოფელ ელემენტებს აერთიანებს, მათ შორის ორიგინალური ფორმის ვაზებს, კერამიკისა და მინის ნაკეთობებს, რომლებშიც ხშირად დამჭკნარ ყვავილებსაც შეხვდებით. ალმოდოვარის შთაგონება მადრიდის ჰიპერრეალისტი მხატვრების, განსაკუთრებით ანტონიო ლოპესის შემოქმედება გახდა, ამასთან სხვადასხვა ფერისა და ტიპის ნაკეთობებზე დაყრდნობით მარტივად ამოიკითხება იტალიელი ხელოვანის - მორანდის ნატურმორტების გავლენა.

 

პედრო ალმოდოვარი ფონს როგორც ერთგვაროვნად, ასევე რამდენიმე ფერის ერთმანეთის გვერდით განთავსებითაც წარმოადგენს. ბუნებრივი განათების წყარო, რომელიც ობიექტებს ფანჯრიდან შემოჭრილი მზის შუქის სახით ეცემა, ფონს წარმოქმნილი ჩრდილებითა და ანარეკლებით მხატვრული ეფექტით ავსებს. ფოტოებში ფონი მხოლოდ ორ ფერსაც აერთიანებს, რაც ალმოდოვარის აზრით, დევიდ ჰოკნის პორტრეტების სერიის ფონსაც უკავშირდება.

ფოტო: museemagazine

ავტორი: ანა გაბისიანი