იკებანა ყვავილებისგან კომპოზიციის შექმნის იაპონური ხელოვნებაა. ეს ერთ-ერთი ულამაზესი იაპონური ტრადიცია იაპონელი ხალხის სულიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იკებანა VII საუკუნეში ჩინეთში წარმოიშვა და თავდაპირველად ბუდას შესაწირად გამოიყენებოდა. კიდევ ერთი ვერსიით, იკებანას ხელოვნება ინდოეთიდან გავრცელდა და თანდათან ამომავალი მზის ქვეყნის კულტურის ნაწილად იქცა. იკებანას არსი მცენარებისა და მისი ყოველი შემადგენელი ნაწილის ჰარმონიულ განლაგებაშია და დედამიწას, ზეცასა და ადამიანს შორის კავშირს ასახავს. თვითონ სიტყვა - „იკებანა“ ორი იეროგლიფისგან შედგება: „სიცოცხლე“ და „მოჭრილი ყვავილები“, რაც კომბინაციაში შეიძლება განიმარტოს, როგორც „მოჭრილი ყვავილების მეორე სიცოცხლე“. თუმცა იაპონელების აზრით, ტერმინს არ აქვს პირდაპირი თარგმანი და მისი მნიშვნელობა სამყაროში ადამიანის ადგილის ჩვენებასთან ერთად, კომპოზიციის შემქმნელის ინდივიდუალობის ასახვა და ცხოვრების ბუნებრივი კანონის გააზრების დემონსტრირებაა.


 

იკენობო - იკებანას უძველესი სკოლა, რომელმაც ეს ოსტატობა ჩაის რიტუალისგან დამოუკიდებლად განავითარა, იაპონელმა მღვდელმა - იკენობო სენკეიმ დააარსა. სენკეი ისტორიულ წყაროებში პირველად 1462 წელს გამოჩნდა, როგორც "ყვავილების მოწყობის ოსტატი". მან იკებანას ფილოსოფია კრებულში “Senno Kuden"-ში გააერთიანა და იკებანას ტექნიკა თაობებს გადასცა. 

„როდესაც ყვავილების სურნელს ვგრძნობ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ედემის ბაღში ჩავვარდი... ზამთარში ყვავილების სიკვდილი ცვლილებისა და ტრანსფორმაციის სიმბოლოა, ხოლო მიწა სამყაროს მარადიული ჭეშმარიტების“. - ამბობს სენკეი იკებანას ხელოვნებაზე. იკებანას მიმართ ინტერესი დროთა განმავლობაში გაიზარდა და სწორედ იაპონელმა არტისტებმა, რომლებმაც ტრადიციული თუ ინდივიდუალური მიდგომებით განავითარეს ეს ხელოვნება, იკებანა დაამკვიდრეს, როგორც იაპონური კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი.

 

იკებანას ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი სოფუ ტეშიგაჰარაა. იგი იაპონიაში, იკებანას ტრადიციული ხელოვნების მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. სოფუ ხუთი წლის ასაკიდან მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა იკებანას ოსტატობას. 15 წლის ასაკში კი მამამ უკვე ანდო შვილს საკუთარი მოსწავლეები. სოფუს სურდა იკებანას ხელოვნების ტრადიციული კანონები დაერღვია და 26 წლის ასაკში ახალი სკოლა - სოგეცუ დააარსა. სოგეცუს მთავარი და გამორჩეული თვისება ისაა, რომ მისი ტექნიკა ავტორებს საშუალებას აძლევს კომპოზიციის შესაქმნელად გამოიყენონ არა მხოლოდ მცენარეები, არამედ სხვა ნებისმიერი მასალა და საგანი. სოფუ მოქანდაკეც იყო, რაც აისახა კიდეც იკებანას ოსტატობაზე. მან იკებანა ლანდშაფტის არქიტექტურის ნაწილად აქცია. "ყვავილების პიკასოდ" წოდებულმა ტეშიგაჰარამ იკებანას ხელოვნება ბუნებას ახლებური გზით დაუკავშირა. „თუ წარსულში იკებანა ბუნების დროებითობის იდეას ეფუძნებოდა, დღეს მას ბუნების შუამავლობით ადამიანის სრული განახლების იდეა ამოძრავებს", - ამბობდა არტისტი.

 

1979 წელს, სოფუ ტეშიგაჰარას გარდაცვალების შემდეგ, სოგეცუს სკოლის ხელმძღვანელი მისი შვილი - კასუმი ტეშიგაჰარა გახდა. კასუმი იკებანას მინიატურულ კომპოზიციებს ქმნიდა, მთავარი იდეა მათი ხელის გულზე დატევის შესაძლებლობა იყო. კასუმოს კომპოზიციები ფერთა საოცარი კომბინაციით გამოირჩეოდა. მის კომპოზიციებში გვხვდება პუანსეტია, ბარდის მცენარე, გვიმრა, ორქიდეა, ფარშავანგის ბუმბულები და ხელოვნური მასალები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმოდა ბუნებრივ მცენარეებს. 

 

 

ოსტატმა შიგეო სუგამ იკებანას ხელოვნებას მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა. 1930 წელს ტოკიოში დაბადებული შიგუა იკებანას ხელოვნებით მამამ დააინტერესა. 1950-იან წლებში სუგა სოგეცუს ოსტატი გახდა. მისმა ნამუშევრებმა მსოფლიოს მასშტაბით გაითქვა სახელი და დედოფალ ელიზაბეტ II-ისა და იაპონიის იმპერატორის ღონისძიებები რამდენჯერმე დაამშვენა. შიგეოს ნამუშევრები სიმსუბუქით, დახვეწილობითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. ოსტატი საგულდაგულოდ არჩევს მცენარეებს, რომელთა ფერთა ნაზავი საბოლოოდ იკებანას ულამაზეს კომპოზიციას ქმნის. 

 

 

ვიზუალური არტისტი შოზო სატო  იაპონიაში 1933 წელს დაიბადა. ტრაგიკული მოვლენების - ჰიროსიმასა და ნაგასაკის აფეთქების შემდეგ შოზომ გააცნობიერა, რომ ხელოვნებას შეუძლია კომუნიკაციას, თანამშრომლობასა და ემპათიას გაუხსნას გზა. მან შექმნა "იაპონური სახლი", სადაც სტუდენტებსა და საზოგადოების წევრებს შეეძლოთ ჩაის ცერემონიის, იკებანასა და სხვა ტრადიციული იაპონური ხელოვნების შესწავლა. შოზოს იკებანას კომპოზიციებში მცენარეების ტოტები და ყვავილები ლარნაკში დახრილადაა მოთავსებული. ხშირად იყენებს სუიბანს - გამჭვირვალე იაპონურ ჭურჭელს, რაც წყლის ზედაპირის არეკვლის გამო იკებანას კომპოზიციას კიდევ უფრო დახვეწილად წარმოაჩენს.

იკებანას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ოსტატად ტოშირო კავასე მიიჩნევა. ტოშირო 1948 წელს კიოტოში დაიბადა. პარიზში მოღვაწეობის შემდეგ, 1974 წელს, ტოშირო იაპონიაში დაბრუნდა და ყვავილებთან მუშაობის ახალი მიმართულება დაამკვიდრა, რომელიც იკებანას ორ უძველეს ტექნიკას - "ტატეჰანასა" და "ნაგირეს" ეფუძნება. "ტატეჰანა" კომპოზიციის მკაცრ, ვერტიკალურ მოწყობას აღნიშნავს, "ნაგირე" კი ყვავილების წყალში თავისუფლად განთავსებას გულისხმობს. ოსტატი იკებანაზე საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ნამდვილი სილამაზე ადამიანის ხელით შექმნილში კი არ იმალება, არამედ ადამიანის მიერ სამყაროში არსებული მშვენიერების დანახვაში.


ტორუ ვატარაი იკებანას უძველეს ოსტატობასთან ბამბუკის ლარნაკების დამზადებამ მიიყვანა. 2002 წელს ტორუმ ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იკებანას სკოლაში - ოჰარაში დაიწყო სწავლა. მისი იკებანას კომპოზიციები არატრადიციულია, თუმცა დროსთან ერთად ტორუს თანამედროვე კომპოზიციებში ტრადიციული მოტივებიც ჩნდება. ვატარაი შიშველი ხის ტოტებით ინტერესდება, რაც ოსტატის აზრით განსაკუთრებულად უხდება ზამთარს. გაზაფხულზე იყენებს ალუბლის, ქლიავის, მაგნოლიისა და გლიცინიის ყვავილებს. საბოლოო კომპოზიციას მოცვითა და ევკალიპტით აფორმებს. მის კომპოზიციებში შეინიშნება ბუნებასთან სიახლოვე და სწორედ ბუნებაა ხელოვანის მთავარი შთაგონების წყაროც. 

"მნიშვნელოვანია ბუნების მადლიერება და პატივისცემა და ეს შთამაგონებს. იკებანასთან ერთად ვგრძნობ, რომ ყვავილის სიცოცხლეს ვუფრთხილდები", - ამბობს ხელოვანი.


ფოტო: Bakumatsuya, Sogetsu, Maxxi art, Kogei-seika/Shinchosha, Shibui and co, London Flower School, IDEA

ავტორი: მარიამ ქორიძე