ლუკა ცეცხლაძე ახალგაზრდა ხელოვანია, რომლის შემოქმედებითი პრაქტიკა ამჟამად მხატვრობასა და სკულპტურაზე მუშაობას მოიცავს. ექსპერიმენტულობა და სიახლისაკენ მუდმივი სწრაფვა ის მთავარი ღირებულებებია, რომლებიც ხელოვანის შემოქმედებას განსაზღვრავს. ფორმის, ხაზისა და სტრუქტურის მნიშვნელობა ლუკა ცეცხლაძის ნამუშევრებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რომელთა წინა პლანზე წამოწევით იგი თანამედროვე ქართული ხელოვნებისა და დასავლური კულტურის ერთმანეთთან სინთეზირებას ცდილობს. ახლახან კონცეპტუალურ მაღაზია Crosty-ში ლუკა ცეცხლაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, რომელიც 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენის ფარგლებში შემოსული თანხის 40% უკრაინის ეროვნულ ბანკში გადაირიცხება. 


განათლება რეჟისურის განხრით მიიღეთ, თუმცა საბოლოოდ მხატვრობაში აღმოჩნდით, მუშაობთ სკულპტურებზეც. პროფესიული მხრივ რამ განაპირობა თავდაპირველი გადაწყვეტილების შეცვლა?


დაახლოებით ბოლო რვა წელია, რაც მხატვრობით სერიოზულად დავინტერესდი. 

მოზარდობისას, დაახლოებით, 16-17 წლის ასაკში, რეჟისორობა მინდოდა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვიღებდი, განათლება კი ანიმაციის რეჟისურის განხრით მივიღე. მიზეზი, თუ რატომაც გადავწყვიტე ჩემი ცხოვრება მხატვრობისთვის მიმეძღვნა ის იყო, რომ ეს მედიუმი უფრო მეტ თავისუფლებას მაძლევდა. იმას ვგულისხმობ, რომ კინოს გადაღება კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს, მე კი ინდივიდუალურ ჩართულობას ვანიჭებ უპირატესობას. ცხადია, მხატვრობაშიცაა შესაძლებელი სხვადასხვა არტისტთან თანამშრომლობით ჯგუფური პროექტი განახორციელო, თუმცა მაშინ, როცა მხატვარი თავის სახელოსნოშია და აქვს შესაძლებლობა განმარტოვდეს, იგი ბევრად დამოუკიდებელი და თავისუფალია. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად გამოსახულების სტატიკურმა მდგომარეობამ დამაინტერესა, მოცემულობამ, რომელშიც ფილმის მსგავსად კადრები ერთმანეთს არ ენაცვლება, არაფერი მოძრაობს და არც მე-20 საუკუნის ტექნოლოგიებთან გიწევს შეხება. მხატვრობა კი ბუნებრივ გარემოში, ელექტროენერგიის გარეშეც წარმოსადგენია. 


პირადი გამოცდილებით, შემოქმედებითი ენერგიის მისაღებად რამდენად გადამწყვეტია ისეთ გარემოში არსებობა, რომლის წიაღში ხელოვნება მთავარი სასაუბრო თემაა?


მხატვრების ოჯახში გავიზარდე. ჩემი მშობლები - ლია შველიძე და მამუკა ცეცხლაძე და მათი მეგობარი ხელოვანები საქართველოში ერთ-ერთი პირველი ავანგარდისტები იყვნენ, ამიტომაც ხელოვნებასთან კავშირს ბავშვობიდანვე თავისთავად ვგრძნობდი. ჩემი მშობლების სახლი არაერთხელ ქცეულა მხატვრების თავშეყრის ადგილად, სადაც ხელოვნების ირგვლივ მრავალი საინტერესო დისკუსია იმართებოდა. კარლო კაჭარავაც ხშირად გვსტუმრობდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც მახსოვს. საერთოდ, მგონია, რომ წინა თაობის მხატვრები ბევრად უფრო ერთიან საზოგადოებას აყალიბებდნენ, ვიდრე ამას დღევანდელი მხატვრები ახერხებენ. მაშინ, 90-იან წლებში მხატვრებს ერთმანეთთან სულ სხვა სულისკვეთება აკავშირებდათ, რომლის ერთ-ერთი მიზეზი დასავლურ ფასეულობებთან ინტეგრირების სურვილი იყო, იმ მნიშვნელოვან კულტურულ ფენომენთან, რომელთან წვდომა ქართველ არტისტებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეზღუდებოდათ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღეს ხელოვნება თანდათან კომერციისაკენ სწრაფვის ტენდენციას ამჟღავნებს და სახელოვნებო ინსტიტუციებიც ნამუშევრების გაყიდვაზეა ორიენტირებული. ეს სუბიექტური აზრია, რომელიც სულაც არ გულისხმობს კომერციის ნეგატიურ ჭრილში მოქცევას. უბრალოდ, ყველაფრის მიღმა მხოლოდ ფინანსური ინტერესების გაზრდის სურვილი არ უნდა იდგეს. დღეს საზოგადოების ნაწილმა გაიგო, რომ კრიპტოხელოვნებით ფულის შოვნა შესაძლებელია, რაც ამ პროფესიის ათვისების მთავარი მიზეზი გახდა. მსგავსი დამოკიდებულება ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, ძალიან გაუგებარია. ხშირად მეკითხებიან, ვყიდი თუ არა ნამუშევარს და თუ გაიგებენ, რომ კი, თავადაც ყიდულობენ საღებავებს და მატერიალური სარგებლის ნახვის მიზნით ხატვას იწყებენ. 


დღევანდელ ეპოქას რაც შეეხება, თანამედროვე ხელოვნების შესახებ სხვა მხატვრების პოზიციის მოსმენა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ავანგარდისტულ ხელოვნებას სხვადასხვა ეროვნება განსხვავებულად შეხვდა და შესაბამისად, დღეს თანამედროვე ხელოვნების განსაზღვრებას სხვადასხვა ქვეყნის ადამიანი თავისებურად აღიქვამს. ჩემი მხრივ, ვცდილობ, იმ ტიპის ნამუშევრები შევასრულო, რომლებიც ქართული სახელოვნებო სცენისათვის დამახასიათებელი არ არის. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და მისი განვითარებისთვისაც ძალიან ცოტა ინსტიტუცია მუშაობს. არა მხოლოდ ხელოვნების კუთხით, არამედ ზოგადი მოცემულობიდანაც კი ვერ ვხვდები ხოლმე, თუ რა არის ხალხის მოქმედების მოტივი და საით მივყავართ დროებას. ამ ქაოსიდან თავის დასაღწევად ვცდილობ მხატვრობას მეტი დრო დავუთმო და ამით პირადი სათქმელი დავაფიქსირო, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემი შემოქმედებით პირდაპირი შეტყობინებების გაგზავნას არასოდეს ვცდილობ.


შედეგად, თქვენი შემოქმედება ირგვლივ არსებულ გარემოზე რეფლექსიაში გამოიხატება თუ სხვა რეალობის შექმნისკენ ისწრაფვით?


ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება ძირითადად ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობაა. ჩვენ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ჩემთვის ხშირად იმდენად მიუღებელია, რომ სწორედ ამ დროს ვარწმუნებ საკუთარ თავს - მე ვფლობ ძალებს, რომლებიც დამეხმარება შევქმნა ისეთი სახის ხელოვნება, რაც ჩემს ცხოვრებას ბევრად საინტერესოს გახდის. იყო მხატვარი, ჩემთვის ერთდროულად ბევრ მნიშვნელობას მოიცავს - პირველ რიგში, გარკვეული ფასეულობებითა და ღირებულებებით ცხოვრებას. რაც უფრო მეტად ვხედავ წინააღმდეგობას, მით მეტად მიჩნდება სურვილი ორიენტირი იმგვარი ფორმების გამოსახვისაკენ ავიღო, რომლებსაც ჩემს ქვეყანაში ვერ ვხედავ. 


თქვენი სურათები რობოტის მსგავს პერსონაჟებს აერთიანებს, რომელთა გამოსახულებები გეომეტრიულ ფორმებად წარმოდგებიან. საიდან ჩნდება თქვენს შემოქმედებაში მსგავსი სტილისტიკის გამოსახულებები? 


ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნებაში გავაუქმო ეროვნული მოტივები. არ ვცდილობ ვიყო ზედმეტად კონკრეტული და პლაკატური, ან გარკვეული პოლიტიკური შეტყობინებები გავავრცელო. მინდა, რომ მნახველებს აწმყოს, წარსულისა და მომავლის განსაზღვრება განსხვავებულად დავანახო. მსგავსი ფორმებით ვცდილობ, რომ ქართული ხელოვნება დასავლური ხელოვნების თანაზიარი გავხადო. სწორედ ამიტომაც, გეომეტრიული ფორმები, რომლებსაც პრიორიტეტს ზოგადი კონცეფციის გათვალისწინებით ვანიჭებ, ჩემთვის მნიშვნელოვანი ხდება. ძირითადად ცალკეულ ნამუშევრებზე ვმუშაობ და თუ რომელიმე მათგანი ჩემში განსაკუთრებულ ინტერესს გააღვიძებს, მისი შთაგონებით სერიის აგებას ვიწყებ. მუშაობისათვის მთავარი მამოძრავებელი ძალა ენთუზიაზმის გრძნობაა, დაუოკებელი სურვილი, გათენდეს და საბოლოოდ შექმნა ის, რაზეც მთელი ღამის განმავლობაში ფიქრობდი.

 

 

ვინ არიან ამ ნამუშევრებში ასახული პერსონაჟები?

 

ამ პერსონაჟებს კონკრეტული მისია არ გააჩნიათ. ისინი დედამიწას არ სტუმრობენ იმ ამერიკული ფილმების უცხოპლანეტელების მსგავსად, რომლებსაც რაღაც აუცილებლად უნდა ევალებოდეთ. არ ვიცი ვინ არიან ეს პერსონაჟები და სიმართლე გითხრათ, არც მათი მომავალი მაინტერესებს. არ იფიქროთ, რომ ჩემს ნამუშევრებს ნეგატიური კუთხით ვუყურებდე, უბრალოდ, არ ვთვლი, რომ აუცილებელია მათ არსებითი ვინაობა გააჩნდეთ. ამ პერსონაჟების სახით იმას გამოვხატავ, რაც ჩემთვის თანამედროვე ხელოვნებაში ღირებულია. ფორმა, ხაზი, სტრუქტურა, ფაქტურა, ფერი… ეს ყველაფერი ჩემს შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობს, რომლის კვლევასაც, ვფიქრობ, მხატვრობა ისევ უნდა დაუბრუნდეს.

 


სხვა მხატვრების გავლენას ხშირად გრძნობთ?


ყველა იმ მხატვრის გავლენას განვიცდი, რომელთა ნამუშევრებში გეომეტრია წამყვანი ფორმაა. ჩემზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს რუსული კონსტრუქტივიზმი, ასევე მონდრიანის სტილი. ამ მხატვრების ფორმებს არათუ ვბაძავ, არამედ ჩემებური ინტერპრეტაციით ავსახავ. ჩვენთან, საქართველოში, კულტურული თვალსაზრისით,
გარკვეული სტილი და მსოფლმხედველობა სხვა ქვეყნების კულტურიდანაა ჩანერგილი. აქ არც მოდერნიზმი დაბადებულა, არც ავანგარდი და არც თანამედროვე ხელოვნება გაჩენილა. დასავლურმა კულტურამ, რომელიც აქ შემოვიდა, ჩემ მსგავსად, სხვა ქართველ მხატვრებზეც თავისებური გავლენა მოახდინა.

 

 

ბევრ მედიუმში გიმუშავიათ, ერთხელ ისიც ახსენეთ, რომ წერთ და თუკი ადამიანი თქვენს გარკვეულ სურათებს დააკვირდებოდა, ალბათ თქვენს სამწერლობო გამოცდილებასაც ამოიკითხავდა. საერთოდ, სპირიტისტულ დონეზე, როგორ აღიქმება ხელოვანისათვის ნამუშევრებში საკუთარი თავის ძიებისა და დაკვირვების პროცესი?

 

წერა ძალიან მიყვარს და ახლაც ვწერ ხოლმე, ძირითადად ესეებს. სხვათა შორის, რაღაც პერიოდის განმავლობაში ტექსტებს ნამუშევრებში ხშირად ვიყენებდი, რაც ჩემს შემოქმედებას კონცეპტუალურ მხატვრობად აქცევდა. შეიძლება ძალიან ეგოცენტრულად ჟღერდეს რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ არ მაინტერესებს -  რას იფიქრებს მნახველი და რა ემოცია დარჩება ჩემი ნამუშევრების დათვალიერების შემდგომ. ამას გულწრფელად ვამბობ. პროექტზე მუშაობისას ჩემთვის მთავარია ამოვხსნა გარკვეული ამოცანა, დავუსვა კითხვები საკუთარ თავს და გამაჩნდეს კონკრეტული მიზანი. აქ მნახველზე უკვე აღარ ვფიქრობ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ იგი ნამუშევრისაგან რაღაც ენერგიასა თუ შეტყობინებას მაინც მიიღებს.


სკულპტურებზე მუშაობა როდის დაიწყეთ?


სკულპტურაზე მუშაობა ექვსი წლის წინ დავიწყე. ამ შემთხვევაში ჩემს ინტერესს წარმოადგენს არა თავად სკულპტურის მნიშვნელობა, არამედ ჩემს შემოქმედებაში დამატებითი მასალის შემოტანის სურვილი. ამიტომაც ნათელია, ჩემთვის ისიც ხდება მნიშვნელოვანი, რომ ახალი მასალები ქართულ ხელოვნებაში შემოვიტანო. მაგალითად, Crosty-ში მიმდინარე გამოფენის ფარგლებში ძირითადად არა ტრადიციული, არამედ ალტერნატიული მასალები გამოვიყენე.


კონცეპტუალურ მაღაზია Crosty-ში უკრაინის მხარდასაჭერად ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეთ…


ამ გამოფენაზე წინასწარ არ მიმუშავია. კურატორი
კატი არსენიშვილი დამიკავშირდა და გამოფენის გახსნა შემომთავაზა. ამ გამოფენამ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ნამუშევრები გააერთიანა. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა Crosty-ს სივრცული მოწყობა. რადგანაც Crosty მაღაზია და ქართული ბრენდია, ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა დავკვირვებოდი, თუ როგორ გამოჩნდებოდა ჩემი ნამუშევრები არასაგალერეო სივრცეში. გამოფენის გახსნისა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების თარიღი ერთმანეთს დაემთხვა, რამაც, ცხადია, გამოფენის თარიღის შეცვლა გამოიწვია. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ გამოფენა იმ პლატფორმად გადაგვექცია, რითაც უკრაინაში დაზარალებულ ადამიანებს დავეხმარებოდით.


ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ხელოვანისათვის სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვას? 


პოლიტიკურ დისკუსიებში არ ვერთვები ხოლმე, არც აქტივიზმით ვარ დაინტერესებული, მაგრამ სამართლიანობის მხარეზე დგომით ყოველთვის ვეცდები პოლიტიკურ კონფლიქტში აღმოჩენილ ადამიანებს დახმარების ხელი გავუწოდო. 

 


 

სკულპტურებზე მუშაობის მხრივ რომელ პროექტს გამოარჩევდით?

რამდენიმე წლის წინ რუსთავის პარკში სკულპტურები დავდგი. ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში გავიმარჯვე და დაფინანსება მოვიპოვე. ეს სკულპტურები რუსთავის მცხოვრებლებისათვის ძალიან გაუგებარი აღმოჩნდა. მახსოვს, ზოგს ატრაქციონის დანიშნულებისაც კი ეგონა. რატომღაც დღესაც კი ელოდებიან, რომ სკულპტურა პიედესტალზე უნდა იდგეს, ზემოდან გადმოგყურებდეს და ეროვნულ ფასეულობებს ან პატრიოტულ მოტივებს იზიარებდეს. სამწუხაროა, რომ თანამედროვე სკულპტურას ხშირად ცინიკურად უყურებენ და კითხვას სვამენ - ეს არის ხელოვნება? ვფიქრობ, სკოლებში თანამედროვე ხელოვნების საგანი აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს.

სამომავლოდ რას უნდა ველოდოთ თქვენი ნამუშევრებისაგან?


ახლა ერთ პროექტზე ვმუშაობ და სამომავლოდ გამოფენის გახსნას ვგეგმავ. ასევე მინდა, რომ თბილისის საჯარო სივრცეში ჩემი სკულპტურები განვათავსო. ვაპირებ მცირე ზომის მოდელები გამოვაქანდაკო და მათ განსათავსებლად შესაბამის ინსტიტუციას მივმართო. ერთდროულად ბევრი იდეა მებადება, რომელთა განხორციელება დროს მოითხოვს.

 

ფოტო: სოსო გამგებელი, სანდრო სულაბერიძე

ავტორი: ანა გაბისიანი