სალვადორ დალი - ყველაზე ცნობილი სიურრეალისტი მხატვარი მისი ექსცენტრიკული ხასიათით, "დამდნარი საათითა" და სიზმრისეული სურათებითაა ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ არტისტი ტაროს კარტების დიზაინის ავტორიცაა. ტაროს სერია დალის ჯეიმს ბონდის ფილმისთვის - Live and Let Die-სთვის შეუკვეთეს, თუმცა კარტები ფილმში არასდროს გამოჩენილა.
პროდიუსერის - ალბერტო ბროკოლის შეთავაზებას სალვადორ დალი დიდი ენთუზიაზმით დათანხმდა, თუმცა მაღალი ჰონორარის სანაცვლოდ, ფილმისთვის საბოლოოდ ნაკლებად ცნობილი მხატვრის - ფერგუს ჰოლის ნამუშევარი გამოიყენეს. ამის მიუხედავად, დალიმ ტაროზე მუშაობა გააგრძელა და ათი წლის შემდეგ, 1984 წელს დაასრულა. სერია შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა და სწრაფად გაიყიდა. 2019 წელს Taschen-მა დალის 78 უნიკალური დიზაინის ნამუშევარს საკუთარ გამოცემაში მოუყარა თავი.
თითოეული კარტი კლასიკური ტაროს საფუძველზეა შექმნილი და სამყაროს ცნობიერების საიდუმლოებების შესახებ მხატვრის საკუთარ ხედვას გვიჩვენებს. ტაროს შექმნის პროცესში ხელოვანმა კლასიკური ზოდიაქოს სიმბოლიკა დაარღვია - სამყარო კუროს ზოდიაქოდ წარმოადგინა. ალბათ იმიტომ, რომ თავად სალვადორ დალი კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული. დალი თაყვანს სცემდა სიყვარულს და მას ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ ელემენტად თვლიდა. ამ თემაზე შექმნილი ყველა ნახატი ხელოვანმა წითელ ფონზე გამოსახა. სხვა ბარათებზე ფონი ძირითადად ნაცრისფერი ან ღია ლურჯია, განსხვავებულია "ხმლების სამიანის" ტარო, რომლის ფონისთვის დალიმ სისხლისფერი წითელი აირჩია. ეს ტარო მწუხარების, ტკივილის, ღალატისა და განადგურებული სიყვარულის სიმბოლოა. ტაროს სერია აჩვენებს ხელოვანის ცოდნას "არკანებისა" და მის საფირმო მოტივებზე - იყენებს სახეებს სხეულის გარეშე, ჭიანჭველებს, ვარდებსა და პეპლებს. მთვარეზე ქალის სახეა გამოსახული, რომელიც თანამედროვე მეტროპოლისს გადაჰყურებს, სიკვდილის სიმბოლო კვიპაროსის გვირგვინიანი თავის ქალის სახითაა წარმოდგენილი, "თასების დედოფალს" კი მხატვარმა სახეზე ულვაშები დაუმატა. სერიაში თვითონ დალი და მისი ცოლი - გალაც გვხვდებიან. საკუთარი თავი დალიმ "პენტაკლის მეფედ" წარმოაჩინა, თავისი ცოლი კი, რა თქმა უნდა, "იმპერატორ ქალად".
სიურრეალისტური ხელოვნების ეს 78 პატარა ნიმუში კლასიკური ევროპული შედევრების ფრაგმენტებს, რომაულ ციფრებსა და სხვა ოკულტურ სიმბოლიკას აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი შორს იყო ოკულტიზმისგან, ტაროს კარტების თითოეული სიმბოლო ხელოვანის მიერ კარგადაა გააზრებული და ნამუშევრებში დალის ხელწერას აუცილებლად ამოიცნობთ.
ფოტო: Taschen, Cartamundi/Turnhout Belgium
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი