Მარსელიდან კალანას სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე, იდილიურ საიდუმლო ადგილას, ფუტურისტულ გარემოში აღმოჩნდებით. 1960-70-იან წლებში, სანამ ე.წ. ასაწყობი სახლები არქიტექტურულ კატეგორიად ჩამოყალიბდებოდა, კომპაქტურ სახლებს არქიტექტორების მთელი თაობა აშენებდა. La Friche de l’Escalette - ასე ჰქვია ადგილს, სადაც ადრე მარსელში ტყვიის ქარხანა მდებარეობდა. დღეს კი ეს ტერიტორია არქიტექტურულ პარკად გადაკეთდა, სადაც 70-იანი წლების Sci Fi სტილის კომპაქტური შენობების საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი.
რამდენიმე უნიკალური შენობა გამოფენა - Utopie Plastic-სთვის განახლდა, მათ შორისაა სამი ორიგინალური დიზაინის მქონე სახლი - Hexacube, La Bulle Six Coques და Futuro House, რომლებიც სხვადასხვა არქიტექტორების მიერ 1960-70-იან წლებშია დაპროექტებული.
ჯორჯ კანდილისისა და ანა ბლომშდეტის მიერ 1972 წელს დაპროექტებული Hexacube ზღვისპირა კოსმოსური უჯრედის სახელწოდებითაა ცნობილი. თითოეული "ჰექსაკუბი" სივრცეში დამოუკიდებლად განთავსებასთან ერთად, შესაძლებლობას იძლეოდა დიდი საცხოვრებელი სივრცის შესაქმნელად ერთმანეთთან მიბმული კოლონის სახით განეთავსებინა მფლობელს.
მიკროარქიტექტურის კიდევ ერთი მაგალითია ჟან ბენჟამინ მანევალის ყვავილის ფორმის La Bulle Six Coques, რომელიც არქიტექტორმა 1968 წელს შექმნა. მანევალის ეს პროექტი გახდა პიონერი ასაწყობი სტრუქტურის სახლებს შორის, რომლებიც საძირკველს არ საჭიროებენ. არქიტექტორმა ინტერიერისთვის ხისა და ლითონის ავეჯის კოლექციაც დააპროექტა, რაც ორგანულად ერწყმის შენობის ექსტერიერს. Friche de L’Escalette-ში წარმოდგენილი La Bulle Six Coques-ის ორი კაბინიდან ერთი პირვანდელი სახით შემორჩა, მეორე კი გამოფენის ვიზიტორებისთვის სრულად აღდგა.
კიდევ ერთი ნამუშევარი - Futuro House ფინელ არქიტექტორს, მატტი სურონენს ეკუთვნის. 1968 წელს აშენებული ასაწყობი სახლი ილუმინატორის ფანჯრებით კოსმოსურ ხომალდს მოგვაგონებს. Futuro House იყო ომისშემდგომი ფინეთის პროდუქტი, რაც ასახავდა იმ პერიოდის დამოკიდებულებას ტექნოლოგიებისა და კოსმოსის შესწავლის მიმართ. სურონენმა იგი დააპროექტა როგორც სათხილამურო კაბინა, შედეგად კი მივიღეთ კომპაქტური სახლი, რომლის განთავსება ნებისმიერ გარემოში შეიძლებოდა.
ფოტო: Christian Baraja / Friche de l’Escalette, The Socialite Family
მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი