ამერიკელი ვიზუალური არტისტი ჰეილი იჩენბაუმი ამერიკის ცნობილი გზატკეცილის - Route 66-ის განაპირას არსებულ არქიტექტურასა და გარემოს აღბეჭდავს. ფოტოსერიის სათაური გზატკეცილის ალტერნატიული სახელია The Mother Road, რაც ფოტოგრაფისათვის საკუთარი დედასთან ასოცირდება. იჩენბაუმის სერიაში შესული ფოტოსურათების ვიზუალური მახასიათებლები ხშირად ფილმებიდან ნაწყვეტ კადრებსაც მოგვაგონებს. “ვიმედოვნებ, ისეთ მომენტებს აღვბეჭდავ, რომლებიც კლასიკური ფილმების გადასაღებ მოედნებს გვახსენებს”, - ამბობს ფოტოგრაფი Dezeen-თან საუბრისას და იმასაც აღნიშნავს, რომ ამერიკელი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის გავლენას განიცდის.
მიუხედავად იმისა, რომ იჩენბაუმის სერიაში ადამიანების გამოსახულებები სრულიად გამქრალია, მათი არსებობა თითოეულ კადრში იგრძნობა. მოტელების ფასადზე წარმოდგენილი ფერადი ნეონები, შენობების ფერადი კედლები, ცარიელი ავტომობილები და სკამები, ნაგვის ურნა, კვების ობიექტები და სხვა არაერთი ფუნქციური დეტალი ცოცხალი არსებების ახლომახლო ყოფნაში უფრო და უფრო გვარწმუნებს. “მგონია, რომ ჩემი კადრები იქამდეა გადაღებული, სანამ ამბავი კულმინაციას მიაღწევს, ან მას შემდეგ ვიღებ, როცა ამბავი კულმინაციას გაივლის. მომწონს ასეთი დაძაბულობა - აქ პერსონაჟები არ ჩანან, თუმცა განწყობა მაინც ემოციითა და ფერების გამოყენებით იქმნება”, - განმარტავს ფოტოგრაფი.
ფოტო: Dezeen
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი