სინათლე კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არქიტექტურული ეფექტების შესაქმნელად გამოიყენებოდა, დროთა განმავლობაში სინათლის წყაროებისა და ბაუჰაუსის მოძრაობის თანამედროვე ხელოვანების ექსპერიმენტებით განათება ახალ მედიუმად ჩამოყალიბდა, რომელშიც მუშაობა სულ უფრო მეტი ხელოვანისთვის გახდა საინტერესო.

 

ჯეიმს ტურელი

თანამედროვე ამერიკელი არტისტის - ჯეიმს ტურელის ნამუშევრები სინათლის საშუალებით სივრცეში მოგზაურობას ეძღვნება. 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ტურელმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში უამრავი სინათლის ინსტალაცია და არქიტექტურული ობიექტი შექმნა. სინათლით მანიპულაციები არტისტს საშუალებას აძლევს, უჩვეულო ვიზუალური ილუზიები შექმნას და ეს გულდასმით გააზრებული ნამუშევრები მაყურებლისთვის აღქმისა და შეცნობის პროცესს აჩქარებს. სინათლის, როგორც მეამბოხე და წარმავალი სუბსტანციის აღბეჭდვით, ჯეიმს ტურელი ქმნის ნამუშევრებს, რომლებიც არა მხოლოდ უნდა ნახო, არამედ იგრძნო.  

 

ოლაფურ ელიასონი

თანამედროვე დანიელ-ისლანდიელი ვიზუალური არტისტი - ოლაფურ ელიასონი საკუთარ ნამუშევრებში ხელოვნებას, მეცნიერებასა და ბუნებრივ მოვლენებს აერთიანებს, რათა შექმნას სრულიად ახალი გამოცდილება. ხელოვნების ტრადიციულ აღქმებთან ბრძოლით, ოლაფურის ნამუშევრები მაყურებელს აქტიური მონაწილეობისკენ უბიძგებს. ნამუშევრების უმეტესობა ბუნებასა და ბუნებრივ პროცესებს ეფუძნება. ბუნების ელემენტები - წყალი, ტემპერატურა და რა თქმა უნდა, სინათლე ოლაფურისთვის სამუშაო მასალებია. ხელოვნურ გარემოში ბუნებრივი მოვლენების წარმოჩენით, მხატვარი იწვევს მაყურებელს სამყაროს განსხვავებულად აღსაქმელად.  

 

დენიელ კანოგარი

1964 წელს მადრიდში დაბადებული დენიელ კანოგარი ტექნოლოგიების გამოყენებით სინათლის ინსტალაციებს ქმნის. კანოგარმა LED ფილა შეიმუშავა, რაც დაეხმარა არტისტს შეექმნა სხვადასხვა ფორმის ეკრანები. ეს ნამუშევრები მაყურებელს საშუალებას აძლევს განსხვავებული პერსპექტივიდან დაინახოს ხელოვნების ნიმუში. დენიელ კანოგარი ფასადებზე განთავსებული პროექციებითაცაა ცნობილი. შენობებზე ფართო პროექციების განთავსებით ფასადები ფერად მოლივლივე ზედაპირებად იქცევა. 

დენ ფლავინი

XX საუკუნის 60-იან წლებში, მინიმალისტური ხელოვნების სტილის აქტიურობის პიკში, გამოჩნდნენ არტისტები, რომლებისთვისაც სინათლე იდეის გამოხატვის საშუალება გახდა. ერთ-ერთი მათგანი იყო დენ ფლავინი - მსუბუქი სინათლის სკულპტურების შემქმნელი. ანარეკლებით, სიკაშკაშითა და ფერის განსხვავებული სიღრმეებით ფლავინი სივრცეში ახალ რეალობას ქმნიდა. მისი ნამუშევრები საგამოფენო სივრცეებში თითქოს დნებოდა. სამუშაო მასალად ფლავინი ფლუორესცენციულ ნათურებს იყენებდა, რომლებსაც იმ პერიოდში სარეკლამო დანიშნულება ჰქონდა. ბუნებით მინიმალისტ არტისტს ეს მასალა იზიდავა მისი სისადავისა და ხელმისაწვდომობის გამო. ფლავინის ფილოსოფია მარტივი იყო: საკუთარ ნამუშევრებში მარტივი გეომეტრიული ფორმებისა და სამრეწველო ნათურების გამოყენებით, არტისტი ხაზს უსვამდა ობიექტის ესთეტიკურ მხარეს, რაც დაცლილი იყო ყოველგვარი დრამატიზმისგან. 

 

ლორი ჰერსბერგერი 

ლორი ჰერსბერგერი ცხოვრობს და მუშაობს თითქმის ერთდროულად ორ ქალაქში, ციურიხსა და ბერლინში. თავისი კარიერის დასაწყისში ჰერსბერგერი ქმნიდა ვიდეოინსტალაციებს,  მოგვიანებით კი სხვადასხვა მედიუმში დაიწყო მუშაობა. მის გამოფენებს შეიძლება ვუწოდოთ ნათელი და ფერადი შოუები, რადგან არტისტის თითოეული ინსტალაციის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი - ნეონი და სარკეა. ბევრი სინათლე, სარკეები, ექსპრესია და ფერადოვნება - ეს ლორი ჰერსბერგერის სტილია. 

 უორენ ნაიდიკი 

ამერიკელი არტისტი უორენ ნაიდიკი ბერლინსა და ლოს-ანჯელესში მოღვაწე კონცეპტუალური არტისტია. ხელოვანის ძირითადი ინტერესის სფერო ვიდეოარტი და ნეონია, რათა შექმნას კონცეპტუალური ტექსტური ხელოვნება, რომელიც ხელოვნების, მეცნიერებისა და სოციალური სამართლიანობის გადაკვეთას იკვლევს. უორენის ნეონის სკულპტურამ -  Pizzagate Neon, რომელიც 2019 წელს ვენეციის ბიენალეზე იყო გამოფენილი, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა განსხვავებული მედიუმით პოლიტიკური და სოციალური გზავნილის გავრცელების გამო.   

 ტაცუო მიაძიმა

ხელოვნების სამყარო ინოვაციურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იაპონელმა არტისტმა, ტაცუო მიაძიმამ ძველი მასალების განსაკუთრებულად წარმოჩენის ახალი გზა იპოვა სინათლის გამოყენებით. ტაცუოს მსუბუქი სკულპტურები და ციფრების ინსტალაციები სინათლისა და განსხვავებული მასალების უჩვეულო კომბინაციაა. თითოეული კომპოზიციის საფუძველი ე.წ. დიოდური განათებაა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს აქვს სახლში. ტაცუო მიაძიმას ტექნიკით ინსტალაციების შექმნა ნებისმიერ სივრცეშია შესაძლებელი და ეს სკულპტურული ნამუშევრები, დაფუძნებული ვიდეოეფექტებზე, იპყრობს მთელი მსოფლიოს სახელოვნებო სივრცეებს.  

 

რობერტ მონტგომერი

 

 

შოტლანდიელი არტისტი და პოეტი - რობერტ მონტგომერი სინათლისა და ტექსტისგან შექმნილი ინსტალაციებითაა ცნობილი. მონტგომერის ნამუშევრები ხშირად არალეგალურად არის დამონტაჟებული ინდუსტრიულ და ურბანულ ადგილებში. მისი ინსტალაციები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა სიყვარული, ძალა და ადამიანური სიკეთე და არტისტი ამ თემებს ყოველთვის სინათლის საშუალებით გადმოსცემს. ინსტალაციები ხშირად მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც ეხმიანება. რობერტ მონტგომერის ნამუშევრები ერთგვარი სოციალური კომენტარია, რომელიც დახვეწილ პოეტურ ნაწარმოებსა და საინტერესო ვიზუალს აერთიანებს, რათა აღძრას დრამატული გრძნობები ფართო საზოგადოებაში.

 

მიშა კუბალი

 


 

1990 წელს დიუსელდორფის მცხოვრებლები უცნაური მოვლენის მომსწრე გახდნენ. ქალაქის თავზე აღმართული მანესმანის ცათამბჯენი საღამოს გიგანტური სინათლის ინსტალაციად გადაიქცა. შებინდების დადგომასთან ერთად, ცათამბჯენის ფანჯრები ანათებდნენ და გეომეტრიულ ნიმუშებს ქმნიდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა არტისტმა მიშა კუბალმა ხელოვნების ნიმუშად აქცია. დიუსელდორფელი არტისტი შუქით მუშაობს და ხელოვნების ნიმუშებს ძირითადად საჯარო სივრცეში ქმნის. მიმზიდველი და შიშისმომგვრელი ინსტალაციები სინათლის გამოყენებით სოციალურ, პოლიტიკურ და სამეცნიერო საკითხებს ეხმიანება. მიშა კუბალის ნამუშევრები უაღრესად სიმბოლური, დამაფიქრებელი და ემოციურია. 

 

ენტონი მაკკოლი

 


 

ბრიტანელი არტისტი ენტონი მაკკოლი თავისი "მყარი სინათლის" ინსტალაციებითაა ცნობილი. ნამუშევრების სერიები, რომელთა შექმნაც ხელოვანმა 1973 წელს დაიწყო და სწორედ მათი საშუალებით მოიპოვა პოპულარობა, ძირითადად სინათლის კონუსებს წარმოადგენს, რომლებიც სამგანზომილებიან სივრცეში ნელა იშლებიან და მოძრაობენ. ინსტალაციები ხაზოვან ნახატს ეფუძნება, რომელიც სინათლის პროექციას აყალიბებს და ქმნის სკულპტურას სინათლის სხივის გამოყენებით. საბოლოოდ, ვიღებთ ელიფსებს, ტალღებსა და სიბრტყეებს. ენტონი მაკკოლის ნამუშევრებს აღწერენ როგორც სკულპტურისა და კინემატოგრაფიის ნაზავს. არტისტის ყოველი ნამუშევრის ნაწილი მაყურებლებიც არიან, რომლებსაც სხეულის საშუალებით სინათლის დაბლოკვა შეუძლიათ. 

 

ფოტო: Maxestrella, Bitforms Gallery, Minnesota Street Project, Stephen Flavin/Artists Rights, Hans-Georg Gaul, Casado Santapau, Ludger Paffrath, Karolina Sobel, Gallery Baton, Lisson Gallery, Tate Photography, Alcuin Stevenson, Tony Prikryl, Public Delivery, Jewish Museum Berlin, Studio Mischa Kuball, James Turrell, Damian Griffiths, Moritz Bernoully, Art Geneve,  Dan Bradica

ავტორი: მარიამ ქორიძე