კულტურის სხვადასხვა სფეროებს შორის საზღვრები თანდათან იშლება. დიზაინერები არ წყვეტენ ჩვენს შთაგონებას ტანსაცმლის კოლექციებით, თუმცა ზოგჯერ ატელიეებსა და სტუდიებს ტოვებენ, რათა ავეჯის ბრენდებთან თანამშრომლობით საინტერესო და ორიგინალური ინტერიერის ობიექტები შექმნან. 

 Virgil Abloh x Ikea


2019 წელს ვირჯილ აბლომ Markerade-ს ლიმიტირებული კოლექციის შესაქმნელად Ikea-სთან ითანამშრომლა. Louis Vuitton-ის მამაკაცის ტანსაცმლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა და Off-White-ის დამფუძნებელმა ამ კოლექციით კარგად ნაცნობი ინტერიერის ობიექტები გამორჩეული ხასიათით დატვირთა. შეზღუდული რაოდენობის კოლექცია მინიმალისტურ ნივთებს აერთიანებს, რომლებსაც ვირჯილის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ელემენტები ავსებს. ვირჯილის თქმით, კოლექცია განკუთვნილია მილენიალებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ მშობლებისგან დამოუკიდებელ ცხოვრებას. მას აინტერესებდა, როგორ აკეთებენ პირველ არჩევანს ისინი, ვისაც არასდროს უყიდია ავეჯი და ინტერიერის ნივთები.

 

Ann Demeulemeester x Serax


2019 წელს ბელგიელი მოდის დიზაინერი ენ დემულემესტერი შეუერთდა ბელგიური ავეჯისა და ჭურჭლის ბრენდს - Serax-ს და ფაიფურის ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის კოლექცია გამოუშვა. თითოეული ნივთი შავი ან წითელი საღებავითაა მორთული, რაც ქმნის "ქიაროსკუროს" ეფექტს თეფშებზე. თხელი ფირფიტების კიდეებს ამშვენებს გრადაცია, რომელიც რამდენიმე ფენადაა შესრულებული, რათა კერამიკაზე ხაზების მრავალფეროვნება შეიქმნას. ამ ოსტატობის წყალობით თითოეული ნამუშევარი უნიკალურია.  

 

Moschino x Altreforme

 


 

2012 წელს Moschino და იტალიური დიზაინი სახლი - Altreforme ავეჯის კოლექციის შესაქმნელად გაერთიანდა. ამ ორი ბრენდის თანამშრომლობით შეიქმნა ერთგვარი სინერგია დიზაინსა და მოდას შორის და შედეგად მივიღეთ ორიგინალური და დახვეწილი ავეჯი. იტალიაში დამზადებული ხარისხიანი მასალებისა და პროცესის კომბინაციამ ფუნქციური დანიშნულების მიმზიდველი კოლექცია შექმნა. კოლექცია შთაგონებულია არლეკინით, პერსონაჟით, რომელიც იტალიური შემოქმედების სიმბოლოა და

არაერთხელ შეგვხვდა Moschino-ს ტანსაცმლის კოლექციებში.

 Jean-Paul Gaultier x Roche Bobois

2010 წელს ჟან პოლ გოტიემ ავეჯის დიზაინის სახლთან - Roche Bobois-სთან ერთად რბილი ავეჯისა და აქსესუარების კოლექციაზე იმუშავა. კოლექციაში გოტიეს ხელწერას მარტივად ამოიცნობთ - პოეტური და დახვეწილი ნიმუშები, მასალებისა და ფერების მრავალფეროვნება. კოლექციაში ერთ-ერთი გამორჩეული ნივთია დივანი დიზაინერის ხელწერად ქცეული პატერნებით - საზღვაო ზოლები, მაქმანები და ტატუაჟი, რაც მრავალჯერ შეგვხვდა ჟან პოლ გოტიეს ტანსაცმლის კოლექციებში. 

 

 Prada x Verpan

 

ცნობილი დანიელი დიზაინერის, ვერნერ პანტონის მიერ შექმნილი 1960-იანი წლების საკულტო სკამები Verpan-მა ექსკლუზიურად Prada-ს 2019 წლის  გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებისთვის გააცოცხლა. გასაბერი მასალისგან შექმნილი სკამი თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც "ჰაერში მოლივლივე". 2019 წლის გამჭვირვალე მოდელის ერთადერთი დამატებითი დეტალი წარწერაა - VERPAN PRADA. 1960-იანი წლების დასაწყისში ვერნერ პანტონის მიერ შექმნილი სკამი იყო პირველი ავეჯი, რომელიც გასაბერი მასალისგანაა დამზადებული. 

 Louis Vuitton x Campara Brothers

 

2012 წელს შექმნილი Louis Vuitton Objets Nomades ხაზი აგრძელებს კოლაბორაციებს ავეჯის ბრენდებსა და მოდის სამყაროს შორის. Louis Vuitton Objets Nomades არის თანამედროვე ხედვით შექმნილი მოგზაურობით შთაგონებული ობიექტები. 2021 წელს Campana Brothers-მა Louis Vuitton-ისთვის უნიკალურ ავეჯზე იმუშავა. სავარძელი - Merengue pouffe, რომელიც ტროპიკულ ყვავილს მოგაგონებთ, რბილი Louis Vuitton-ის ტყავითა და მატყლითაა შექმნილი.

 

Hermès x Bijoy Jain

 

 

Hermès-ის სახლის კოლექცია, რომელზეც ბიჟოი ჯეინმა ტრადიციული ტექნიკის გამოყენებით იმუშავა, ტრადიციული მასალების მრავალფეროვნებით ხასიათდება. Hermès-ის სავარძლისა და მაგიდის კოლექცია Milan Furniture Fair-ზე იყო წარმოდგენილი. კოლექცია 1920-იან წლებში Hermès-სთვის ჟან მიშელ ფრანკის მიერ შექმნილი ინტერიერის ობიექტებს მოგვაგონებს, თუმცა უნიკალური მასალებისა და დამზადების ტექნოლოგიის საშუალებით საბოლოოდ, რადიკალურად განსხვავებული ფორმები მივიღეთ. ავეჯში ჭარბობს ხის მასალა და მიკრობოჭკო, რომელსაც იტალიაში მე-16 საუკუნიდან აქტიურად იყენებენ ავეჯის დამზადებისას. 

 

COMME des GARÇONS x Artek

 

COMME des GARÇONS-ის კოლექციები ცნობილია სადა პალიტრითა და ავანგარდული დიზაინით. იაპონურმა ბრენდმა Holiday-მ 2021 ავეჯის კოლექციის შესაქმნელად Artek-თან ითანამშრომლა. ეს არ არის ბრენდის დამფუძნებლის - რეი კავაკუბოს პირველი შეხება ავეჯთან. 1980-იან წლებში რეი თავად ქმნიდა ავეჯს საკუთარი ბრენდისთვის. Artek-თან ერთად ამ კოლექციისთვის COMME des GARÇONS-მა ნიმუშად აიღო ალვარ აალტოს საკულტო სკამები, როგორიცაა - Stool 60, Chair 66 და Stool E60.

 Maison Martin Margiela x Cerruti Baleri

 

2010 წელს ავეჯის იტალიელმა ექსპერტმა - Cerruti Baleri-მ Maison Martin Margiela-სთვის შექმნილი ინტერიერის დიზაინის ორ პროდუქტი წარმოადგინა. ბრენდების თანამშრომლობით შექმნა ავეჯის კომპლექტი -  სიურრეალისტური დივანი - Groupe, რომელიც სამი სკამისა და სავარძლისგან - Emmanuelle

შედგება. თითოეული თეთრი ბამბის ქსოვილითაა დაფარული. კოლექცია იდეალურად ასახავს Maison Martin Margiela-ს ბრენდის ესთეტიკას. 

 ფოტო: Dezeen, Frame, Artemest, ArchiProducts, Roche Bobois, Domus, Verpan, Zoe Magazine, Louis Vuitton, Architectural Digest, Lifestyle Asia, Comme des Garcons, La Maison Champs Elysees, Dazed

ავტორი: მარიამ ქორიძე