16 აპრილს თიბისი კონცეპტის სივრცეში სახელოვნებო აუქციონი გაიმართება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანების ნამუშევრები გაიყიდება. ღონისძიების ორგანიზატორები MAUDI-ს საგამოფენო სივრცის გუნდის წევრები არიან, რომელთა თანამშრომლობით სახელოვნებო აუქციონი პირველად მოეწყობა. ინტერვიუში ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი ლიზა ჟვანია აუქციონის მიზნებისა და სპეციფიკის შესახებ გვესაუბრება.
ნიკა კოპლატაძე - უსათაურო
რამ განაპირობა სახელოვნებო აუქციონის გამართვის სურვილი?
ეს იდეა 3-4 თვის წინ დაგვებადა. აუქციონს MAUDI BOOSTER ჰქვია, რომლის მთავარი მიზანი, ერთი მხრივ, მაუდის სივრცის ფინანსური მხარდაჭერაა, რათა გაზაფხულის სეზონიდან უფრო მაღალი ხარისხის გამოფენების გახსნა უზრუნველვყოთ; მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია წავახალისოთ როგორც ახლად აღმოჩენილი, ისე ის ხელოვანები, რომლებთანაც უკვე წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ. MAUDI-ს სივრცე უკვე სამი წელია არსებობს და ამ დროის განმავლობაში არაკომერციული მიზნებით არაერთ მხატვართან, მუსიკოსთან თუ რეჟისორთან გვითანამშრომლია. გვსურს, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ იმას, რაც ახლა იქმნება. იმ გალერეებისაგან განსხვავებით, რომლებიც კომერციული მიმართულებით მუშაობენ და ხელოვანებს უშუალოდ მათი ნამუშევრების გაყიდვით ახალისებენ, ჩვენი სივრცე უფრო მეტად იმ ფორმალური მრავალფეროვნების წარმოჩენის მიზნით ფუნქციონირებს, რაც სახელოვნებო ენას განვითარებისთვის სჭირდება. ჩვენი სივრცე საკმაოდ დიდია და გამოფენების ფორმატიც მეტწილად საგამოფენო სივრციდან გამომდინარე იგეგმება.
თამარ ნადირაძე - ზღვასავით მთები
სად ჩატარდება აუქციონი და რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება?
ექსპოზიციას უშუალოდ აუქციონის დაწყებამდე, 11 აპრილს გავხსნით და 16 აპრილისათვის აუქციონზე გასატანი ნამუშევრების დიდ ნაწილს ვაჩვენებთ. ჩვენი მხარდამჭერი თიბისი კონცეპტია, რომელიც გვითმობს სივრცეს როგორც გამოფენისთვის, ასევე აუქციონის ჩასატარებლად. იქამდე, რამდენიმე დღით ადრე, ჩავატარებთ ტურებს, რათა დაინტერესებულმა პირებმა ხელოვანებისა და მათი ნამუშევრების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ და აუქციონის შესახებ გარკვეული წარმოდგენა შეიქმნან. ექსპოზიცია წარმოდგენილი იქნება თიბისის კონცეპტის სივრცეში, რომელიც ქალაქის ცენტრში, მარჯანიშვილის 7-ში მდებარეობს და შენობის დიდი ფანჯრების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ნამუშევრები ქუჩაში გამვლელებსაც დააინტერესებთ.
შოთიკო აფციაური - An entire night at random
შეტყობინება, რომელსაც სახელოვნებო აუქციონი ავრცელებს…
პროფესიონალი ხელოვანისათვის საქართველოში ცხოვრება რისკებთანაა დაკავშირებული. სახელოვნებო ბაზარიც ძალიან მწირია, თუმცა ბოლო წლებია სახელოვნებო ბაზრის გაფართოების ნიშნები მკვეთრად შეინიშნება. ეს თანამედროვე ხელოვნების გალერეების გახსნით, ამასთან არტისტების საერთაშორისო სახელოვნებო ბაზრობებში მონაწილეობის შესაძლებლობებითაა განპირობებული. აქ ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოში თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული მყიდველების რიცხვიც იზრდება. რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ნამუშევრების გამოფენისა და გაყიდვის შემთხვევები ცალკეული გალერეების გარშემო ფრაგმენტულ სახეს იძენს, ამ აუქციონით სახელოვნებო ბაზრის ერთიან სივრცეში ჩვენებას ვისახავთ მიზნად.
ვაჟიკო ჩაჩხიანი - უსათაურო
დაახლოებით რამდენ ხელოვანსა და ნამუშევარს მოიცავს აუქციონი?
გამოფენაზე შეხვდებით დაახლოებით 45 ხელოვანის ნამუშევრებს. აუქციონზე უფროსი თაობის ხელოვანებთან ერთად ის დამწყები არტისტებიც მონაწილეობენ, რომლებსაც, ჩვენი აზრით, ძალიან დიდი მომავალი აქვთ და ხელშეწყობა სჭირდებათ.
მაია ნავერიანი სერიიდან After Honore Daumier, Emigration
გამოფენა არა მხოლოდ ცალკეული ხელოვანების ნამუშევრებს, არამედ სხვადასხვა გალერეებსაც წარადგენს…
აუქციონის ფარგლებში თითქმის ყველა იმ გალერეასთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურებიან. მათგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ როგორც აუქციონის ორგანიზების, ასევე ჩვენი სივრცის განვითარების მხრივაც.
სალომე ჯოხაძე - თან გატარებ
აუქციონი საქველმოქმედო მიზნითაც იმართება?
თავდაპირველად გამოფენა-გაყიდვას საქველმოქმედო ხასიათი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის უმთავრესია წარმოვადგინოთ მაღალი ხარისხის ნამუშევრები, რათა მყიდველიც და ხელოვანიც კმაყოფილი დარჩეს, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გამოვიყენოთ და კონკრეტულ ფონდებში გადავრიცხოთ.
თეა გვეტაძე - უსათაურო
იბეჭდება კატალოგიც…
კატალოგი ყველა იმ ნამუშევარს მოუყრის თავს, რომელსაც აუქციონის ფარგლებში გამოვფენთ. მისი გამოცემის მთავარი მიზანია მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია ნამუშევრების შესახებ და პოტენციური მყიდველები დავაინტერესოთ. კატალოგის დიზაინის ავტორი ხელოვანი ქეუ მეფარიშვილია.
შოთიკო აფციაური - 3 Flows
რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც ამ ინტერვიუს კითხვისას აუქციონში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდათ?
მინდა, რომ ექსპოზიციაზე ძალიან ბევრი ადამიანი გვესტუმროს, მიუხედავად იმისა, შეიძენენ თუ არა ისინი ნამუშევრებს. ვფიქრობ, მათ ძალიან საინტერესო სელექციას ვთავაზობთ. აუქციონში მონაწილეობის მსურველებს ვეტყოდი, რომ კატალოგის გავრცელება უკვე დავიწყეთ, რომელშიც ჩვენს საკონტაქტო ინფორმაციასაც ამოიკითხავენ და რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში აუცილებლად დროულად დაგვიკავშირდნენ.
ფოტო: სერა ძნელაძე
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი