ქართული ანიმაცია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მაყურებლებს დასამახსოვრებელ სიუჟეტებს სთავაზობს, რომელთა გარკვეული ნაწილი ეროვნული მოტივების გავლენით, ლიტერატურული ნაწარმოებების, მოარული ლეგენდების, ფოლკლორისა თუ ქორეოგრაფიული ელემენტების გამოყენებითაა შექმნილი. ძველი ქართული ანიმაციური ფილმების შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ბუნება სხვადასხვა ასაკის მაყურებლის დაინტერესებას დღესაც კი იწვევს და რაც დროს გადის მნახველების ნოსტალგიურ მოგონებებსაც უფრო და უფრო აღვივებს. “სოფლის მაშენებლები”, “სიზმარა”, “ლომი და კატა”, “ბატი ტასიკო”... - იმ ანიმაციური ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც სხვადასხვა თაობის ბავშვის თავისუფალი დრო სასიამოვნო გამოცდილებად აქცია.
ქართული ანიმაციის საწყის ეტაპზე საუბარი საბჭოთა მასშტაბით ერთ-ერთი პირველი ქართული მულტიპლიკაციის ფუძემდებლის - ვლადიმერ მუჯირის ხსენების გარეშე სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მუჯირი თავდაპირველად ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, მოძრავი გამოსახულებისადმი გაჩენილმა ინტერესმა მას განათლების გაგრძელება სამხატვრო აკადემიაში გადააწყვეტინა. “მწერ კინოზე. შენი აზრით, მთელი დღე კინოს უნდა მოანდომო? - წერს ვლადიმერს განაწყენებული მამა, - შენი საქმის ფუძედ ხელოვნება არ უნდა გაიხადო… ღრმად ვარ დარწმუნებული, ეკონომიკურ ფაკულტეტს ცოდნით დაამთავრებ… მცოდნე კაცს კი, მუდამ ექნება სამუშაო ასპარეზი!” - და ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა მუჯირის მამას წერილის გაგზავნისას წარმოედგინა, რომ სამხატვრო აკადემიის დასრულებიდან ორიოდე წლის შემდეგ საკუთარი შვილი პირველი ქართული ხმოვანი მულტიპლიკაციური ფილმის - “არგონავტების” შემქმნელი გახდებოდა.
“არგონავტების” პრემიერა თბილისის კინოთეატრებში - “ოქტომბერში”, “როზა ლუქსემბურგსა” და “26 კომისარში” 1935 წლის 7 ნოემბერს გაიმართა, რომლის სცენარის ავტორი და მთავარი მხატვარი ლადო გუდიაშვილი, ოპერატორი ლუბა კვალიაშვილი, ხოლო კომპოზიტორი შალვა აზმაიფარაშვილი იყვნენ. ფილმი ეკოლოგიურ პრობლემას მიეძღვნა, რაც კოლხეთის ჭაობების ამოშრობასა და ციტრუსების ბაღის გაშენების პრობლემას ეხებოდა. ფრანგმა კინოკრიტიკოსმა - პიერ ვორმსიმ თავის პუბლიკაციაში “არგონავტები” დადებითად შეაფასა და ისიც აღნიშნა, რომ ფილმი ტექნიკურად უოლტ დისნეის მულტიპლიკაციასაც კი უტოლდებოდა.
ვლადიმერ მუჯირის რეჟისურით გადაღებულია ცნობილი ანიმაციური ფილმი - “ჩიორა” (1939), რომლის სცენარზე ვლადიმერ გუგუშვილმა იმუშავა. ანიმაციის მიხედვით მელიას ჩიორას ბარტყის ხელში ჩაგდება სწყურია და დედას შემდეგი სიტყვებით მიმართავს: “ჩიტო, ჩიტო, ჩიორა, ერთი ბარტყი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ!” გონებამახვილი ჩიორა კი მელიას თავისი ბარტყის სანაცვლოდ დამალობანას თამაშს შესთავაზებს, ცბიერ მელას თვალებს აახვევინებს და კლდისაკენ გაიტყუებს. ანიმაციურმა ფილმმა “ჩიორა” არა მხოლოდ საბჭოთა ქვეყნები აალაპარაკა, არამედ სახელი გაითქვა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც კინოხელოვნების ინსტიტუტის ჯილდოც დაიმსახურა. ვლადიმერ მუჯირის რეჟისურით ასევე გამოსულია ანიმაციური ფილმები - “სამი მეგობარი” (1943), “ოქროს ბიბილო” (1947), “გაზაფხულის სტუმრები” (1948) და სხვ. როგორც ცნობილია, მას ფილმის გადაღება ვაჟა ფშაველას ნაწარმოების - “ჩხიკვთა ქორწილის” მიხედვითაც სურდა და გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრეც კი საკუთარ დედას - სარა სპარსიაშვილს თავისი აუხდენელი მიზნის შესახებ სასიკვდილო სარეცლიდან ესაუბრებოდა.
ვლადიმერ მუჯირის უკანასკნელი სურვილი - “ჩხიკვთა ქორწილის” გადაღება მსახიობმა და რეჟისორმა არკადი ხინთიბიძემ 1957 წელს აასრულა. “ეს ამბავი დიდს, დაბურულ ტყეში მოხდა…” ანიმაცია ამ სიტყვებით იწყება და პირველივე სცენიდან მაყურებლებს დაძაბულ ორომტრიალში რთავს - დედა ჩიტები ბარტყებს საგულდაგულოდ მალავენ, ხოლო მთავარი პერსონაჟი, ჰეროიკული ბუნებით დაჯილდოებული ჩხიკვი ზაქარა მტაცებელი ყვავის განდევნას ითავებს. ანიმაცია სიყვარულისა და სიკეთის, ამასთან ბოროტების წადილისა და სამართლის ძიების მოტივებს ავითარებს. ჩხიკვ ზაქარას, რომელსაც თავისი სატრფომდე მისასვლელ გზას ნიავს მიცემული ბუმბული მიასწავლის, ტყის ფრინველების სახელითა და სამართლის დამკვიდრების მისიით ანიმაციურ ფილმში არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს. ნამუშევარს მუსიკალური მხარეც გამოარჩევს, რომელზეც კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა იმუშავა.
არკადი ხინთიბიძის მორიგი მნიშვნელოვანი ანიმაციური ფილმი “მტრობის” (1959) სახელითაა ცნობილი, რომლის სიუჟეტი უილიამ შექსპირის ტრაგედიას, “რომეო და ჯულიტას” ეფუძნება. “მტრობა” ორი გავლენიანი საგვარეულოს - “ქორიძეებისა” და “შევარდნაძეების” დაპირისპირებაზე მოგვითხრობს, რომელთა წევრებს - ბადრისა და მზიას წლების შემდეგ ერთმანეთი შეუყვარდებათ. მიუხედავად ოჯახებს შორის გაჩაღებული ომისა, ანიმაციაში სიყვარული იმარჯვებს, რასაც უკანასკნელ სცენაში გაჟღერებული სიტყვები - “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია” ცხადად ამტკიცებს. “მტრობის” ერთ-ერთი გამხმოვანებელი სესილია თაყაიშვილია.
თუ ანიმაციური ფილმი - “წუნა და წრუწუნა” (1960) მაყურებელს ერთხელ მაინც უნახავს, ძნელად თუ დაავიწყდებოდა მდინარის პირას გამართული სცენა, სადაც წუნა და წრუწუნა ერთმანეთს მუსიკალურად ეშაირებიან - წრუწუნა წუნას საკუთარ გრძნობებს დაუფარავად უმჟღავნებს, ამაყი წუნა კი სიტყვებით - “მე რა გიყო, რა ვიღონო, აბა რა ჩემი ბრალია” - გამიჯნურებულ წრუწუნას კეკლუცით აღსავსე მზერით ეპასუხება. ანიმაციის სიუჟეტი ავქსენტი ცაგარელის ნაწარმოებების მიხედვით შეიქმნა, რომლის რეჟისორიც არკადი ხინთიბიძეა.
1960-იან წლებში შექმნილი ფერადი თოჯინური ანიმაციებიდან მაყურებლების განსაკუთრებულ სიყვარულს შალვა გედევანიშვილის რეჟისურით გადაღებული ფილმი “სიკო და ნიკო” იმსახურებს. ფერადი თოჯინური ანიმაციებიდან გამორჩეულია ნელი ოქროპირიძის “დამაკვირდი” (1964), “სიყვარულო, ძალსა შენსა…” (1965), ასევე “კომბლე” (1979), რომლის რეჟისორი და მთავარი მხატვარი გივი კასრაძეა.
“ო, მოდა, მოდა…” (1968) ვახტანგ ბახტაძის რეჟისურით შექმნილი ანიმაციაა, რომლის სიუჟეტი რამდენიმე მინიატურისაგან შედგება და სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილთან ერთად სხვადასხვა ეპოქას აერთიანებს. ანიმაციის ცალკეული ნაწილების სათაურებია “მოდების პირველი მსხვერპლი”, “მოდა და ძალაუფლება”, “კინო და მოდა” და “ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი”. ფილმი მოიცავს როგორც უძველეს ხანას, ისე შუა საუკუნეებსა და 1960-იანი წლების თანამედროვე ეპოქას, სადაც მაგალითისათვის, მეფე ლუდოვიკოს მეფობის ხანის შემდეგ მაყურებელი მომენტალურად ინაცვლებს ძველი თბილისის რეალობაში და მისი ცხოვრების სტილს ეზიარება. “ო, მოდა, მოდა…” მოდის ტენდენციებს ბრმად აყოლილებს აშარჟებს, რაზეც პირდაპირ მეტყველებს სცენა, სადაც ვიწრო კორსეტის მორგების სურვილით დაბრმავებული ქალი მოდის ფიზიკურ მსხვერპლად იქცევა.
ანიმაციამ არაერთ ფესტივალზე გაითქვა სახელი, მათ შორის უკრაინაში - დაიმსახურა II პრემია საუკეთესო მულტიპლიკაციური კომედიური ფილმისათვის და ბელორუსიაში, სადაც საუკეთესო მულტიპლიკაციური ფილმისათვის პრიზი და პრემია მიიღო. ერთი წლის შემდეგ ბახტაძე ანიმაციას მოდაზე კიდევ ერთხელ იღებს, სათაურით - “ისევ მოდაზე”, რომელიც კვლავ მსუბუქი იუმორით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ 1970 წელს ანიმაციური ფილმები - “ო, მოდა, მოდა” და “ისევ მოდაზე” ვერსალის ერთ-ერთ დარბაზში, საბჭოთა მოდების შოუს დროსაც აჩვენეს.
ვახტანგ ბახტაძის ანიმაციები “ხელმარჯვე ოსტატების” სერიითაც დასამახსოვრებელია, სადაც გასულიერებული სამუშაო იარაღები მაყურებლებს საინტერესო და სახასიათო პერსონაჟებად ევლინებიან. 1960-იანი წლებიდან 1980-იანი წლების დასაწყისამდე გამოსულია სერიის შემდეგი ფილმები - “ხელმარჯვე ოსტატი-სპორტსმენი”, “ხელმარჯვე ოსტატი კოსმოსში”, “ხელმარჯვე ოსტატი წყალქვეშ”, “ხელმარჯვე ოსტატი გამოფენაზე” და “ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი”.
რეჟისორ გოგი კასრაძის 1986 წელს გამოსული ანიმაციური ფილმი “მე წვიმად მოვალ” გოგონასა და თოვლის გუნდას მეგობრობაზე, მათ შორის გამქრალ კავშირსა და გარდაქმნილ ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ანიმაციის ემოციურ ფონს სიუჟეტთან ერთად მუსიკალური მხარეც ამძაფრებს, რომელზეც კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ იმუშავა.
მე-20 საუკუნის ქართული ანიმაციის ერთ-ერთი შთამბეჭდავი და ფართოდ გავრცელებული ნიმუშია რეჟისორ დავით თაყაიშვილის “ჭირი”, რომელმაც 1984 წელს კანის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო “ოქროს პალმის რტო” საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოიპოვა. “ჭირის” სიუჟეტის მიხედვით ერთ დღეს ქალაქში უცნაური არსება გამოჩნდება, რომელიც ირგვლივ ყველაფერს აუფერულებს.
აღსანიშნავია, რომ ქართული ანიმაცია კანის კინოფესტივალზე მონაწილეობას 2022 წელსაც მიიღებს. ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის - მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი “მიტოვებული სოფელი” კანის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე წარსდგება.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი