24 აპრილის ჩათვლით “შირლი შერვუდის ბოტანიკის ხელოვნების გალერეა” ბრიტანელი ხელოვანის - ზადოკ ბენ-დევიდის სოლო გამოფენას - Natural Reserve-ს მასპინძლობს. გალერეა ლონდონში, ბოტანიკურ ბაღ Kew Gardens-ში მდებარეობს, რომელიც მრავალფეროვან ბოტანიკურ და მიკოლოგიურ კოლექციებს ინახავს. ბენ-დევიდის გამოფენა რამდენიმე თემატურ სივრცედაა წარმოდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთში დამთვალიერებელი ხელოვანის სივრცით-სპეციფიკურ ინსტალაციას და ამასთან გამოფენის მთავარ ნაწილს - Blackfield-ს იხილავს.
ინსტალაცია უჟანგავი ფოლადით დამზადებულ დაახლოებით 17 000-მდე მინიატურულ ყვავილს აერთიანებს, რომელთა ფორმები ბენ-დევიდმა მე-19 საუკუნის ვიქტორიანული ენციკლოპედიების მიხედვით შექმნა. ინსტალაციის კონცეფციის აღქმა დამკვირვებლის სივრცეში მოძრაობასა და ყვავილების სხვადასხვა პერსპექტივით დანახვას მოითხოვს. საგამოფენო სივრცეში აღმოჩენილი დამთვალიერებელი ნამუშევარს მისი “შავი ნაწილიდან” ეცნობა და ინსტალაციის ირგვლივ სიარულის კვალდაკვალ ფერად ფლორაში მომენტალურად ინაცვლებს. “ყვავილი ჩემთვის ემოციების, ცხოვრების, ასევე იმ სურათის აღმნიშვნელი მეტაფორაა, რომელსაც მწუხარებისა და ბედნიერების მომენტში გავცემთ”, - ამბობს ხელოვანი ერთ-ერთ ინტერვიუში და თან იმასაც განმარტავს, რომ ნამუშევარი ორ კონტრასტულ კონცეფციას მოიცავს - იგი შესაძლოა მოგვაგონებდეს მდელოს, რომელმაც ომი გამოიარა, ან მდელოს, რომელზეც ხანძარი მოხდა, ამავდროულად კი იგივე ნამუშევრის განსხვავებულმა მხარემ იმედისა და ოპტიმიზმის სურათი ასახოს. ნამუშევარმა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმში იმოგზაურა, მათ შორის - ბეიჯინში, სეულსა და კალიფორნიაში.
“Blackfield ნატურმორტის ორგანზომილებიანი მხატვრობიდან სამგანზომილებიან პეიზაჟად გარდაიქმნება, რომელიც მერყეობს სიცოცხლისა და სიკვდილის, სამოთხისა და კატაკლიზმის იდეებს შორის”, - წერს ხელოვანი რონი ფელდმანი ნამუშევარზე.
ფოტო: Designboom, kew, T.Chapotot
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი