1-ელი აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით გალერეა Artbeat თამარ ბოჭორიშვილის პერსონალურ გამოფენას, სახელწოდებით - “ხორცისმჭამელი ტირის” მასპინძლობს. ექსპოზიცია ხელოვანის 2021-2022 წლებში შექმნილ გრაფიკულ ნამუშევრებს, კოლაჟებსა და ფიგურებს აერთიანებს.

“სერიული ნამუშევარი “ხორცისმჭამელი ტირის” აერთიანებს ორ ნარატივს: პირველი უშუალოდ უკავშირდება პირად ისტორიას, რომელიც მოგვითხრობს ხელოვანის ძაღლზე და იმ გამოცდილებაზე, რაც მასთან ურთიერთობამ მისცა და დაანახვა. მეორე მხრივ კი,  ეს არის გეოგრაფიული იდენტობის, როგორც კულტურული ინფორმაციის აღმოჩენა და ამ ინფორმაციის ასახვისთვის საჭირო ფორმების შექმნა, რასაც წინ უძღვის ხელოვანის ფანტასმაგორიული, სიზმრისეული მოგზაურობა თუშეთში.

მეხსიერება, ანუ ისტორია არის განვითარებადი სტრუქტურა, რომელიც ინდივიდის ცხოვრებას გარკვეულ საზრისს სძენს. დროში არსებობა კი ადამიანურ ყოფას თავიდანვე ისტორიულს ხდის. ენიგმატური მოვლენები ყოველთვის ტოვებენ თავიანთ კვალს და ცვლიან ჩვენი აღქმის წერტილს. რა არის ეს კვალი? ვისია ის? როგორ გვცვლის ის?

 

აქ ერთმანეთს ერწყმის სიცოცხლე და სიკვდილი, თამაში და სიმკაცრე, მიმზიდველი და შემაძრწუნებელი ელემენტები. მაინც როგორ არიან ისინი გამოსახულნი? პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ფიგურებს, თუ როგორ ერწყმიან ისინი ბუნებრივ გარემოს და როგორი ფანტამაგორიული ფორმებით გადაედინებიან ერთმანეთში. ფიგურათა აბსტრაგირებული ფორმები ენიგმატურ ხასიათს იძენენ, ხოლო მათი მოძრაობები ზოგჯერ იუმორნარევ და ზოგჯერ გრაციოზულ განწყობებს გვგვრიან.

საკმაოდ იოლია თამარ ბოჭორიშვილის ნახატებში გადმოცემულ ღრმა სიმბოლიზმში ჩაიკარგო. აბსურდამდე დასული საგნების შეთამაშება კომპოზიციურად მარტივად აწყობილ სიბრტყეზე ჩვენს ინტერესს აღძრავს და მთავარი სათქმელის გაგებისკენ გვიბიძგებს. ყველაფერს ღრმა სუბიექტური შთაბეჭდილებები და მინიშნებების "დაღი" ატყვია. შესაბამისად, ჩვენც გვიწევს მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება, რათა ნამუშევრის წაკითხვა მოვახერხოთ. პირველ რიგში, ჩვენ ემოციურ კონტაქტს ვამყარებთ სხვადასხვა ცხოველთან, მათ პოზებთან თუ მოქმედებებთან. ისინი ახლობელი და გასაგებია ჩვენთვის, მაგრამ მათი აბსტრაგირებული ფორმა არ იძლევა ინდივიდუალიზაციის საშუალებას. თითქოს ისინი მეხსიერებაში ჩაბეჭდილი სახე ხატები არიან, რომლებთანაც მხოლოდ მათ მფლობელს შეუძლია დაამყაროს კომუნიკაცია. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეს სერია ღრმად გვახედებს ადამიანური ყოფის ინტიმურ ასპექტებში და გრაფიკული ხერხებისა და კოლაჟური ტექნიკის გამოყენებით აძლევს ამ ყოველივეს უნივერსალურობის მაღალ ხარისხს.

თამარ ბოჭორიშვილის ნამუშევრები საკუთარი თავის ძიებისა და შემეცნების შესახებ თხრობაა. განსხვავებული მასალისა და ტექნიკის შეთავსებით შექმნილი გრაფიკული ნახატები და ობიექტები წარსული გამოცდილების, დრამატიზმისა და მოულოდნელი მომავლის მოლოდინის შესახებ ჰყვება.

ნამუშევრები წარმოადგენენ მცირე ზომის ობიექტებსა და ქაღალდზე შესრულებულ ნახატებს. ისინი, ერთი მხრივ, მხიარულია და თამაშს (სათამაშოს) ჰგავს, მეორე მხრივ, გამოხატავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ოჯახი და საზოგადოება, სხეული და სექსუალობა, სიკვდილი და ქვეცნობიერი. ნამუშევრები ფორმას იღებენ პერსონალური და კოლექტიური გამოცდილებიდან, იცვლებიან თხრობის მნიშვნელობის მიხედვით. ისინი მეტყველებენ ისეთ ძირეულ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოების ყველა დონეზე დომინირებს და დრამატული კონტექსტიდან მხიარულ თამაშის ფორმებში გარდაიქმნებიან”, - ვკითხულობთ გამოფენის პრესრელიზში.