“თუკი 2016 წლის ივლისში მეინის შტატის პატარა ქალაქ ლუბეკში აღმოჩნდებოდით, შესაძლოა, ყურეს გასწვრივ, ჰორიზონტისათვის ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერა მიგეპყროთ”, - ამ სიტყვებით ალისია ეგერტი თავის ნამუშევარზე იწყებს საუბარს, რომელიც დაუსახლებელ კუნძულზე აღმართულ 15 ფუტის სიმაღლისა და 50 ფუტის სიგრძის სიტყვას - FOREVER-ს უკავშირდება. ექვსი წლის წინ ლუბეკის მცხოვრებლებსა და სტუმრებს მზიან დღეებში სიტყვის ამოკითხვა ძალდაუტანებლად შეეძლოთ, ხოლო მაშინ, როცა ამინდი შეიცვლებოდა და გარემო ნისლში გაეხვეოდა, სიტყვა FOREVER თვალით ძნელად აღსაქმელ ნიშანს ემსგავსებოდა. სკულპტურა, რომელმაც მხოლოდ სამი კვირის განმავლობაში იარსება, თითქოს საკუთარი კონცეფციიდანვე გაუჩინარდა. ნამუშევრის ოფიციალური სახელია “კარგ ამინდში შენ შეგიძლია დაინახო FOREVER”, რასაც ეგერტმა დაახლოებით 20-წუთიანი ვიდეოც მიუძღვნა და იმ შემთხვევაში, თუ დამკვირვებელი სკულპტურის აღქმას ნისლის გაფანტვის ფაზიდან დაიწყებდა, მუდმივობის ვიზუალიზაცია, სავარაუდოდ, იმედის მარცვალს გაუღვივებდა. 

ტექსტისა და ვიზუალური ხელოვნების თანხვედრა მე-20 საუკუნის ხელოვნებიდან დღემდე ინტენსიურად შეინიშნება. ამისათვის საკმარისია გავიხსენოთ ბარბარა კრუგერის კონცეპტუალური სერიები, სადაც ფოტოგრაფიულ ნამუშევრებში ინტეგრირებულ სიტყვებს მნახველებთან როგორც პირდაპირი, ისე შეტყობინებები მიაქვს, მათ შორისაა კრუგერის ყველაზე გავრცელებული ფრაზა - “შენი სხეული საომარი ველია”. სიტყვების ხელოვნებით ამერიკელი ნეო-კონცეპტუალური არტისტის, ჯენი ჰოლცერის შემოქმედებაც ხასიათდება, რომელიც ცნობილ საჯარო სივრცეებს დიდი მასშტაბის სიტყვებით ისაკუთრებს და მეტიც, Kunstmuseum Basel-ს გამოფენის კურატორობით თავისი მრავალწლიანი მეგობრის - ლუის ბურჟუას შემოქმედებაში ტექსტების გავლენას იძიებს.

ამ ტენდენციას არაერთი თანამედროვე ხელოვანი აგრძელებს, რომელთა შორის ამერიკელი კონცეპტუალური არტისტი ალისია ეგერტიც ფიგურირებს. ეგერტისათვის სიტყვები თავის ნამუშევრებში მრავალჯერ გამოყენებული ნაპოვნი ობიექტების მსგავსია - ისინი მარტივად საცნობი და ხელმისაწვდომია, ადამიანისაგან მხოლოდ ენის ცოდნასა და კითხვის უნარს მოითხოვს. ეგერტისათვის მუშაობის დასაწყისსა და დასასრულს ყოველთვის კონკრეტული იდეა განსაზღვრავს, ამიტომაც სამუშაო მასალის არჩევა არტისტისათვის იმაზე ხდება დამოკიდებული, თუ რამდენად სთავაზობს იგი საკომუნიკაციო სპექტრს და რამდენად სხარტად შეუძლია მისი აღქმა ადამიანის გონებას. ამ მიმართულებით ეგერტის გარკვეული ნამუშევრები მხოლოდ ერთ სიტყვაზე ორიენტირდება, რომლებიც მიუხედავად სიმარტივისა და სასაუბრო ენაში ყოველდღიურად გამოყენებისა, ღრმა იდეურობას ავითარებენ. რიგ შემთხვევებში სიტყვები კონკრეტული სეგმენტების სისტემის ფორმით წარმოდგებიან, რომელთა მონაცვლეობით სიტყვის კონცეფცია სამყაროში ვიზუალური ენით ითარგმნება.

 

 

NOW აწმყოს აღმნიშვნელია, რომელიც მიმდინარე წამს, თვეს, წელიწადს თუ საუკუნესაც შეიძლება უკავშირდებოდეს, რაც არტისტისათვის არასოდეს ექცევა სტატიკურობის ყალიბში, პირიქით - მის დინამიკურ ბუნებაზე აფიქრებინებს. ეგერტის 2012 წლის ნამუშევარი - კინეტიკური სკულპტურა ხაზოვან სეგმენტებს აერთიანებს, რომელთა მოძრაობას მნახველი საათის ისრების ქაოსურ ბრუნვასთანაც გააიგივებს. მოძრავი ხაზებიდან სიტყვა - NOW მხოლოდ წამიერად გამოკრთის და დააფიქსირებს თუ არა სიტყვას დამკვირვებელი, ხაზები მომენტალურად უწესრიგო მოძრაობას უბრუნდებიან. ნამუშევარი, როგორც აწმყოს პირდაპირი კონცეფცია, ყოველთვის თავის წარმავლობას დემონსტრირებს, თუმცა მნახველებს პერიოდულად მისი დადგომის მომენტსაც ახსენებს. არტისტის შედარებით ადრეული ნამუშევარი აწმყოსა და აწყმოს შემდეგ მომენტს კედელთან წარმოდგენილი ნიშნითაც ეხმიანება, სადაც სიბრტყის ერთ ნაწილზე გამოსახულია NOW, მეორე მხარეზე კი - THEN.

 

 

ეგერტის მორიგი სკულპტურა ამჯერად მომავლის ასახვაზე აქცენტირდება და სიტყვას FUTURE მუქი ხაზოვანი სტრუქტურიდან, საექსპოზიციო სივრცის თეთრი კედლის ფონზე აჩვენებს.

 

სიტყვით შექმნილი ინსტალაციები არაერთ წინადადებასაც აერთიანებს, რომელთა ნეონების განათების წარმოდგენით ხელოვანი ზოგიერთ სიტყვას დროებით, სურვილისამებრ აქრობს ან სხვა სიტყვებით ანაცვლებს - “ენის ფიზიკურ ფორმაში მოქცევა და ნების დართვა, იგი შეიცვალოს, საშუალებას გვაძლევს დავსვათ კითხვა, თუ როგორ გვენათესავებიან სიტყვები და შეტყობინებები პერსონალურად”. შესაბამისად, ვარდისფერი ნეონებით წარმოდგენილ წინადადებას - THIS PRESENT MOMENT USED TO BE UNIMAGINABLE FUTURE ორიოდე სიტყვა უქრება და იკითხება, როგორც - THIS PRESENT USED TO BE FUTURE, წინადადება - ALL THE LIGHT YOU SEE IS FROM THE PAST ხდება ALL YOU SEE IS PAST,  FOREVER BECOME იქცევა, როგორც -  NEVE BE, YOU ARE ON AN ISLAND. გარდაიქმნება წინადადებად - YOU ARE AN ISLAN, ხოლო ჩამქრალი სიტყვიდან NOWHERE წითელი ნეონებით თავდაპირველად სიტყვის პირველი ნაწილი - NOW ნათდება, შემდეგ კი ბოლო ნაწილი - HERE, რითაც ერთდროულად არარსებობისა და მიმდინარე მომენტში ყოფნის ურთიერთსაწინააღმდეგო მნიშვნელობები აშკარავდება.

ალისია ეგარტი სიტყვების ხელოვნებას საპროტესტო იარაღადაც იყენებს, რაც 2022 წელს Planned Parenthood Federation-თან თანამშრომლობით ამერიკის შეერთებული შტატებში, Supreme Court-ის წინ განთავსებული ინსტალაციითაც დასტურდება. ნეონებით წარმოდგენილი სიტყვები - OUR BODIES, OUR FUTURE, OUR ABORTIONS - ერთმანეთს დაუსრულებლად ენაცვლებიან, რითაც ხელოვანი სხეულისა და არჩევანის თავისუფლების ხელშეუხებლობას ეხმიანება.

ფოტო: aliciaeggert.com

ავტორი: ანა გაბიასიანი