კანადელი არტისტი ნიკოლას ცირკი იდენტურობის, კომუნიკაციისა და ყოველდღიური ცხოვრების საკითხებს დამთვალიერებელს ირონიით წარუდგენს. ცირკის ნატურმორტები ერთგვარი პორტრეტებია, თუმცა ნამუშევრებში ვერ შეხვდებით ადამიანებსა და სახეებს - მთავარ როლში მნახველია, რომელიც არტისტის გმირების თვალით ხედავს ყოველდღიურობას.

სცენები სავსეა ცარიელი ლუდის ქილებით, მორჩენილი საჭმლით, სიგარეტის ნამწვავებით. ნახავთ ჭიქებს, ხელსახოცებს, ჟურნალებსა და დასვრილ ჭურჭელს. ნიკოლასის თქმით,  სცენები ასახავენ ადამიანებს, რომლებსაც ხელოვანი კარგად იცნობს. თუმცა ნატურმორტების დათვალიერებისას გვიჩნდება განცდა, რომ ხელოვანი თითქოს ჩვენს ოთახში შემოიჭრა. ამოიცნობთ საკუთარ მაგიდას, რადგან ის, რასაც ხელოვანი ნამუშევრებით გვიჩვენებს თანამედროვე ცხოვრების წესთანაა დაკავშირებული. ყოველი სცენის მიღმა მილენიალი დგას - უმუშევარი ან დასაქმებული, მინიმალური ხელფასით ან ის, ვისი შემოსავალიც არასტაბილური ან მუდმივად არასაკმარისია. სწორედ დაკუჭულ ლითონის ქილებსა და პიცის ცარიელ კოლოფებში ხედავს ნიკოლასი უზარმაზარ შფოთვასა და სტრესს, რომელსაც მისი თაობა ყოველდღიურად უმკლავდება. 

 

 

ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებას, ყველგან იპოვოს კავშირი და კომუნიკაციის წყარო, ხელოვანი ნამუშევრებში ჩიტების ასახვით უკავშირებს. მაგალითად, სურათზე -  The Augurist ფანჯრის მიღმა ექვსი მტრედი მარტოსული პერსონაჟის მაგიდას აკვირდება, სადაც გუგულის საათს, იხვებიან კალენდარს, ქათმის ფრთების ნარჩენებს, ორიგამის გედსა და კომპიუტერის ეკრანზე ჰიჩკოკის ჩიტებს ვხედავთ. 

Მართალია, მხატვრის პორტრეტებში ადამიანები არ ფიგურირებენ, მაგრამ თუ მომავლის მიმართ დაუცველობის განცდა გიჩნდებათ, ნამუშევრებში მაგიდასთან მჯდომი პერსონაჟი შესაძლოა თქვენც აღმოჩნდეთ.

ფოტო: nicholaszirk.com

ავტორი: მარიამ ქორიძე