100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გასულ წელს Gucci-მ ლონდონის The Savoy Hotel-ში სამეფო ლუქსი დააპროექტა. ინტერიერის გასაფორმებლად იტალიური მოდის სახლის მიერ შექმნილი ავეჯი და დეკორის ობიექტებია გამოყენებული, ხოლო ხელოვნების ნიმუშები და ანტიკვარული ნივთები Christie's აუქციონის საკუთრებაა, რომელთა შეძენაც The Savoy Hotel-ის სტუმრებისათვისაა შესაძლებელი.

 

The Savoy Hotel-ისა და Gucci-ის დამაარსებელს - გუჩიო გუჩის საერთო ისტორია აქვთ. ახალგაზრდა გუჩიო სასტუმროში ბარგის გადამზიდად მუშაობდა. ძვირადღირებული სასტუმროს ვიზიტორების მდიდრულმა ცხოვრების სტილმა და გემოვნებამ შთააგონა გუჩიო ლეგენდარული ბრენდი შეექმნა. 

 

 

სამეფო ლუქსი სასტუმროს  მეხუთე  სართულს მთლიანად იკავებს. ოთახს აქვს ფართო მისაღები, სასადილო ოთახი და დიდი საძინებელი. მწვანე მარმარილოს აბაზანა სავსეა Gucci-ის არომატული კოლექციებით, ხოლო ხის პანელებით მოპირკეთებულ კარადაში  Gucci-ის ვარდისფერი აბრეშუმის ხალათები კიდია. 

 

სტუმრებს შეუძლიათ VIP მომსახურებით ისარგებლონ და Rolls Royce-ით ლონდონში სასურველი მოგზაურობა დაგეგმონ. გარდა ამისა, ყველა სტუმარს Gucci და Savoy ძვირადღირებულ საჩუქრებს გადასცემს. 

 

ფოტო: Lewis Ronald

ავტორი: მარიამ ქორიძე