მექანიკური ფორთოხალი, 1971
სტენლი კუბრიკის ფილმმა, რომელიც ენტონი ბერჯესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული, მოდის სამყაროში გადატრიალება მოახდინა. იმ მრავალრიცხოვან დიზაინერთა სიაში, რომლებმაც ინსპირაცია სწორედ ამ ფილმიდან აიღეს, ალბათ ყველაზე გამორჩეული ჟან პოლ გოტიეა, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ “მექანიკურმა ფორთოხლმა” მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ფილმის გავლენას დიზაინერის მომდევნო კოლექციებში ვხვდებით.
უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, 1959
ის ფაქტი, რომ ფრანგებს სტილის შესაშური შეგრძნება აქვთ, საიდუმლო ნამდვილად არ არის. ეს ჟან-ლუკ გოდარის ფილმებშიც კარგად ჩანს. პარიზში მოსიარულე ფრანგი პატრიციას ჩაცმულობამ და ვარცხნილობამ ნამდვილი ფურორი მოახდინა, რის გამოც ახალგაზრდა გოგოების უმრავლესობა მაქსიმალურად ცდილობდა პატრიციასთვის, ანუ ჟან სებერგის პერსონაჟისთვის მიებაძა.
ცოფიანი ძაღლები, 1992
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში კვენტინ ტარანტინომ კინოსამყაროში რამდენიმე ყველაზე დასამახსოვრებელი კოსტიუმი შექმნა. “ცოფიან ძაღლებში” კინომძარცველების ყველაზე ელეგანტური ჯგუფია წარმოდგენილი. სწორედ ამ ფილმის შემდეგ იწყება ტარანტინოს სიყვარული თეთრი პერანგებისა და შავი პიჯაკებისადმი, რომელიც შემდგომ “მაკულატურასა” და “მოკალი ბილშიც” გრძელდება.
მებრძოლთა კლუბი, 1999
მიუხედავად იმისა, რომ „მებრძოლთა კლუბის“ პირველი წესი მასზე ლაპარაკს გვიკრძალავს, შეუძლებელია არ აღვნიშნოთ ფილმში გამოყენებული ჩაცმის სტილი, რომელიც დიზაინერებსაც არ გამორჩენიათ. ფილმის გამოსვლიდან ორ თვეში დონატელა ვერსაჩემ კოლექცია გამოუშვა, რომელშიც ნამდვილად იგრძნობოდა ფილმის გავლენა. კოლექციის სახელიც შესაბამისი იყო - „მებრძოლთა კლუბი“.
როზმარის ბავშვი, 1968
როდესაც კინოსამყაროში არსებულ მოდასა და სტილზე ვსაუბრობთ, მია ფეროუ აუცილებლად უნდა ვახსენოთ. მთელი ფილმის განმავლობაში როზმარი მოკლე Babydoll-ის სტილის კაბებს ატარებს, რაც მას კიდევ უფრო ახალგაზრდის იერს აძლევს. მისი გარდერობი სხვადასხვა დიზაინერების კოლექციებში წარმოდგენილი ღია პასტელის ფერების ტანსაცმლისგან შედგება.
თვითმკვლელი ქალწულები, 1999
ფილმში სოფია კოპოლა 70-იანების სტილს აბრუნებს. „თვითმკვლელი ქალწულების“ კოსტიუმების ინსპირაცია თვით მარკ ჯეიკობსისა და ჩვეულებრივი თინეიჯერების ჩაცმის სტილიდან მოდის. გაზაფხულის დადგომისას ეს ლუქები სამუდამოდ იქნება ახალგაზრდა გოგოების შთაგონების წყარო.
ქრისტიან ფ. 1981
“ქრისტიან ფ” ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი რამ ხდის უნიკალურს, უნდა აღვნიშნოთ მთავარი გმირის, ქრისტიანის ჩაცმულობა. გოგონას, რომელიც ქუჩებში დაეხეტება, ტანზე მომდგარი ჯინსი, დიდი ზომის ქურთუკი, ზოლიანი წინდები და დედისგან მოპარული სტილეტო აცვია, ხოლო ბოტასები გამჭვირვალე ჩანთაში უდევს და თან დაატარებს. იმდროინდელ მოდის სამყაროში მსგავსი ჩაცმულობა არ არსებობდა. კრისტიანის სტილი რაღაც სიახლე იყო როგორც ბერლინში, ასევე მთელ მსოფლიოში.
მეხუთე ელემენტი, 1997
ფრანგი რეჟისორის - ლუკ ბენსონის 1997 წლის ფილმი „მეხუთე ელემენტი“ გამოსვლის დღიდან დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათთვის, ვისაც ფილმი უნახავს, ეს გასაკვირი არ იქნება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი წარმოდგენა კოსტიუმების გარეშე შეუძლებელია. ჟან პოლ გოტიემ „მეხუთე ელემენტისთვის“ 1000-ზე მეტი კოსტიუმი შეკერა. თუ ეს ფილმი არ გინახავთ, გირჩევთ ახლავე დაიწყოთ, არ ინანებთ.
რომეო და ჯულიეტა, 1996
ბაზ ლურმანის ამ ფილმზე საუბრისას ყველა აღნიშნავს კოსტიუმების განსაკუთრებულობასა და სილამაზეს. ხშირად კინომატოგრაფიაში საკმაოდ რთულია მოკლე დროში პერსონაჟის კარგად გაცნობა. თუმცა, „რომეო და ჯულიეტა“ ნამდვილად არ არის ეს შემთხვევა. ლურმანმა იდეალურად აარჩია კოსტიუმები, რომლებიც მაყურებელს ეხმარება პერსონაჟის სრულყოფილად გაცნობაში.
ქალები ნერვიული აშლილობის ზღვარზე, 1988
ამ ფილმს თამამად შეგვიძლია პედრო ალმოდოვარის საერთაშორისო სცენაზე გარღვევა ვუწოდოთ. ისევე, როგორც ფილმი, კოსტიუმებიც საოცრად ჯდება პოპ-არტის ესთეტიკაში. ნათელი ფერების საოცარი შეხამება ფილმს - „ქალები ნერვიული აშლილობის ზღვარზე“ ნამდვილად დაუვიწყარს ხდის.
სამოთხეზე უცნაური, 1984
ჯიმ ჯარმუში არის რეჟისორი, რომელიც ესთეტიკას, მუსიკასა და მსახიობის ოსტატობას უფრო დიდ ყურადღებას აქცევს, ვიდრე ფილმის სიუჟეტს. შესაბამისად, მისი ფილმები საოცრად ლამაზი და მიმზიდველია. რეჟისორი, დიზაინერებთან თანამშრომლობის მაგივრად, თავისი გემოვნებითა და სტილის შეგრძნებით არჩევს კოსტიუმებს, რაც ნამდვილად კარგად გამოსდის. „სამოთხეზე უცნაური” ჯარმუშის ერთ-ერთი იმ ფილმთაგანია, რომელშიც პერსონაჟების ჩაცმულობას ძალიან დიდი როლი უჭირავს.
რაშმორი, 1998
„რაშმორი“ 1998 წლის დრამა-კომედიაა, რომლის მთავარი პერსონაჟი ექსცენტრიკული მოზარდი - მაქს ფიშერია, ხოლო რეჟისორი უეს ანდერსონი. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ანდერსონის საუკეთესო ფილმია და ასევე ბევრი ფიქრობს, რომ ამ ფილმში გამოყენებული კოსტიუმები ისტორიას სამუდამოდ დარჩება. ფილმში უბრალო სკოლის ფორმაც ისე არის გამყენებული, რომ მაყურებელს მოდურობის შთაბეჭდილებას უქმნის.
ტკბილი ცხოვრება, 1960
ფედერიკო ფელინის ეს ფილმი მეტია, ვიდრე უბრალოდ ის შადრევნის სცენა, რომელიც მაყურებელს ასე ღრმად ჩაებეჭდა გონებაში. ფილმმა, „ტკბილი ცხოვრება“ სამყაროს არა მხოლოდ იტალიური მოდა, სტილი და ელეგანტურობა გააცნო, არამედ პიერო გერარდი - თვითნასწავლი ხელოვნების სფეროსა და არქიტექტურაში, ადამიანი, რომელმაც ფილმისთვის კოსტიუმები შექმნა. ფილმში წარმოდგენილი განსაკუთრებულად ლამაზი ტანსაცმელი და აქსესუარები აუცილებლად მიიქცევს მაყურებლის ყურადღებას.
ფოტოგადიდება, 1966
დღე, როდესაც მიქელანჯელო ანტონიონის ფილმი „ფოტოგადიდება” კინოთეატრებში გამოვიდა, ფოტოაპარატებისა და თეთრი ჯინსის გამყიდველებს არასდროს დაავიწყდებათ. როგორც კოლინ მაკდოუელმა თქვა, „ამ ფილმმა მოდაში სექსუალურობა გააღვიძა“.
სასიყვარულო განწყობა, 2000
კარ ვაი ვონგის რომანტიკულმა შედევრმა მსახიობი მეგი ჩუნგი და მისი ლუქები ფილმის განუყრელი ნაწილი გახადა. ჩუნგის ვარცხნილობას სტილისტებმა 4 საათი მოანდომეს. ფილმის რეჟისორმა მსახიობის ჩაცმულობასთან დაკავშირებით აღნიშნა: „კაბა არ არის მხოლოდ კაბა. ეს არის მეგის ხასიათი. თითქოს ის ამ დღეს ამგვარ განწყობას ატარებს“.
დაწერე კომენტარი