ბრიტანელი ფოტოგრაფის - ტერი ო’ნილის შემოქმედება თემატურად მრავალფეროვან სურათებს აერთიანებს, რომელთა შორის მნახველი როგორც მოდის, მუსიკისა და ფილმების გადასაღები მოედნების, ისე პოლიტიკის, სამეფო ოჯახისა და სპორტის ამსახველ კადრებს ეცნობა. ო’ნილის ობიექტივში დეივიდ ბოუი, ქეით მოსი, ფრენკ სინატრა, სოფი ლორენი, ოდრი ჰეპბერნი, ბრიჯიტ ბარდო, ნაომი კემპბელი, ერიკ კლეპტონი და ელიზაბედ II მოხვედრილან, მისი ნამუშევრები კი ისეთი ჟურნალების ყდებზე აღმოჩენილა, როგორებიცაა - Times Magazine, Vanity Fair, Stern, Paris Match და სხვ. ტერი ო’ნილის, როგორც ფოტოგრაფის კარიერა 1960-იანი წლებიდან იწყება, რომლის შემოქმედება თავისი დროის ეპოქაზე მეტყველებს. ბრიტანელი ფოტოგრაფის ნამუშევრები არაერთ წიგნშია გაერთიანებული, მათ შორისაა - Legends (1985) და Celebrity (2003).


ო’ნილის ფირმა მუსიკალური ჯგუფის - The Beatles-ის საწყისი კარიერის ერთ-ერთი პირველი სურათიც შემოინახა. ფოტო 1963 წელს, ლონდონში, Abbey Road Studio-ს ეზოშია გადაღებული. ის პერიოდია, როცა წარმატების გზაზე დამდგარმა მუსიკოსებმა ჰიტად ქცეული პირველი სინგლი - Please Please Me უნდა ჩაწერონ. როგორც ო’ნილი იხსენებს, იმ დროს პროფესიულად ჯგუფთან მუშაობის სპეციფიკას არ იცნობდა და მთავარი, რაც გადაღებამდე მოიმოქმედა, კარგი განათების მიზნით ბენდის წევრების ღია სივრცეში განთავსება აღმოჩნდა. ეს ფოტო გაზეთებში მომდევნო დღეს დაიბეჭდა და გაზეთების ტირაჟი სრულიად ამოიწურა.


ამავე წელს ო’ნილმა Rolling Stones-ის წევრები კლუბ Tin Pan Alley-ს წინ აღბეჭდა. მუსიკალური ჯგუფის მენეჯერი - ენდრიუ ლუგ ოლდემის განცხადებით, ტერიმ ქუჩაში გადაღებული ბიჭების ფოტოთი ეპოქაც დააფიქსირა. 


ო’ნილიმ მსახიობი და შემდგომში საკუთარი მეუღლე - ფეი დანაუეი დაარწმუნა, რომ ოსკარის მიღების შემთხვევაში მას სასტუმრო ბევერლი ჰილსში გამთენიისას გადაიღებდა. მართლაც, ოსკარის დაჯილდოების 49-ე ცერემონიაზე დანაუეიმ ფილმისთვის Network მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა. ო’ნილის სურვილის მიხედვით ფოტოსესიის განწყობა არ უნდა დამსგავსებოდა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ფოტოსურათების პათოსს, სადაც გამარჯვებული დიდებას ზეიმობს, ჯილდო მაღლა აქვს აღმართული და მრავალი კამერის ყურადღების ეპიცენტრში ექცევა. ო’ნილის სურდა ეჩვენებინა გამარჯვებულის მომდევნო დღის სურათი, როცა მსახიობი საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი აანალიზებს, რომ მისი ჰონორარი უკვე წარმოუდგენლად გაიზარდა და ოსკარით ხელში შეუძლია არაერთი როლის შეთავაზება მიიღოს. მართალია, კადრი დადგმულია და გადაღებისათვის დანაუეიმ დილის 6 საათზე საგანგებოდ  გაიღვიძა, თუმცა ო’ნილის სიტყვებით, ფოტოსურათს მაინც ბუნებრიობის ელფერი დაჰყვება.

 

 

ფოტოგრაფს არაერთი ფოტოსესია გაუმართავს დეივიდ ბოუისთან, რომელსაც თავის “შემოქმედებით მუზასაც” კი უწოდებდა. “მას შეეძლო დამსგავსებოდა უცხოპლანეტელსაც და ქალსაც. ეს ყოველთვის ამაღელვებლად მეჩვენებოდა, რადგან ყველაფერი, რასაც იგი სჩადიოდა არაპროგნოზირებადი იყო, - იხსენებს ო’ნილი Guardian-თან ჩაწერილ ინტერვიუში, - ჩვენს სურათებს მიზანი ჰქონდა. მგონია, რომ პოპვარსკვლავების უმეტესობას მიზნის გარეშე ვიღებდი. დეივიდთან არასოდეს მიწევდა რაღაცები გამომეტყუებინა, ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა”. 


ბოუისათვის გადაღებული ერთ-ერთი სურათი Jumping Dog-ის (1974) სახელითაა ცნობილი. ო’ნილიმ, შეიძლება ითქვას, კულმინაციური მომენტი დააფიქსირა - ორ ფეხზე შემართული ძაღლი, რომელიც ბოუის ფიგურის გვერდით ერთიორად დიდი ჩანს. ეს ფოტოსესია ბოუის ალბომის - Diamond Dogs-ის ყდაზე მუშაობისას განხორციელდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ო’ნილი იხსენებს, რომ ერთხელ ბოუიმ თავის ოფისში დაპატიჟა, სადაც მომღერალი თან განსაკუთრებულ ადამიანს მიიყვანდა. როცა ტერი დანიშნულების ადგილას გამოცხადდა, ბოუისთან ერთად “შიშველი საუზმის” ავტორი - უილიამ ბეროუზი დახვდა, ორივეს “ფედორას” ქუდები ეხურათ, რომელთა საერთო სურათი ო’ნილის ფირმა, ცხადია, შემოინახა. 


2016 წელს გალერეა Ransom Art-მა ლონდონში ტერი ო’ნილის მიერ გადაღებული ბოუის სურათების გამოფენა მოაწყო, რომელთა შორის შეხვდებოდით ფოტოს ზიგი სტარდასტის კულისებიდანაც, სადაც ო’ნილი მომღერლის ანარეკლს სარკეში აფიქსირებს და კამერასთან ერთად თავადაც მოჩანს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ის სურათიც, სადაც ბოუი მოყვითალო სამოსშია გამოწყობილი, ხელებში მაკრატელი უჭირავს და პირში სიგარეტგაჩრილი ო’ნილის ობიექტივისაკენ იმზირება.


ტერის მოდის ფოტოგრაფიის ნიმუშებიდან აღსანიშნავია ქეით მოსის პორტრეტები, რომლებიც მოდელის გლამურულობას, დახვეწილობასა და ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს. წითელი ტუჩსაცხით, წითელი კაბითა და ამავე ფერის ხელთათმანებით წარმოდგენილი მოსის მედიდურ გამოხედვას მისი პოლაროიდები, მოშიშვლებული სხეული და შავ გამჭირვალე ბოდეში გამოწყობილი სხეულის ნატიფი ფორმები ენაცვლება. 


ამასთან, ერთ-ერთი შთამბეჭდავი ფოტოს ნიმუშია ფრანგი მსახიობის - ბრიჯიტ ბარდოს პორტრეტი, რომელშიც ბარდოს თმას ქარი უწეწავს, მის თვალებს სანახევროდ ფარავს და მთავარი აქცენტი მსახიობის ტუჩებსა და მის კბილებს შორის მოქცეულ სიგარაზე გადადის, რომლისგანაც წარმოქმნილი ხაზოვანი ჩრდილით შავ-თეთრი გამოსახულება მნიშვნელოვანი შტრიხით ივსება.


გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში ო’ნილი ჩივის, რომ ირგვლივ აღარავინ შემორჩა ისეთი, ვის გადაღებასაც ისევ მოისურვებდა და მისთვის აღსაბეჭდად სასურველ ბოლო ადამიანად ემი ვაინჰაუსი დაასახელა. ერთგან იგი აღნიშნავს კიდეც:  “ჩემში არსებული პერფექციონისტი ყოველთვის იმ ფიქრის ამარა მტოვებდა, რომ უკეთესი სურათები უნდა გადამეღო, მაგრამ დღეს, როდესაც ჩემ მიერ გადაღებული ყველა ამ ვარსკვლავის ფოტოს ვუყურებ - მანდელა, უინსტონ ჩერჩილი და სინატრა - მოგონებებში ვიძირები და ვფიქრობ: “კი, გამომივიდა”.