პირველად ოსლოს ურბანულ ფონზე იულიას პროფილი გამოიკვეთება და ნაშუადღევის მზის სხივები მის სხეულამდეც მიაღწევს. ტელეფონის უმიზნო, წამიერი სქროლვისა და სიგარეტის ნერვიულად მოწევის დროს კამერა ნელი სვლით იულიას მიუახლოვდება, რომელიც მზერას საპირისპირო მიმართულებით, ჰორიზონტისაკენ მიაპყრობს და თავისი ფილტვებიდან გამოთავისუფლებული სიგარეტის კვამლის კვალდაკვალ, ოსლოს იმ ადგილებში მოისურვებს გადანაცვლებას, რომლებშიც ცალსახაა, იმწუთას არ უნდა იმყოფებოდეს.
ლიტერატურული ნაწარმოებივით თორმეტი თავისაგან შემდგარი “ოსლოს ტრილოგიის” მესამე სურათი, რომელშიც პროლოგიც და ეპილოგიც ერთიანდება, მსუბუქი იუმორით, პერსონაჟების ეგზისტენციალური პრობლემებით, ფარული ზრახვებისადმი დაუცხრომელი ლტოლვითა და მუდმივად ზღვარზე ყოფნის თანმხლები სირთულეებით გვამახსოვრდება. იოაკიმ ტრიერის ფილმის - “ყველაზე ცუდი ადამიანი დედამიწის ზურგზე” - პრემიერა 2021 წლის კანის კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი რენატე რეინსვე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზეც - საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმისა და საუკეთესო სცენარის ნომინაციებში.
ესქილ ვოგტისა და იოაკიმ ტრიერის ერთობლივი სცენარი, რომელიც ფილმში ორსაათიან ქრონომეტრაჟზეა გათვლილი, ერთიორად კომპლექსურ თემებს - სოციალურ, გლობალურ საკითხებსა თუ ლოკალურ, პიროვნულ კონფლიქტებს ეხმიანება. მთავარი პერსონაჟის, იულიას ცხოვრების მაგალითით შეიძლება საკუთარ თავს კითხვაც დავუსვათ - როდის და როგორ იღებენ ზრდასრულები თავიანთი ცხოვრების განმსაზღვრელ გადაწყვეტილებას მაშინ, როცა ინტერესი ადამიანად ყოფნისადმი იმდენად განზოგადებული მოცემულობა ხდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უწესრიგო პროცესები თანდათან ბურუსში ეხვევა. იულია, რომელსაც ფილმის პირველ თავში (Chapter I) სამედიცინოს სტუდენტად ვეცნობით, ქირურგიას დურგლობასთან გააიგივებს და განაცხადებს, რომ ადამიანის გარეგან, ბიოლოგიურ აგებულებაზე მეტად მისი სიღრმისეული, სულიერი შრეებით ინტერესდება. “ჩემი ვნება ყოველთვის იმას უკავშირდებოდა, რაც შიგნით მიმდინარეობდა - ფიქრებსა და გრძნობებს”, - აღიარებს იულია და კარიერულ რჩევას ამ განცდებთან ახლოს მყოფ ყველაზე პრაგმატულ პროფესიასთან, ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით მიიღებს, გადაწყვეტს კიდეც, რომ თავი ამ მიმართულებით გამოსცადოს და “მომავალ სპირიტუალური მრჩევლებთან” ერთად ლექციებს დაესწროს.
აქ ფსიქოლოგია მორიგ წინგადადგმულ ნაბიჯს, თუმცა არა საბოლოო, მიხვედრილ სურვილს წარმოადგენს. ამიტომ სასურველი საქმიანობისაკენ მიმავალი გზის გაკვლევით თავშექცეული იულიას ირგვლივ როტორიკული კითხვაც გაიჟღერებს - “როდის დგება ცხოვრების დაწყების ხანა”, რომლის მიხვედრის მორიგი მცდელობა კვლავ სამეცნიერო სფეროთან კი არა, ამჯერად ვიზუალურ ხელოვნებასთან, კერძოდ, ფოტოგრაფიასთან დააკავშირებს. ამავდროულად, წიგნის მაღაზიაშიც დაიწყებს მუშაობას და მალე ახალ ვნებას ეზიარება - წერის სურვილი შეიპყრობს და სტატიას #MeToo-ს ეპოქაში ფემინიზმსა და ორალურ სექსზე გამოაქვეყნებს.
მედიცინა, ფსიქოლოგია, ფოტოგრაფია, კონსულტანტობა… - ამ საქმიანობების ინტენსიური მონაცვლეობისაგან გამოწვეულ შინაგან ქაოსურ მდგომარეობას იულიას პარტნიორების სისტემატური ცვლილებაც ერთვის თან. სამედიცინო კარიერაზე უარის თქმის შემდეგ იგი შორდება შეყვარებულს, სექსუალური ურთიერთობა აქვს თავის ერთ-ერთ ლექტორთან, ფოტოსესიის პროცესში რომანს აბამს საკუთარ ფოტომოდელთან, რომელთან ერთად წვეულებაზე მისვლისას წარმატებულ კომიქსების არტისტს, აქსელს გაიცნობს და მასთან სექსის შემდეგ, დამშვიდობების მომდევნო წამებში ცხადად გააანალიზებს, რომ თურმე აქსელი შეყვარებია. მიუხედავად მათი ასაკობრივი სხვაობისა და ცხოვრების განსხვავებულ ფაზებში არსებობისა, ძლიერი ორმხრივი გრძნობის გათვალისწინებით, ისინი ერთად ცხოვრებას იწყებენ, რასაც ბუნებრივია, სიამოვნებასთან ერთად არაერთი დაბრკოლებაც ახლავს თან.
აქ სასწორის ერთ მხარეს ორმოც წელს გადაცილებული წარმატებული აქსელია, რომელიც უკვე სიამოვნებით იცხოვრებდა მოსიყვარულე ცოლთან, შვილებით სავსე ბედნიერ ოჯახში, თანაც თავის პროფესიაშიც უკვე მკაფიო სიტყვა ეთქმის და მსურველები მისი ავტოგრაფით დაჯილდოებასაც სულმოუთმენლად ელოდებიან. სასწორის მეორე მხარეს ახალგაზრდა, ოცდაათი წლის იულიაა - ჯერ ისევ დაბნეული - რას ითხოვს ცხოვრებისაგან და სადაა მისი ადგილი სამყაროში მაშინაც კი, როცა აქსელთან ერთად წვეულებაზე აღმოჩენილი, საყვარელი მამაკაცის გარშემო შემოკრებილი თაყვანისმცემლების ჯგუფს შორიდან უმზერს და ამავდროულად, ცნობისმოყვარე ხალხთან აღიარებს, რომ წიგნის მაღაზიაში მუშაობს. იულიასათვის სამყაროში თავის პოვნას ის სირთულეებიც ახლავს თან, რომ მის სანათესაოშიც კი არ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომლის ცხოვრებითაც შეძლებს იხელმძღვანელოს. იულია, რომელიც ლამის 30 წლის ასაკში ამტკიცებს, რომ დედობრივი ინსტინქტები არ გააჩნია, აანალიზებს - ბებიამისს მის ასაკში სამი შვილი ჰყავდა, დიდი ბებია ოთხშვილიანი ქვრივი იყო, დიდი ბებიის დედას შვიდი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ორი ტუბერკულოზით დაიღუპა, დიდი ბებიის ბებია უსიყვარულოდ დაოჯახდა და ექვსი შვილი გააჩინა, უფრო წინა თაობის წინაპარმა კი იულიას ასაკამდე ვერც მიაღწია, რადგან იმ დროისათვის ქალის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 35 წელს არ აღემატებოდა.
იოაკიმ ტრიერი, რომლის ინტერესის მნიშვნელოვანი ნაწილი ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიას მოიცავს, რაც ფილმშიც პირდაპირ იკითხება, ჯულიას პერსონაჟს ებღაუჭება და მისი სახით ადამიანის ქვეცნობიერში მიმდინარე პროცესებს ვიზუალურ ფორმაში ამწესებს. აქსელს დამშვიდობებული, წვეულებიდან ნაადრევად წამოსული იულია გზად გადამწყდარი სხვა წვეულების დაუპატიჟებელ სტუმრად საკუთარი ნებით იქცევა და შინაგანად ახალი რომანის გაბმის სურვილით, თუმცაღა გარეგნულად სურვილის დაუფარავად შენიღბვით, სცენარის ერთ-ერთ საინტერესო კვანძს გახსნის. ამ მოცემულობაში იულიას ქვეცნობიერის ვიზუალიზაციის შემთხვევებს შეგვიძლია ორი მარტივი სიტყვა მივუსადაგოთ - “თითქმის” და “უკვე” და სანამ ოსლოს ცხოვრების სტილი სიტყვა “თითქმის” კონცეფციას ისრუტავს, დებულება - იყო ცუდი ადამიანი, თვალსა და ხელს შუა ქარწყლდება.
პირველ ვერსიაში იულია ქვეცნობიერის ზრახვებს ახალ სამიზნესთან, აივინთან ამჟღავნებს, რომელთან ერთად გაღვივებულ სექსუალურ ლტოლვას “თითქმის” იკმაყოფილებს და თუნდაც ნაფაზის შემდგომ სიგარეტის კვამლის გაზიარების აქტით მას “თითქმის” ეამბორება, რაც ამავდროულად, იმაზეც მეტყველებს, რომ თავიანთ პარტნიორებს ორივე “თითქმის” ღალატობს. აქ იულიაც და აივინიც ანგარიშს უწევენ იმ სამყაროს, რომელიც მათ პარალელურად მიედინება, ხოლო იმისათვის, რომ განუხორციელებელ სურვილს ფრთები შეესხას და “თითქმის” “უკვეთი” ლეგიტიმურად ჩანაცვლდეს, სამყარომ არსებობა იულიასაგან დამოუკიდებლად, დროებით მაინც უნდა შეწყვიტოს.
“უკვე” მაშინ დაიწყება, როცა აქსელი მადუღარიდან ყავას ჭიქაში გადაასხამს და იულიას გონება დროს მომენტალურად შეაჩერებს. ამ დროს აივინთან შესახვედრად წასული იულია როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად საკუთარ თავს ბორკილებისაგან ბოლომდე ითავისუფლებს. დაპაუზებულ სამყაროში ყურები აღარც კედლებს უჩნდებათ და არც რომელიმე კუთხიდან იმზირებიან ცნობისმოყვარე, უცხო თვალები. აქ იულიას მოქმედება იმ მორალურად გაუმართლებელ სიზმარს ემსგავსება, რომლის ნახვისაგან მიღებული სიამოვნება ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში მაინც გაჰყვება.
ფილმში მორიგი საინტერესო ფსიქოლოგიური ნაწილი ფსიქოდელიური სოკოების მიღებასაც ეხება, რომელიც დამჭკნარ სხეულში აღმოჩენილ გაშიშვლებულ იულიას, ჩვილისათვის ძუძუს წოვებასა და საკუთარი მამის ინდიფერენტულობით მუდმივად გაცოფებული, მისთვის მენსტრუალური სისხლით გაჟღენთილი ტამპონის სახეში სროლის ამსახველ სცენებს აერთიანებს.
“ყველაფერი მთავრდება” ფილმის უკანასკნელი თავის სათაურია, რომელიც ადამიანის წარმავლობასთან დაკავშირებულ მელანქოლიურ, სენტიმენტალურ, ამასთან შემაძრწუნებელ ემოციურ მდგომარეობებს უყრის თავს. განთიადი, რომელსაც იულია ცრემლნარევი სახით გაჰყურებს, მისთვის იმდენად მომაჯადოებელ და იმედის მომცემ სურათს ქმნის, რთულია ერთბაშად გააფიქრებინოს, რომ ამ სამყაროს ადამიანები ყოველდღიურად ეთიშებიან და მზის ამოსვლის ცქერით მოგვრილ სიამოვნებას ვეღარასოდეს განიცდიან.
ეპილოგით ერთგვარი წრე იკვრება, სადაც იკვეთება, რომ ადამიანის სულიერებით დაინტერესებული იულია ფოტოგრაფი ხდება და სამყარო, რომელიც სავსეა მოულოდნელობით, არტ გარფანკელის სიმღერის - Waters of March-ის ფონზე კიდევ ერთხელ დადასტურდება.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი