16 აპრილს თიბისი კონცეპტის სივრცეში სახელოვნებო აუქციონი - MAUDI BOOSTER გაიმართება, რომლის ფარგლებში მსურველებს შეეძლებათ 45-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევარი შეიძინონ. ბლოგში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან შავგულიძე MAUDI BOOSTER-ის აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან მისთვის გამორჩეული სამი ხელოვანის - უტა ბექაიას, ნინო ჩუბინაშვილისა და თამარ ნადირაძის ნამუშევრებს გაგაცნობთ.
უტა ბექაია
უტა ბექაიას ფასკუნჯი განსაკუთრებული ზემოქმედების უნარის სახე-სიმბოლოა, რომელიც, ისევე, როგორც მისი სამყაროს სხვა ქმნილებები, მითოსური სამყაროდან რეალურში იჭრება და წარსულისა და თანამედროვეობის მაკავშირებლის მნიშვნელობას იძენს.
კოლხური მითის თანახმად, მინდორში, ეულად მდგარ მოლაპარაკე მუხაზე ფასკუნჯი ზის და ბნელ ღამეებს ანათებს. მაშინ, როდესაც ცაზე მანათობელი არ ჩანს, ის გზას უნათებს ბედის მაძიებელ ადამიანებს, რომელთაც გამოცანა უნდა ამოხსნან. ჯადოსნური არსება, რომელიც კოსმოსის (ქვესკნელი, სკნელი, ზესკნელი) თუ ფსიქიკის (ქვეცნობიერი, ცნობიერი, ზეცნობიერი) შრეებში გადასვლის საშუალებად მოიაზრება, თავად არის გამოცანა - სამყაროს გამოცანა. სამი სკნელის მეუფეს ხომ თავად არა მხოლოდ სხვადასხვა დროსა და სივრცეში გადანაცვლება, არამედ ჩვენი გადაყვანაც შეუძლია.
უტა ბექაიას სამყაროში არქეტიპები თანამედროვე კულტურის ნიშნებთან თანაარსებობენ: ფასკუნჯი, იგივე ნათა, ნათობა, ნათელი, ნაწილიანი,ასტრალური ღვთაების ნიშნების - მანათობელი „წილების“ მატარებელია. ის დღევანდელობაში ნეონის შუქით ანათებს, რომელიც არა მხოლოდ თანამედროვე ხელოვნების მედიუმი, არამედ მნიშვნელოვანი მეტაფორაა. მისი ყველაზე დიდი კონცენტრაცია მზესა და ვარსკვლავებზეა, დედამიწაზე კი, მის სიმცირეს იმით ხსნიან, რომ ის, პირველად ატმოსფეროსთან ერთად დავკარგეთ…
ფასკუნჯის, ამ კომბინირებული არსების სხეულის ნაწილებს საკრალურიმნიშვნელობა აქვთ. მისი ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს; მაგიური ძალის მანათობელი არსება ადამიანური ხმით ლაპარაკის უნარსაც ფლობს და როგორც დედა ენაში, ისე გვასწავლის, თავიდან გვასწავლის და სამყაროების მაკავშირებლის უნარის მქონე ხელოვანის მეშვეობით, თითქოს დიდი ხნის დავიწყებულ და მნიშვნელოვან საიდუმლოს გვიმხელს სამყაროზე - აი გული.
ნინო ჩუბიკა (ნინო ჩუბინიშვილი)
ნინო ჩუბინიშვილი მისეული, უნიკალური ვიზუალური ენით თითქოს პორტალს გვიხსნის, რომელიც იმ მოუხელთებელ მდგომარეობებთან, განცდებთან, ისტორიებთან ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს, რომელიც ძალიან ღრმად დაშრევებულა თითოეულ ჩვენგანში.
მხატვრის შემოქმედებით, როგორც ულტრაბგერითი „ტალღების“ ზემოქმედების ქვეშ კვლევისას, თითქოს იმ ენერგიების ნაკადებს ვაწყდებით, ვადევნებთ თვალს და მივყვებით, რომელნიც წარმოდგენილ სხეულში ცირკულირებს. სხეულში, რომელიც არა მხოლოდ მატერიაა, არამედ თანამედროვე დეპერსონიფიცირებული ადამიანის განსახიერება, რომელიც ქვედა კიდურების, საყრდენის გარეშე დარჩენილა და ასეთ შეკიდებულ მდგომარეობაში ცდილობს გადარჩეს, არ დაეცეს; რომელიც რაღაც უხილავი ძალის მეშვეობით ინარჩუნებს წონასწორობას. იქნებ იმიტომ, რომ ამ აბსტრაქტული, ანდროგენული სხეულის შინაგანი, შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი ნაკადები მკერდთან გაერთიანებულა, კონცენტრირების ადგილად, იდეურ საყრდენად მისი ის განუყოფელი „ნაწილ-ობიექტი“ ქცეულა, რომელიც სახლს განასახიერებს?! ეს საკრალური ადგილი, სხვათა თვალთახედვის მიღმა არსებული დაცული ტერიტორია, ნომადივით თან დააქვს, სულ მასთან არის. მუდმივად მოძრაობაში მყოფი თანამედროვე ადამიანისთვის, რომელსაც ეგზისტენციალური მნიშვნელობით მუდმივი ცვლილებები განსაზღვრავს, სახლი მისი სხეულის ლოკუსად ქცეულა და მხატვრის მეშვეობით ეს კოდირებული ნიშანი ასოციაციური ნაკადების უსასრულო ჯაჭვად გარდაქმნილა, რომლის დასათაურება შეუძლებელია, რადგან ის კონკრეტულსა და აბსტრაქტულს, პირადსა და უნივერსალურს შორის არსებობს.
თამარ ნადირაძე
თამარ ნადირაძის ენიგმატურ სამყაროში არქეტიპული ლანდშაფტი ფიზიკურ მდგომარეობასთან ერთად სიმბოლურ დატვირთვასა და მნიშვნელობას იცვლის. ზღვად ქცეული მთების ტალღები ლურჯი, უდროო უსასრულობაა თითქოს, რომელიც ცდილობს შეიწოვოს, ჩაყლაპოს, შთანთქას, ჩაძიროს ყველაფერი. შეცნობის, აღმასვლის, სულიერი ინიციაციის განმასახიერებელი მთები ზოგიერთისთვის თვალსა და ხელს შუა მღელვარე ლურჯ სუბსტანციად ქცეულა, საიდანაც თავის დაღწევას ცდილობენ. ქვეყნიერების ჰორიზონტალურ პროექციაში საზღვრად მოაზრებულ ზღვის ენერგიას მათი ქმედება ასოციაციურ განზომილებაში გადაჰყავს.
ამ ფერისა და სუბსტანციის მრავალმნიშვნელოვნება კონკრეტულ განსაზღვრებებს შორის ათავსებს წარმოდგენილ სცენას და ასახული სამყაროს მიმართ დამოკიდებულებების და მოუხელთებელი შეგრძნებების ზღვას გვთავაზობს. ეს ლურჯი, როგორც არა მარტო ჩვენი დროის მეტაფორა, არამედ უსაზღვრო განზომილება, ერთდროულად ამ ფერის უამრავ მნიშვნელობას აერთიანებს. ის გოეთესეული „მომხიბლავი არარსია“, შეუცნობლის, მისტიკურის უნივერსალური სიმბოლო-ფერი, თვითშემეცნების გზასთან და ყოფიერების პირველსაწყისებისკენ სწრაფვის მეტაფორა, ტრანსცენდენტური რეალობის ინვარიანტი, ექსტაზისა და ამავე დროს ეგზისტენციალური მიუსაფრობის, არარას, შიშის განსახიერება... ეს ზღვა, ისევე როგორც ლურჯი ვეფხისტყაოსანში
და ვისრამიანში, უზარმაზარ სევდას და სულიერ ტკივილს ატარებს. ადამიანები, სწორედ ამ იდუმალი, ზღვად ქცეული მთების ტალღებში ცდილობენ სხვების გადარჩენას.
დაწერე კომენტარი