16 აპრილს თიბისი კონცეპტის სივრცეში სახელოვნებო აუქციონი - MAUDI BOOSTER გაიმართება, სადაც მსურველები შეძლებენ 45-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევრები შეიძინონ. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ხათუნა ხაბულიანი აუქციონზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის მისთვის საინტერესო ნიმუშების შეძენას გირჩევთ, რომლის ფარგლებში ოთხი ხელოვანის - ნიკა ქუთათელაძის, მერაბ გუგუნაშვილის, ანუკ ბელუგასა და ვახტანგ მუსხელიშვილის ნამუშევრებს გაგაცნობთ

 

ნიკა ქუთათელაძე


უსათაურო2022

ნიკა ქუთათელაძის ნამუშევარი სიმბოლისტური ფერწერის ასოციაციებით და ტექსტურით, რაც ხის დაფაზე ზეთის საღებავით შესრულებულ ნიმუშებს ახასიათებთ, ერთდროულად აჩვენებს კონკრეტულ დროსა და საერთოდ უდროობას, კონკრეტულ ადგილს და ამავე დროს „არსად“ ყოფნას. პერსონაჟებიც რეალური ადამიანები არიან ყოველდღიური რუტინის დინებაში, თუმცა განზოგადებული სახეებით. სურათი ჩვენ თვალწინ განიცდის ტრანსფორმაციას - ინტერიერი აქ პეიზაჟად გარდაიქმნება, ხოლო დაფიქსირებული წამიერი ადამიანური ემოცია - შეკითხვის მომცველ ფილოსოფიურ გარინდებად.

 

მერაბ გუგუნაშვილი

ამირანი, 2022

ეპოსის თემის ეფემერულ გამოსახულებად გარდაქმნა, სადაც მაქსიმალურად მგრძნობიარე ქსოვილზე აკვარელის მსგავსი მსუბუქი ეფექტითაა გადმოცემული საკმაოდ ბრუტალური, ერთგვარად მონსტრული პერსონაჟი, მერაბ გუგუნაშვილის მხატვრული ხედვისთვის სახასიათო კონტრასტული მანიპულაციაა. ამ ხელოვანს ზოგადად ახასიათებს სრულიად მოულოდნელი კომბინაციები, სადაც აგრესიული მოტივები შეიძლება დახვეწილსა და დაუცველ ფორმებს დაუკავშირდეს; მისი სამეტყველო ენა ყოველთვის ზუსტად იყენებს ფაქტურების ენას, რომლითაც ამ კონკრეტული ნამუშევრის - „ამირანის“ შემთხვევაში აბრეშუმის ზედაპირზე გრაფიკული ექსპრესიით გადმოიცემა მითური გმირისა და მასთან მებრძოლი ფრინველის ერთ არსებად ქცევა, რომელიც თავის მხრივ მინიმალისტური პეიზაჟის განუყოფელი ნაწილია, - აგებული ცეცხლისა და მთის კონტურების ღია პასტელური ლაქების თითქოსდა ქაოსური გაფანტვით.

 

ანუკ ბელუგა

საუბარი, 2022

ფერწერული ტილო „საუბარი“, მსგავსად ანუკ ბელუგას სხვა ნამუშევრებისა,

რთული კომპოზიციაა, ერთგვარად წინააღმდეგობრივი და დამაბნეველი. სურათი სიურრეალისტური სტრუქტურისაა, სადაც თითქოს პარადოქსული შინაარსი იგულისხმება, - ერთ სივრცეში ექცევა დეტალურად დამუშავებული ეგზოტიკური პეიზაჟის ელემენტები, სადაც მინიშნებებია პეიზაჟის ჟანრის სხვადასხვა პერიოდის გამოცდილებაზე მხატვრობის ისტორიიდან და ამ გარემოში ჩასმული თითქოს დოკუმენტური კადრიდან აღებული პერსონაჟები, რომლებიც ექსპრესიონისტული მხატვრობის ტიპურ სახეებად გარდაიქმნებიან ინტენსიური ფერების სამოსითა და აქცენტირებული ინდივიდუალიზმით. ქუჩის დინამიკური სცენა საუბარში გართული მოსიარულე ახალგაზრდებითა და ლეკვთან მოთამაშე ბავშვით თითქოს გადატანილია განყენებულ, უტოპიურ ბაღში, სადაც ატმოსფერო გაჟღენთილია გაურკვეველი მოლოდინის დაძაბულობით.

 

ვახტანგ მუსხელიშვილი

ტორსი

ვახტანგ მუსხელიშვილის მხატვრობა გამოირჩევა შესრულების ხარისხით, ფერწერული თუ გრაფიკული ტექნიკის ზედმიწევნით ფლობით, მხატვრობის ისტორიის თანამედროვე გააზრებით. მისი გრაფიკული ტორსი მხოლოდ ანატომიური ნახატის პერფექციონისტული შესრულება არ არის, მას განსაკუთრებული ექსპრესია ახასიათებს და სხეულის ფაქტურას, მის პლასტიკასა და სკულპტურულობას ხელშესახები დამაჯერებლობით გადმოსცემს. ის ეხება თემას, რომელიც დროის მიღმა არსებობს და მხატვრობის ძირითადი საფუძვლების მნიშვნელოვნებას განახლებულად წარმოადგენს.