დიდი ქალაქების ცხოვრების სწრაფი, დინამიკური და აქტიური რიტმი სტრესისა და დაღლილობის მიზეზი ხდება. თბილისიც სწორედ ასეთი ადგილია და ხშირად გვიჩნდება კითხვა, თუ სად გავატაროთ დრო უქმეებზე. ყველას არ შეუძლია ხანგრძლივი მოგზაურობა დაგეგმოს და შესაბამისად, ქალაქთან ახლოს ან თუნდაც თბილისში მდებარე ადგილები დასვენების ალტერნატიულ ვარიანტებად იქცა. ასეთი მოგზაურობებისას შეგიძლიათ დაისვენოთ მუდმივი აურზაურისგან, დაიმუხტოთ დადებითი ემოციებით, კარგი განწყობით და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

 

რესტორანი "კერა", მცხეთა

 



 

მცხეთა იდეალური ადგილია უქმეების სასიამოვნოდ გასატარებლად. მას შემდეგ, რაც მცხეთის ისტორიულ ქუჩებში სეირნობით ძველი ქალაქის ატმოსფეროს შეიგრძნობთ  და ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებთ, გემრიელი ვახშმის დრო დგება. Urban Food კონცეფციის რესტორან “კერაში” საინტერესო გასტრონომიული თავგადასავალი გელოდებათ. პირველ რიგში, თქვენს ყურადღებას მიიქცევს ხედი რესტორნის ფანჯრებიდან მდინარე მტკვრის ისტორიულ მხარეზე და მყუდრო ინტერიერი. “კერაში” ქართული კულინარიის უგემრიელეს კერძებს აღმოაჩენთ. ეს ადგილი განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების მოყვარულებს დაგაინტერესებთ, რადგან მენიუში ამ მხრივ სრული მრავალფეროვნებაა. ახლად მომზადებული არომატული თევზის კერძებს განსაკუთრებულად უხდება თეთრი ღვინო და ეს კომბინაცია სასიამოვნოდ დამღლელი დღის დასასრულს დადებით შეგრძნებებს კიდევ უფრო გაგიმძაფრებთ.

 

გარდენია შევარდნაძე, თბილისი 



ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ თბილისში არის ადგილი, სადაც ერთი დღით პროვანსულ გარემოში აღმოჩნდებით. Gardenia Shevardnadze სწორედ ის ადგილია, სადაც დამღლელ და სტრესულ ყოველდღიურობას დროებით დაივიწყებთ. ულამაზეს სივრცეში აუცილებლად იგრძნობთ გაზაფხულის მოსვლას. შეგიძლით ისეირნოთ ბაღში და ყვავილების ფერადოვნებით დატკბეთ, შეიძინოთ დეკორატიული მცენარეები, დააგემოვნოთ ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული უგემრიელესი კერძები და ხილის კომპოტები Little Cafe-ში, სადაც ზღაპრული გარემო დაგხვდებათ. 

 

Chateau Mukhrani



 

უქმეებზე ღვინის ტურის მოწყობას თუ გადაწყვეტთ, თბილისიდან 35 კილომეტრში ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლის, მე-19 საუკუნის საზოგადო მოღვაწის - ივანე მუხრანბატონის მიერ დაარსებული "შატო მუხრანის” მონახულებას გირჩევთ. შატო იდეალური ადგილია დასვენებისა და სოციალიზაციისთვის. შეგიძლიათ გაისეირნოთ ვენახებში, გაეცნოთ შატოს დაარსების ისტორიას და რა თქმა უნდა, დააგემოვნოთ შატოს უგემრიელესი ღვინოები. რესტორანში - „სამეფო მარანი 1878“ საგულდაგულოდ შერჩეული ქართული და ევროპული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები დაგხვდებათ, ამასთან კიდევ უფრო საინტერესო გასტრონომიულ გამოცდილებას სხვადასხვა კულინარიული აქტივობებით მიიღებთ. შატო მუხრანში მოგზაურობით მიღებული სასიამოვნო შთაბეჭდილებები და მოგონებები დიდხანს გემახსოვრებათ.

 

Sevsamora Resort&Spa, საგურამო



მშვიდი დასვენების მოყვარულებს თბილისთან ახლოს, საგურამოში სასტუმრო Sevsamora Resort&Spa-ში დასვენებას გირჩევთ. საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შექმნილი სასტუმრო ისტორიული რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. Sevsamora Resort&Spa სტუმრებს გამორჩეულ გარემოსა და სიმყუდროვეს სთავაზობს. სამი განსხვავებული სტილის რესტორანში საუზმით დაწყებული, ვახშმით დამთავრებული უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ. ამასთან, სასტუმროში დაგხვდებათ სპა-ცენტრი, ღია და დახურული აუზები, რაც დასვენების დროს დამატებით კომფორტს შეგიქმნით. 

 

 

 

თბილისის იახტ-კლუბი & La Cote 

 

 

 

დამღლელი სამუშაო რუტინის შემდეგ დასვენება თბილისის ზღვის იახტ-კლუბში თქვენს ძალებს აღადგენს. აქ შეგიძლიათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა დაგეგმოთ - იახტით და სხვა საზღვაო ტრანსპორტით გასეირნება თბილისის ზღვის ხედებით ტკბობის საშუალებას მოგცემთ, უფრო აქტიური დასვენებისთვის წყლის თხილამურებისა და სერფინგის გაკვეთილებს გირჩევთ, რაც განტვირთვასთან ერთად, სხეულის გაჯანსაღებაზეც იზრუნებს. სასიამოვნოდ დატვირთული დღის შემდეგ, რესტორან La Cote-ს ფრანგული ხმელთაშუაზღვისპირეთით შთაგონებულ გარემოში ჯანსაღი ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებულ კერძებს შემოგთავაზებენ.

 

Oasis Club Udabno



 

სათავგადასავლო ჟანრის წიგნის კითხვისას ოდესღაც ალბათ უცილებლად დაგაინტერესებდათ, როგორია ის ერთადერთი ადგილობრივი კაფე, რომელსაც პერსონაჟი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სტუმრობს. Oasis Club, რომელიც უდაბნოში მდებარეობს, ამ შთაბეჭდილებას აუცილებლად გაგახსენებთ. მარტივი ინტერიერი - თეთრი ქვის კედლები, ლურჯად და მწვანედ შეღებილი ფანჯრები, ხის მაგიდები და სკამები უდაბნოს ბუნებას ორგანულად ერწყმის. ადგილობრივი და პოლონელი მზარეულები ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ უგემრიელეს კერძებს შემოგთავაზებენ. ამასთან შეგიძლიათ თავი შეიქციოთ სამაგიდო თამაშებით, დააგემოვნოთ გამაგრილებელი ალკოჰოლური სასმელები და ჰამაკში მოკალათებულები უდაბნოს ხედებით დატკბეთ. თუ ამ განსაკუთრებულ ადგილას დარჩენას გადაწყვეტთ, აქ ორი ტიპის სასტუმროც დაგხვდებათ. 

 

Jewelberry Glamping, მცხეთა

თუ გსურთ განსაკუთრებულ ატმოსფეროში დასვენების სრულიად ახალი გამოცდილება შეიძინოთ, Jewelberry Glamping-ში დასვენებას გირჩევთ, რომელიც თბილისიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, მცხეთაში მდებარეობს. აქ დაგხვდებათ კომფორტული კარვის ტიპის სახლები, საცურაო აუზი, რესტორანი გემრიელი კერძებით, დასასვენებელი სივრცე და კინოთეატრი ღია ცის ქვეშ. დღისით შეგიძლიათ ველოსიპედით გაისეირნოთ, საღამოს კი ბუხართან მოკალათდეთ გემრიელი წითელი ღვინით ხელში. Jewelberry Glamping-ში მარტო, საყვარელ ადამიანთან ერთად თუ მეგობრების მხიარულ გარემოცვაში დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. 

სოფელი ასურეთი



ერთი დღით ქვემო ქართლის პატარა სოფელს - ასურეთს, იგივე ელიზაბეტტალს ესტუმრეთ, რომელიც გერმანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი პატარა სახლებით სამხრეთ გერმანიის  მყუდრო სოფელს მოგაგონებთ. საინტერესოა მისი დაარსების ისტორია - XIX საუკუნის 20-იან წლებში ამ ტერიტორიაზე გერმანელი კოლონისტები დასახლდნენ, რომლებმაც გერმანული დასახლება - "ელიზაბედტტალი" შექმნეს. სოფელი დღესაც ინარჩუნებს ავთენტურობას. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ უნიკალური საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, გოთიკური სტილის  ლუთერანული ტაძარი და ღვინის მარანი, რომელშიც ვაზის ძველი ტრადიციული ჯიშების სელექციით გამოყვანილი "შალლასგან" უგემრიელესი წითელი მშრალი ღვინო მზადდებოდა. 

 

ბაზალეთის ობსერვატორია

 

 

 

ასტროფოტოგრაფიისა და ვარსკვლავებზე დაკვირვების მოყვარულებს თბილისთან ახლოს, დუშეთის რაიონში ბაზალეთის ობსერვატორია გიმასპინძლებთ. ღამით ცაზე ვარსკვლავების ჯადოსნური ხედი სიმშვიდის, სიჩუმისა და სრული დასვენების განცდას შეგიქმნით და ეს მოგზაურობა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აუცილებლად დაგამახსოვრდებათ დიდი ხნის განმავლობაში.

 

 

 

ფოტო: ზაქარია ჭელიძე, wander-lush, ლევან მაისურაძე, Geo-astro, ნატა აბაშიძე-რომანოვსკაია, vavava

 

ავტორი: მარიამ ქორიძე