ჰირშჰორნის მუზეუმი და სკულპტურის ბაღი იაიოი კუსამას გამოფენას - One with Eternity-ს მასპინძლობს. გამოფენა, რომელსაც ვიზიტორები პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში ელოდებოდნენ, 1-ელ აპრილს გაიხსნა და 27 ნოემბრამდე გრძელდება.

 

 

ექსპოზიცია დამთვალიერებლებს ფსიქოდელიურ, კუსამას შემოქმედებისათვის დამახასიათებელი წერტილებით სავსე სამყაროში იწვევს და მუზეუმის კოლექციაში დაცულ არტისტის 5 ნამუშევარს აერთიანებს, რომელთაგან ორი - Phalli’s Field (1965) და My Heart is Dancing into the Universe (2018) მუზეუმის მიერ ახლახან შესყიდული უსასრულო სარკეების ოთახებია. ამ სივრცეებში აღმოჩენილი ვიზიტორები ანარეკლების უსასრულო რიგების შუაგულში სამყაროს უსაზღვრობის ილუზიას ეზიარებიან. ჰალუცინოგენურ ოთახებთან ერთად ექსპოზიციაზე წარმოდგენილია კუსამას ადრეული წლების მხატვრობა, სკულპტურები - Pumpkin (2016) და Flowers-overcoat (1964), ასევე არტისტის ფოტოსურათები.


შეგახსენებთ, რომ ჰირშჰორნის მუზეუმში იაიოი კუსამას გამოფენა - Infinirty Mirrors 2017 წელს გაიმართა. ექსპოზიცია თითქმის მილიონმა ვიზიტორმა იხილა, რაც მუზეუმის გახსნის დღიდან (1974) დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

ფოტო: Artsy, This magazine

ავტორი: ანა გაბისიანი