ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის დაგეგმვისას ხანდახან გვავიწყდება მოდერნისტული ვილები, რომლებიც ხმაურიანი დიდი ქალაქებისგან მოშორებით, მშვიდ გარემოში მდებარეობს და სტუმარს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას ჰპირდება. წარმოგიდგენთ ევროპის ქვეყნების ვილებს, რომლებიც საუცხოო არქიტექტურას, დიზაინს, კულტურისა და ბუნების შთაგონებას აერთიანებს.
Casa Olivi, იტალია
ლა მარშის შუაგულში მდებარე მდიდრული დასასვენებელი სახლი Casa Olivi - ერთ დროს ძველი ფერმა სოფლის ცხოვრებისა და თანამედროვე დიზაინის ნაზავია. ვილა ქალაქ ტრეას მწვანე ბორცვებითა და ადრიატიკის ცისფერი ზღვითაა გარშემორტყმული. სახლის ფრანგმა მფლობელებმა არქიტექტორებთან ერთად მიტოვებული ფერმა და მიმდებარე ბეღლები თანამედროვე და მდიდრულ დასასვენებელ სახლად გადააკეთეს. ვილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა აუზია, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მდიდრულ სახლს. მინიმალისტური ინტერიერი მქონე Casa Olivi ღვინის ქარხნების, რესტორნებისა და ფერმების გვერდით მდებარეობს და სტუმრებს კულინარიულ თავგადასავალსაც ჰპირდება. ადგილობრივი პროდუქტებისგან დამზადებულ უგემრიელეს კერძებს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფმზარეული შემოგთავაზებთ.
Cabanon Concrete Retreat, საბერძნეთი
ლე კორბუზიეს Le Cabanon იყო მინიმალისტური ბეტონის სახლის - Cabanon Concrete Retreat-ის შემქმნელების შთაგონება. ბეტონის სახლი კრეტაზე, ზეთისხილის ხეებშია ჩაფლული და კუნძულის საუცხოო ხედებს გადაჰყურებს. პროექტის კონცეფციის მიხედვით სახლი გარესამყაროსგან იზოლირებულია, თუმცა კრეტის მთავარ ღირსშესანიშნაობასთან, პლაჟთან ახლოს მდებარეობით სტუმრებისთვის იდეალურ დასასვენებელ ატმოსფეროს ქმნის. მინიმალისტურ ინტერიერში საცხოვრებელი, საძინებელი და სასადილო ერთ სივრცეშია გაერთიანებული, ფანჯრებიდან კი, ჩრდილო-დასავლეთით, სანაპიროს ხედი იშლება.
Casa Salvati, იტალია
საკულტო დასასვენებელი სახლი - Casa Salvati, რომელიც არქიტექტორების - ალბერტო სალვატისა და ამბროჯიო ტრესოლდის მიერ 1972 წელს აშენდა, ჩრდილოეთ იტალიაში, გარდის ტბის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. სალვატისა და ტრესოლდის შემოქმედების მნიშვნელოვანი ელემენტი - ფერების ოსტატურად გამოყენება ამ პროექტშიც აისახა. კუბის ფორმის თეთრი შენობა მნახველებს ფასადზე დახურული კაშკაშა ყვითელი კიბით ხვდება. სამი ერთნაირი დასასვენებელი სახლის ანსამბლის ნაწილი, Casa Salvati-ს მოდერნისტული ინტერიერი ნათელი და საბაზისო ფერებითაა გაძლიერებული. დახურული ტერასა სახლის უკანა ნაწილში თუ გრილის ადგილი მწვანე ბაღში - დამსვენებლები განტვირთვის ადგილს მარტივად აღმოაჩენენ.
Neuendorf House, ესპანეთი
ვარდისფერ საზაფხულო სახლზე ცნობილი ინგლისელი არქიტექტორი - ჯონ პაუსონი და მისი პარტნიორი - კლაუდიო სილვესტრინი ერთად მუშაობდნენ. Neuendorf House მინიმალისტური არქიტექტურით, საცურაო აუზით, მიწისქვეშა ჩოგბურთის კორტითა და კეთილმოწყობილი ბაღით ხიბლავს დამსვენებელს. ფასადებზე ვარდისფრის მისაღწევად, ადგილობრივი მიწის პოგმენტი და თაბაშირია გამოყენებული. ვილა ხუთი წუთის სავალზე მაიორკას ერთ-ერთი ულამაზესი პლაჟიდან, S'Amarador-დან და მონდრაგოს ბუნებრივ პარკში მდებარეობს. მინიმალისტურ ექსტერიერთან ერთად ინტერიერში თეთრი კედლები, ღია ფერის კრამიტის იატაკი და ხის ავეჯი ვილას ხმელთაშუა ზღვის მინიმალიზმის შესანიშნავ ნიმუშად აქცევს.
Villa Cardo, იტალია
Villa Cardo იტალიაში ექსკლუზიური დასასვენებელი ადგილია, რომელიც ძველისა და ახლის იდეალური ნაზავია. ვილის თეთრი ოთახები ბუნებრივ ფერებს, მდიდრულ მასალებსა და თანამედროვე დიზაინის ორიგინალურ სტილს აერთიანებს. Villa Cardo აპულიას რეგიონის განსაცვიფრებელი ხალხური დეკორითაა შთაგონებული: გვხვდება გეომეტრიული თეთრი რომბები, შეთეთრებული კედლები, ქვიშისფერი იატაკი და თაღოვანი ჭერი. ვილას ამშვენებს საცურაო აუზი, გარე აბანო. დამსვენებლებს შეუძლიათ ისარგებლონ საკუთარი კინოთეატრით და ტერასით ვილის სახურავზე.
Casa Luum, პორტუგალია
პეტრო დომინიგოს მიერ შექმნილ თანამედროვე casa luum-ში სუფთა ხაზები, თეთრი კედლები და ბეტონი დომინირებს, რაც ბუნებრივ გარემოსთან საინტერესო არქიტექტურულ კონტრასტს ქმნის. თეთრი გეომეტრიული სახლი საცურაო აუზით, სასადილო სივრცითა და გარე შხაპით ეზოს გარშემოა აშენებული. ბუნებრივი მასალები და მიწიერი ფერები ინტერიერშიცაა გამოყენებული. სახლის პირველ სართულზე ოთხი საძინებელი, სამზარეულო და სასადილო ოთახია, რომელიც დიდ ტერასაზე გადის.
Capo Zafferano, იტალია
ზღვიდან სულ რაღაც 30 მეტრში, ვილა Capo Zafferano კაპო ზაფერანოს კლდოვანი ფერდობიდან სიცილიის ჩრდილოეთ სანაპიროს გადაჰყურებს. იტალიელმა არქიტექტორმა - არმანდო ბარაჯამ სახლი 1980-იანი წლების ბოლოს დააპროექტა, როგორც საზაფხულო რეზიდენცია თავისი ოჯახისთვის. ისეთი დეტალებით, როგორიცაა ილუმინატორის ფანჯრები, მოაჯირები და ზღვის მუდმივი ხედი ვილა გემსაც მოგაგონებთ. სახლი თანამედროვე არქიტექტურულ შტრიხებსა და თვალწარმტაც ბუნებრივ პეიზაჟებს აერთიანებს. ინტერიერი საკულტო ავეჯითაა მოწყობილი: დინო გავინას მარმარილოს მაგიდა, ვერნერ პანტონისა და მარსელ ბროიერის სკამები და მრავალი სხვა იშვიათი ნივთი ვილას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.
Birkedal, დანია
კოტეჯი აღმოსავლეთ დანიის კუნძულზე კოპენჰაგენელმა არქიტექტორმა იან ჰენრიკ იანსენმა ააშენა. სახლი, რომელიც ცხრა ურთიერთდაკავშირებული ცილინდრული კონსტრუქციისგან შედგება, დაფარულია ათასობით ნაძვის მორით და სანაპიროდან შეგროვებული კენჭებითაა მოპირკეთებული. სახლის ლოკაცია - შემაღლებული ადგილი მიმდებარე მდელოებსა და ტყეებზე ხედებს სთავაზობს დამსვენებელს. Birkedal ნამდვილ ხის სახლს ჰგავს თანამედროვე არქიტექტურული შტრიხებით. ინტერიერში ხის კედლები თეთრადაა შეღებილი, ხოლო ოთახებში შუა საუკუნის სტილის ავეჯი და სპილენძის განათებებია გამოყენებული. Birkedal კლასიკური სკანდინავიური არქიტექტურის ნიმუშია.
L’etoile des Baux, საფრანგეთი
L’etoile des Baux - მიმზიდველი თანამედროვე არქიტექტურის, უძველესი ქვის კედლების, მოზაიკის იატაკისა და თბილი პროვანსული ტონების იშვიათი კომბინაციაა. ეს რვაოთახიანი სახლი ლ კლდოვან კირქვის კლდესა და შთამბეჭდავ შუა საუკუნეების ციტადელს - Les Baux de Provence-ს გადაჰყურებს. ვილა გარშემორტყმულია ვენახებით, ზეთისხილის ხეებით და ალპილეს ქედით, რომლით ტკბობაც ვილის აუზიდანაცაა შესაძლებელი. ვილის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა რესტორანია, სადაც სტუმრებს ადგილობრივი სამზარეულოს საუკეთესო კერძებსა და რეგიონულ არომატულ ღვინოებს სთავაზობენ. მინითეატრი და კინო ღია ცის ქვეშ, სპორტული დარბაზი, ჩოგბურთისა და გოლფის მოედნები დამატებითი კომფორტია.
ფოტო: Ignant, Cabanon Concrete Retreat, Casa Salvati, Urlaubs Architektur, Neuendorf House, Salva Lopez, Alexander Bogorodskiy, Dezeen, Les Baux de Provence
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი