ომის შემზარავი სურათი, რომელიც სხვა მრავალ სიძნელესთან ერთად არაერთ მსხვერპლს, იძულებით გადაადგილებულებს, უეცრად თავშესაფრის გარეშე აღმოჩენილებსა თუ ირგვლივ საყვარელი ადამიანების გარეშე დარჩენილ პირებს მოიცავს, იმდენად აუტანელ, შეუგუებელ მოცემულობად იქცევა, რომ პროტესტის გრძნობის გარეშე, გულგრილს ვერავის დატოვებს. განსაკუთრებით დღეს, როცა უკრაინის ქალაქები და სოფლები იბომბება, როცა ადამიანებისა და ცხოველების გვამები ქუჩებშია.
ხელოვანები, რომლებიც პროტესტის მთავარ იარაღად საკუთარ შემოქმედებას მიმართავენ, ომის ტრაგედიას სხვადასხვა დროს მრავალმხრივი ფორმებით ეპასუხებიან. სერბი ხელოვანი მარინა აბრამოვიჩი, რომლის პერფორმანსები ახალი სპირიტუალური საფეხურის მიღწევასთან ერთად პროტესტის გამოხატვასაც ემსახურება, 1997 წლის ვენეციის ხელოვნების ბიენალეს ფარგლებში ბოსნიის ტრაგედიის შთაგონებით ომის საწინააღმდეგო ემოციურ ნამუშევარს - Balkan Baroque-ს ასრულებს. აბრამოვიჩის სიტყვებით, იმ პერიოდში ბოსნიაში ომის დაწყება მისთვის სიძნელეებს უკავშირდებოდა. მაშინდელი ომის შემზარავ სურათზე არაერთი ხელოვანი უმალ რეაგირებდა, მას კი ომი იმდენად ახლოს შეეხო, რომ აანალიზებდა - ტრაგედია შემოქმედებითად პარალიზებულს ტოვებდა.
საპროტესტო პერფორმანსის განსახორციელებლად, რომლის იდეა მარინამ საბოლოოდ შეიმუშავა, იგი მშობლიურ ქალაქს, ბელგრადს ეწვია, სადაც ინტერვიუ ჩაწერა როგორ თავის მშობლებთან, ისე კაცთან, რომელიც 35 წლის განმავლობაში ვირთხებს იჭერდა. აბრამოვიჩის ფიზიკური პერფორმანსი 3-არხიან ვიდეოინსტალაციასაც მოიცავდა, რომლებიც ასახავდა მარინას მამას იარაღით ხელში, დედას, რომელიც პირველად ცარიელ ხელებს აჩვენებდა, შემდეგ კი მათ აჯვარედინებდა და საკუთარ თვალებზე იფარებდა. ვიდეოში თავად მარინაც ჩნდებოდა - თავდაპირველად ექიმად, რომელიც ვირთხის დამჭერის ამბებს ჰყვებოდა, მომენტალურად თეთრ ხალათს იხდიდა და შავ კაბაში გამოწყობილი Hungarian Czardas-ის ცეკვას იწყებდა. პერფორმანსის მთავარი ნაწილი ვიდეოინსტალაციების წინ, ცხოველების ძვლების გროვის შუაგულში აღმოჩენილი მარინას ირგვლივ ვითარდებოდა, რომელიც იჯდა და ამ ძვლებს რეცხავდა, ამასთან თავისი ბავშვობის ხალხურ სიმღერებს მღეროდა და პერიოდულად ქვითინებდა. როგორც მარინა იხსენებს, მაშინ ვენეციაში ზაფხული იდგა და ძალიან, ძალიან ცხელოდა. ორიოდე დღეში ძვლებიდან ჭიაყელებმა დაიწყეს გამოსვლა და ირგვლივ აუტანელი სუნი დგებოდა.
Balkan Baroque-ს პერფორმანსის მთელი იდეა პერფორმერის მხრიდან ძვლების რეცხვისა და სისხლის მოცილების მცდელობის ამაოებას ეხებოდა, რაც მარინას სიტყვებით, ამ რეალობაში ვლინდება - “ისევე ვერ ჩამოირეცხავ სისხლს ხელებიდან, როგორც ვერ ჩამორეცხავ სირცხვილს ომისგან”.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი