ბრიტანელი არტისტი - ალფი კეინი საკუთარ ნამუშევრებში ყოველდღიური ცხოვრების სცენებსა და ნაცნობ ინტერიერებს საოცნებო, თითქმის ფანტასტიკურ ადგილებად გარდაქმნის. კეინის გამოცდილება მნიშვნელოვანია თითოეული ნამუშევრის შექმნისას. ჭვავის ველები და აღმოსავლეთ სასექსის სანაპიროები ის ფანტასტიკური ადგილებია, რომელთა პეიზაჟები და ატმოსფერო ხშირად მეორდება არტისტის შემოქმედებაში.
განათლება არქიტექტურასა და დიზაინში ხელოვანის დეტალებზე ყურადღების გამახვილებაში ვლინდება, რაც მისი მუშაობის ყველა ასპექტშია შესამჩნევი. კეინი კომპოზიციის შესაქმნელად და დახვეწილი ფორმებისა და ფერების მისაღებად წინასწარი ჩანახატების სერიას იყენებს. იმ დიზაინერების ნამუშევრები, რომლებიც შთააგონებს და აღაფრთოვანებს არტისტს, მის შემოქმედებაში დეკორის ობიექტების სახითაა წარმოდგენილი. კეინის სამყარო, რომელიც ძირითადად სავსეა წარმოსახვითი ქალაქგარე სივრცეებით, ინტერიერში გაპრიალებული ფილებით, ახლად დაკრეფილი მინდვრის ყვავილებით, ნაზი იისფერი და ოქროსფერი შუქჩრდილებით, მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს და დამთვალიერებლის ფანტაზიაში ქმნის ადგილს დასვენებისთვის.
“ადამიანებს მოსწონთ ისეთი ხელოვნება, რომელიც გაძლევს ყველაფრისგან თავის დაღწევის საშუალებას", - ამბობს ხელოვანი.
მაცდურად გაღებული ხის კარი, ნისლით ნახევრად დაბურული სახლები მნახველს კეინის სამყაროსკენ იზიდავს და აიძულებს დააკვირდეს ხელოვანის მიერ ზედმიწევნით დეტალურად შექმნილ მშვიდ ყოველდღიურ სცენებს.
ფოტო: Alfie Caine
ავტორი: მარიამ ქორიძე
დაწერე კომენტარი