შენობები, რომლებმაც პირვანდელი ფუნქცია დაკარგეს და დღეს მხოლოდ ნანგრევების სახითაც ძლივს შემორჩენილან, წარსულის ეპიზოდებს ინახავენ და ოდესღაც არსებულ ცოცხალ რეალობას ფასადებისა და ინტერიერის დეტალებით ააშკარავებენ, ამასთან კითხვების ამარაც გვტოვებენ - რას ამბობენ შენობები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დიდი ხნის წინათ გაუჩინარდნენ, ვინ ჩაიხედა საძინებლების სარკეებში უკანასკნელად, ან რამდენად შეეძლო წარმოდგენა სეირნობიდან დაბრუნებულს, რომ კედელთან მიყუდებულ ველოსიპედს აღარასდროს მიაკითხავდა.
თვითნასწავლი იტალიელი ფოტოგრაფის - ნიკოლა ბერტელოტის სერია, რომლის ნიმუშების ნაწილი დაკარგული სამოთხისადმი სინანულის მომგვრელიცაა, მიტოვებული სივრცეების შეულამაზებელ სინამდვილეს აღბეჭდავს. თემატურად სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფილი სურათები მდიდრული შენობების, ძველი ეკლესიების, საჯარო თავშეყრის სივრცეებისა თუ მოულოდნელად აღმოჩენილი ადგილების კადრებს აერთიანებს.
“ყველაფერი, რაც დედამიწიდან მოდის, საბოლოოდ მას დაუბრუნდება”, - წერს ბერტელოტი სერიის - Restitution-ის ნაწილში. მასში შესული ოცდაათამდე გამოქვეყნებული სურათი, ერთი მხრივ, შენობებისა და მწვანე გარემოს უჩვეულოდ თვალწარმტაც სინთეზს წარმოაჩენს, მეორე მხრივ კი დამკვირვებელს ბრუტალურობის, წარმავალობის და საწყისებთან დრამატული დაბრუნების გრძნობებს უგზავნის.
სერიის სხვა კატეგორიის სახელია Festival, რომელში შესული სურათები დღეს უკვე უფუნქციოდ დარჩენილ თავშეყრის ადგილებს ასახავს. ერთ-ერთ ნამუშევარში ბოლო სართულის შენობის კიბეებთან ვხედავთ ოდესღაც წითელი ასო-ბგერებით შესრულებულ სიტყვას - CINEMA, რომლის შეფერილობა ბერტელოტის კამერის წინ სანახევროდ გამქრალია. სხვა გამოსახულება კი მოუპირკეთებელი კედლის, ფოთლებდაყრილი იატაკისა და მტვერმოკიდებული სკამების შუაგულში მხოლოდ სიტყვა - CINE-ს აჩვენებს. რაც შეეხება სცენებს, რომლებზეც ოდესღაც თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა, ბერტელოტის სურათებში მარტოსულ, სევდისმომგვრელ, მეტისმეტად ხმაურიან სიჩუმეში ირინდებიან.
“...შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად მდიდრული იყო ეს ადგილები წარსულში”, - წერს ფოტოგრაფი The Great Beauty-ს სურათებზე, რომლებშიც ჩამოხეული შპალერების, მიტოვებული აუზის, მტვერში გახვეული საძინებელი ოთახის, დაშლილი პიანინოს, განადგურებული იატაკებისა და ინტერიერში უჩვეულოდ აღმოჩენილი, შუაზე გადაჭრილი ნავის მიღმა თვალწინ თავბრუდამხვევი საღამოები, მეჯლისები, შეხვედრები თუ მდიდარი ოჯახების სიამოვნების მომგვრელი წამები გაგვიცოცხლდება.
მიტოვებული ადგილების სერიის ერთ-ერთი ნაწილი - Picturesque იტალიურ ვილებსა და სასახლეებს ასახავს, რომელთა კედლებისა და ჭერის ფრესკები მნახველს თითქოს ძველ ეპოქებში ამოგზაურებს. მიუხედავად შენობების ნანგრევებში მოყოლისა, მათი ინტერიერები ძველი სიდიადის შენარჩუნებას ისევ ცდილობენ. სერიის გამორჩეული ნაწილია Sancta Sanctorum-იც - ძველი სამლოცველო ადგილები, რომელთა ოდესღაც სიმშვიდის მომგვრელი სივრცეების ატმოსფერო დღეს უკვე შემაძრწუნებელია
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი