სულ ცოტა ხნის წინ Pink Floyd-მა უკრაინის მხარდასაჭერად კლიპი - Hey Hey Rise Up გაავრცელა. სინგლზე მუშაობდნენ დევიდ გილმორი და ნიკ მეისონი, ასევე გაი პრეიტი ბასზე და ნიტინ სოჰნი კლავიშზე. კლიპში გამოყენებულია უკრაინული ბენდის, Boombox-ის წევრის - ანდრეი ხლივნიუკის ვოკალი, რომელმაც კიევში, წმინდა სოფიას მოედანზე პირველი მსოფლიო ომის დროს დაწერილი უკრაინული სიმღერა - Oh, The Red Viburnum In The Meadow შეასრულა და თავის ინსტაგრამ-ანგარიშზე გამოაქვეყნა. Pink Floyd-ის ახალი სინგლის სათაური ამ სიმღერის უკანასკნელი სიტყვებითაა შთაგონებული, რომელიც ინგლისურად ჟღერს, როგორც - “Hey, hey, rise up and rejoice”.
დევიდ გილმორი, რომელსაც უკრაინელი რძალი და შვილიშვილები ჰყავს, აცხადებს: “ვიმედოვნებ, რომ Hey hey rise up-ს მხარდამჭერები გამოუჩნდებიან და იგი ხალხამდე მიაღწევს. ჩვენი სურვილია გამოვხატოთ უკრაინისადმი მხარდაჭერა და ამ გზით ვაჩვენოთ - მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ სრულიად არასწორია ძლევამოსილი სახელმწიფოს შეჭრა ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც უკრაინაა”.
სინგლისათვის შექმნილი ქავერი ასახავს უკრაინის ეროვნულ ყვავილს - მზესუმზირას, რომელზეც კუბელმა არტისტმა იოსან ლეონმა იმუშავა. Pink Floyd-ის ოფიციალური განცხადების მიხედვით, ნამუშევრის კონცეფცია პირდაპირ უკავშირდება იმ უკრაინელ ქალს, რომელიც რუს ჯარისკაცებს მზესუმზირის მარცვლებს აწვდიდა, სთხოვდა, რომ ისინი ჯიბეში შეენახათ, რათა დაღუპვის შემდგომ მათ ადგილას მზესუმზირები ამოსულიყო.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი