ახლა, როცა ყველა სახლშია, ადამიანებს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ იმისთვის, რომ მიმდინარე კულტურულ პროცესებს თვალი ადევნონ, გაეცნონ ამ პროცესში ჩართულ, მათთვის აქამდე უცნობ ადამიანებს, ან კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ უკვე კარგად ნაცნობ და საყვარელ წიგნებს, ნამუშევრებს, ფილმებსა თუ მუსიკას. Hammock Magazine გთავაზობთ კურატორ ელენე აბაშიძის მიერ კონცეპტუალურ მაღაზია They Said Books-ში შერჩეული წიგნების ჩამონათვალს, რეკომენდაციებს იმის შესახებ თუ They Said Books-ის რომელი წიგნების შეძენა და გაცნობა შეგვიძლია სახლში ყოფნის დროს, მაშინ როცა ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს და გვსურს, რომ ეს დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გავატაროთ.
ვაჟა-ფშაველას “ია”
ვაჟა-ფშაველა ალბათ ერთადერთი ქართველი ავტორია, რომელიც ბავშვობიდან დღემდე მუდმივად მიყვარს. მიხარია, რომ "ზოლიანმა კატამ" წიგნი ძალიან ნიჭიერი ანკა ბოჭორიშვილის ახალი ილუსტრაციებით გამოსცა და ამით მას ახალი სიცოცხლე შესძინა. “ია” დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
დანართი
ჩემი მეგობრების და ჩემი ჟურნალია და ამიტომ უკომენტაროდ გირჩევთ წაიკითხოთ.
Massive Attack
ეს იკონური ტრიპ-ჰოპის ჯგუფია 90-იანი წლებიდან, რომლის სიყვარული არც ერთხელ არ გამქრობია. სხვა მსგავსი ჯგუფებისგან გამოირჩევა მდიდარი ლექსით, მრავალი ხმით და მელოდიურობით. ჩემთვის ეს ჯგუფი ამ ეპოქის კლასიკაა.
ვოლფგანგ ტილმანსი
ვოლფგანგ ტილმანსმა შექმნა სტილი, რომელსაც უამრავი ახალგაზრდა მიმდევარი ჰყავს. ალბათ დღევანდელი სოციალური დისტანციის პირობებში ყველასთვის ნოსტალგიურია მისი ნამუშევრები, რომლებიც ახალგაზრდობას, ურთიერთობებს, გართობას და ერთად ყოფნას ყველაზე უკეთ გადმოსცემს.
გამომცემლობა Prestel-ის წიგნები ჯორჯია ო კიფი და ლუიზ ბურჟუა
ორი სხვადასხვა წარმომავლობის, თაობის და მიდგომის შემოქმედია, რომელთა ხელოვნებას მხოლოდ მათი სქესი აერთიანებს. ამ ორ ხელოვანს მოუწია ეცხოვრა და ემუშავა იმ დროს, როდესაც ხელოვნებას თითქმის მხოლოდ კაცები ქმნიდნენ. ო კიფი მხოლოდ დიდი ზომის ყვავილებს ხატავდა. ფემინისტების ეს საყვარელი მხატვარი თავს არც ერთ ფემინისტურ მოძრაობასთან არ აიგივებდა, თუმცა მისმა დანატოვარმა დიდი გავლენა იქონია ფემინისტურ ხელოვნებაზე. ბურჟუა თავის მდიდარ შემოქმედებაში უამრავ თემას ეხება. ის ხშირად იუმორით და განსაკუთრებული სიცხადით უსვამს ხაზს კაცის დომინაციის საკითხს. რასაკვირველია, მათი შემოქმედება ბევრად ფართოა, ვიდრე მათი სქესი და საოცრად დიდია მათი გავლენა თანამედროვე მსოფლიო ხელოვნებაზე.
Phaidon Reading Art
საინტერესო გამოცემაა ხელოვნებასა და წიგნებზე, სადაც წიგნი წარმოდგენილია, როგორც ხელოვნების ნიმუში. ვისაც წიგნების შეგროვება უყვარს, მათთვის ეს გამოცემა იდეალურია.
დაწერე კომენტარი