თანამედროვე ხედვისა და ნოსტალგიური დეტალების სინთეზი, გამოსაყენებლად კომფორტული და ვიზუალურად დასამახსოვრებელი. ობიექტი, რომელიც მასში განთავსებული კომპანიის ფუნქციაზე დიზაინის საშუალებით გვიყვება. Color Group-ის სამუშაო სივრცის დიზაინ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, კომპანიის მრავალფეროვან საქმიანობაზე ხაზგასმაა. ინდუსტრიული ელემენტებით გაჯერებული თანამედროვე სივრცე, გამორჩეულ ხასიათს სარეკლამო სფეროსთვის დამახასიათებელი დეტალებით იძენს, მკაფიო ასოციაციები ქმნის განწყობას და სტუმარს ვიზუალურ ინფორმაციას აწვდის.
უფრო კონკრეტულად, ინტერიერის დიზაინში გამოყენებული მასალების ნაწილი, მაგალითად, კედლის ფაქტურა ბეჭდვის ეფექტით და დიზაინ ობიექტები, სარეკლამო თუ პოლიგრაფიულ სფეროში არსებული სხვადასხვა ტექნიკებიდან არის აღებული. რესეცეფციის მაგიდა, რომელიც ბეჭდვის ცნობილი ტექნიკით (Four Color Offcet Printing) არის შესრულებული, ერთ-ერთი წამყვანი დიზაინ ობიექტია სივრცეში.პოლიკარბონატის პანელებით დამუშავებული რესეცეფციისა და სამუშაო სივრცის გამყოფი კედელი ,ოფისში მიმდინარე პროცესებს აირეკლავს და ცოცხალ ინსტალაციად იქცევა. ბეჭდვის ძველი მეთოდის გამოყენებით დამუშავებული კედლები, თანამედროვე სივრცესთან მიმართებაში, უცხო და საინტერესო კონტრასტს ქმნის.
ოფისში მიმდინარე საქმიანი პროცესებისა და მოცემული ფართობის გათვალისწინებით, მთავარი სამუშაო ოთახის მოწყობა ღია განლაგების პრინციპით გადაწყდა. მასში ინტეგრირებული შეხვედრების ცილინდრული სივრცე , ინტერიერის ცენტრალურ ნაწილად იქცა. საკონფერენციო სივრცის უკანა მხარეს განლაგეულია დაფებითა და სათავსოებით დატვირთული ინდივიდუალური სამუშაო ოთახები.
საპროექტო ობიექტი თანამედროვე ბიზნეს-ცენტრში მდებარეობს, კედლის კვარტალური განაშენიანების ფონზე, ოფისიდან ფუტურისტულად აღიქმება არსებული საბჭოური საცხოვრებელი ბლოკები. სწორედ ამან განაპირობა პროექტში ნოსტალგიური ელემენტების შემოტანა და თანამედროვე სივრცის გაფორმება საბჭოთა პერიოდის ფილმებიდან აღებული ფრაზებით. ამ შემთხვევაში, ეპოქალური და ტექნიკური რევერსი გადაწყდა. შინაარსისგან განსხვავებით, წარწერების შესრულების ტექნიკა თანამედროვეა და ისინი ნეონის სანათებით არის გაკეთებული. დიზაინის შექმნისას ერთ-ერთი მიზანი იყო, სივრცე ვიზიტორებისთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო. სტუმრების განწყობის შექმნაზე, გარდა საერთო ვიზუალური სურათისა, კედლებზე დატანილი სამოტივიციო და სახალისო წარწერები იზრუნებს. სტუდია DesignBureau-ს გუნდი 2004 წლიდან მუშაობს განსხვავებული მასშტაბების კომერციული და საცხოვრებელი ობიექტების არქიტექტურასა და დიზაინზე.
ტექსტის ავტორი: ეკა ადეიშვილი
ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი
დაწერე კომენტარი