სახელოვნებო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოვლენა - ვენეციის ხელოვნების ბიენალე - უკვე 120 წელზე მეტია იმართება და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მთავარ გამოფენასთან ერთად ეროვნულ პავილიონებსა და პარალელურ პროგრამას მასპინძლობს. თითოეული საერთაშორისო გამოფენის კონცეფცია კონკრეტულ თემას უკავშირდება, რომელზეც საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად მოწვეული კურატორი მუშაობს. ქართველი ხელოვანები ვენეციის ბიენალეზე მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მონაწილეობენ - საბჭოთა კავშირის ჯგუფური გამოფენის ფარგლებში ან სხვა ქვეყნის სახელით. მათ შორისაა ქართველი მხატვარი ვერა ფაღავა, რომელიც ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე საფრანგეთის სახელით 1966 წელს წარდგა და მისი ნამუშევრების განსათავსებლად საფრანგეთის პავილიონის ცალკე ოთახიც გამოიყო. ამ გამოფენამ ხელოვანის შემოქმედებას ფართო გზა გაუხსნა და ევროპის მასშტაბით კიდევ უფრო წარმატებული გახდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდის ქართველი მხატვრებიდან ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე სერგო ქობულაძე 1956 წელს წარდგა ნამუშევრით “დანტე ალიგიერი”, ასევე 1972 წელს საბჭოთა კავშირის ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ირაკლი ოჩიაურმა.

 


ვერა ფაღავა, საფრანგეთის ეროვნული პავილიონი © Association culturelle Vera Pagava

 

ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე პირველი ქართული წარმომადგენლობა 1990-იანი წლების ბოლოდან ჩნდება. 1997 წელს ვენეციის ხელოვნების 47-ე ბიენალეზე ხელოვანი გია ეძგვერაძე რუსეთის პავილიონის პირველ სართულზე საქართველოს წარადგენს ნამუშევრით - My Father Told Me. ხელოვანის მოთხოვნით რუსული პავილინის იმ ნაწილს, სადაც თავისი ნამუშევარი იყო განსათავსებელი, აუცილებლად უნდა ჰქონოდა წარწერა - “საქართველო”. როგორც გია ეძგვერაძე იხსენებს, რადგანაც პავილიონს ფინანსური მხარდაჭერა პრაქტიკულად არ ჰქონდა, შესასვლელში წარწერა “საქართველოს” შესაკვეთად საკუთარი ხარჯები გაიღო. ხელოვანის ინსტალაცია ორ საგამოფენო სივრცეში იყო განთავსებული, რომლის პირველი ნაწილი აერთიანებდა ბალახს, ფერწერულ პანელსა და ფოტოგრაფიულ ნიმუშს, ხოლო მეორე ნაწილი წარმოადგენდა სტაფილოებით შემოსაზღვრულ სივრცეს, რომლის შუაგულში პლასტიკატში ჩამოსხმული ბრინჯით სავსე კაცის ტერფები იყო განთავსებული. გამოფენისათვის გია ეძგვერაძე კულტურის სამინისტრომ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.


გია ეძგვერაძე, My Father Told Me ინსტალაცია – ბალახი, ფერწერული პანელი, ფოტოგრაფია. გია ეძგვერაძის არქივიდან 


გია ეძგვერაძე, My Father Told Me ინსტალაცია – ბრინჯი, სტაფილო, გრაფიტი ქაღალდზე, პლასტიკში ჩამოსხმული და ბრინჯით სავსე კაცის ტერფები. გია ეძგვერაძის არქივიდან

ორი წლის შემდეგ ვენეციის ხელოვნების 48-ე ბიენალეზე გოგი ალექსი მესხიშვილისა და მამუკა ჯაფარიძის ნამუშევრები გამოიფინა - Fragments of My Memory და TATARus Experience - Artilery of Space Bombed by Art. “ეს იყო მცდელობა ქართველი ხელოვანების თანამედროვე ხელოვნების მსოფლიო რუკაზე მონიშვნის პროცესის დაწყებისა”, - აღნიშნავს გამოფენის კურატორი ირინა პოპიაშვილი.

 

გოგი ალექსი მესხიშვილი, Fragments of My Memory, ირინა პოპიაშვილის არქივიდან

 

მამუკა ჯაფარიძე, TARTARus Experience -Artilery of Space Bombed by Art, მამუკა ჯაფარიძის პერსონალური არქივი

 

ვენეციის 50-ე ბიენალეზე ირინა პოპიაშვილის კურატორობით თამარა ხუნდაძე (TAMARA K.E) და თეა გვეტაძე მონაწილეობენ, ინსტალაციით - The Museum of Fundamental Archeology. ნამუშევარი ვენეციის უძველესი აკადემიის დარბაზში, “ატენეო ვენეტოში” იყო განთავსებული, რომლის ჭერზე “განკითხვის დღეა” გამოსახული. ქართული პავილიონი ბიენალეს ხუთ საუკეთესო პავილიონს შორის დაასახელეს.

თამარა ხუნდაძე, (Tamara K.E.) თეა გვეტაძე, Тhe Museum of Fundamental Archeology , გია ეძგვერაძის არქივიდან

 

ვენეციის ხელოვნების 52-ე ბიენალე ქართული წარმომადგენლობისათვის განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან საერთაშორისო გამოფენაზე სახელმწიფოს მხარდაჭერით ქვეყანა დამოუკიდებელი ეროვნული პავილიონით პირველად წარდგა. გამოფენა, რომელსაც ნინო ჭოღოშვილი კურატორობდა, სამი განსხვავებული შემოქმედებითი პრაქტიკის მქონე ხელოვანის - ეთერ ჭკადუას, თამარ კვესიტაძისა და სოფო ტაბატაძის ნამუშევრებს აერთიანებდა. 2007 წელს ორგანიზებული ვენეციის ბიენალეს თემა - “იფიქრე გრძნობით და იგრძენი გონებით”, კურატორის თქმით, მონაწილეებს მრავალი სახის ხელოვნების წარმოდგენის საშუალებას აძლევდა. გამოფენა აერთიანებდა ეთერ ჭკადუას ფერწერულ ნამუშევრებს, თამარ კვესიტაძის კინეტიკურ სკულპტურებს -  Re-Turn, Atlas, Revolving Woman,  ⅛ of A Woman, ასევე ინსტალაციას -  Last Supper და სოფო ტაბატაძის პროექტს - Humancon Undercorn.

 

თამარ კვესიტაძის კინეტიკური სკულპტურები, ვენეციის ხელოვნების 52-ე ბიენალე, 2007 წელი

 

ვენეციის ხელოვნების 53-ე ბიენალეს ფარგლებში ხათუნა ხაბულიანის კურატორობით ქართულ პავილიონში კოკა რამიშვილის ვიდეოინსტალაციები გამოიფინა - პოლიტიკური კონცეფციის ნამუშევარი Change, რომელიც აერთიანებს შენელებულ დოკუმენტურ კადრებს უახლესი ქართული ისტორიიდან და Black Sea, გამაერთიანებელი სათაურით Change in Drawing Orchestra. 53-ე ბიენალეს ფარგლებში გაიმართა ვატო წერეთლისა და ლევან კოღუაშვილის ფილმების ჩვენებებიც. “აღწერები თბილისი”, რომლის ავტორი ვატო წერეთელია, აჩვენეს ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთის ქალაქ ტრომსოსა და ვარშავის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი “ქალები საქართველოდან” იმ ქალების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში არალეგალურად მუშაობენ და გამომუშავებულ თანხას ოჯახებს საქართველოში უგზავნიან.

 


კოკა რამიშვილი, Change in Drawing Orchestra, 2009. © გიო სუმბაძე. ხათუნა ხაბულიანის არქივიდან

 

კოკა რამიშვილი, Change in Drawing Orchestra, 2009. © გიო სუმბაძე. ხათუნა ხაბულიანის არქივიდან

 

2011 წელს თამარ კვესიტაძე ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე მეორედ მონაწილეობს, სადაც ოთხ ნამუშევარს წარადგენს, მათ შორის კინეტიკურ სკულპტურას - “სფერო”, რომელიც ადამიანის სახის გამოსახულებებს აერთიანებს და მნახველს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.

 


თამარა კვესიტაძე, Sphere, თამარა კვესიტაძის პირადი არქივი 

 

ამავე წელს ვენეციის ხელოვნების 54-ე ბიენალეს მთავარ გამოფენაზე, სახელწოდებით ILLUMInations, რომელსაც ბიენალეს დირექტორი, შვეიცარიელი კურატორი და ხელოვნებათმცოდნე - ბიჩე კურიგარი კურატორობდა, ანდრო ვეკუაც მონაწილეობს. ქართველმა ხელოვანმა გამოფენაზე მშობლიური ქალაქის, სოხუმის შენობების თხუთმეტი სკულპტურა პიედესტალზე აღმართული წარმოადგინა.

 

ანდრო ვეკუა – Pink Wave Hunter Goverment Buidling 2010 2011 Cast bronze Stell scaffolding and concrete. © Andro Wekua. Courtesy Gladstone Gallery, New York

 

ვენეციის ხელოვნების 55-ე ბიენალე ხელოვანებმა - გიო სუმბაძემ, თეა ჯორჯაძემ, გელა პატაშურმა, ეი არაკავამ, სერგეი ჩერეპნინმა, ნიკოლოზ ლუთიძემ და ჯგუფმა “ბულიონმა” წარადგინეს, ნამუშევრით  “კამიკაძე ლოჯია”, რომელსაც იოანა ვარშა კურატორობდა. ქართული პავილიონი გიო სუმბაძის ესკიზის მიხედვით შექმნილ არსენალის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობის მიშენებას წარმოადგენდა, რომელიც პოსტსაბჭოთა საქართველოს შენობების ტენდენციურ სახეს - არაფორმალური მიშენების პრაქტიკას ეხმიანებოდა და სპონტანური არქიტექტურის ნიმუშს ქმნიდა. ქართული პავილიონი აერთიანებდა “პარაზიტული” მიშენების ამსახველ ფოტოსურათებს, თეა ჯორჯაძის კონსტრუქციებს, ჯგუფი “ბულიონის” რელიგიური აერობიკის პერფორმანსს, ევრორემონტის ვიზუალიზაციასა და სახლის ხმის წარმოჩენის მოტივებს.

 

გიო სუმბაძე, კამიკაძე ლოჯია


თეა ჯორჯაძე, აბანოთუბანი © ლევან მაისურაძე

2015 წელს ქართული პავილიონი ნია მგალობლიშვილის კურატორობით წარმოადგინა პროექტმა “მცოცავი საზღვარი”, რომელზეც არტისტების ჯგუფმა - რუსუდან გობეჯიშვილმა, ირაკლი ბლუიშვილმა, ნია მგალობლიშვილმა, სოფია შევარდნაძემ, ია ლიპარტელიანმა და ჯოზეფ საბიამ იმუშავეს. ამავე წელს ვენეციის ხელოვნების 56-ე ბიენალეს ფარგლებში გამართულ გამოფენაზე - “ნახტომი შეუცნობადში” ქართველი ხელოვანი ილიკო ზაუტაშვილი მონაწილეობს.

 

ილიკო ზაუტაშვილი - საზოგადოებრივი აზრი. ინსტალაცია, ობიექტი, ტექსტი

 

ექსპოზიციაზე, რომელმაც 40-ზე მეტი საერთაშორისო არტისტი გააერთიანა, ილიკო ზაუტაშვილი ნამუშევრით - “საზოგადოებრივი აზრი” (Public Opinion) წარდგა. ნამუშევარი მოიცავს საუთოებელ მაგიდას, მასზე დადგმული უთოთი და მის ძირში წარწერით - PUBLIC OPINION და ასევე ქსოვილზე წარმოდგენილ ტექსტს, რომელიც აქტუალურ სოციალურ საკითხებს ეხმიანება.


ვაჟიკო ჩაჩხიანი, “ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში”, © მარია ნიტულესკუ

ქართული პავილიონის სამეტყველო ენას არქიტექტურა 2017 წელსაც წარმოადგენდა. ხელოვნების 57-ე ბიენალეზე ჯულიან ჰეინენის კურატორობით ვაჟიკო ჩაჩხიანის ნამუშევარი - “ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში” გამოიფინა, რომელიც ბიენალეს 10 საუკეთესო პავილიონს შორისაც დასახელდა.

 

ვაჟიკო ჩაჩხიანი ნამუშევარი - “ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში”, ვენეციის ხელოვნების 57-ე ბიენალე, 2017 წელი

 

ქართული პავილიონი ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო ბიენალეზე

 

ინსტალაციას ქმნიდა იმერეთიდან ჩამოტანილი ძველებური ხის ოდა, რომელშიც კონკრეტული ადამიანი ნამდვილად ცხოვრობდა. ინტერიერი საცხოვრებელი სახლის ინვენტარებს აერთიანებდა, სახლში დამონტაჟებული საირიგაციო სისტემა კი რამდენიმე თვის განმავლობაში გადაუღებელ წვიმას განაპირობებდა. შესაბამისად, იმერულ ხის ოდაში წარმოქმნილი ხელოვნური წვიმა მხოლოდ ინტერიერის სახეცვლას იწვევდა და ექსტერიერის ნაწილს უცვლელს ტოვებდა. Hammock Magazine-თან ჩაწერილ ვიდეოინტერვიუში ხელოვანი ნამუშევრის იდეად ტრავმატული ისტორიის მნიშვნელობასა და გავლენას ასახელებს, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიურ ტენდენციებზე ვრცელდება. 

 


Anna K.E., REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation… Courtesy of Artist, Simone Subal Gallery 

 

ვენეციის ბიენალეს 58-ე გამოფენაზე ქართული პავილიონი მარგო ნორტონის კურატორობით წარადგინა ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ხელოვანმა ანნა კ.ე.-მ, ნამუშევრით - REARMIRRORVIEW, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation… “მინდოდა ონკანი გამეკეთებინა და წყალს ედინა, მთავარი იდეა  წყლის დინებაზე იყო, წყლის გამოყენებით მანამდეც გამიკეთებია ნამუშევარი და ვგრძნობდი, რომ ვენეციაში წყლის ელემენტი ფანტასტიკური იქნებოდა.

 

ქართული პავილიონი ვენეციის ხელოვნების 58-ე საერთაშორისო ბიენალეზე

 

რაც შეეხება ქართულ ანბანს, ძალიან ჩამჯდარია ჩემს თავში და ხშირადაც ჩამიხატია, როგორც არქიტექტურული ელემენტი. მგონია, რომ ძველი ქართული ანბანი ძალიან ორგანულია და მასში საქართველო ბუნებრივად არის  წარმოდგენილი”, - განმარტავს ხელოვანი Hammock Magazine-თან ჩაწერილ ინტერვიუში.

წლევანდელი საერთაშორისო გამოფენის თემაა The Milk of Dreams, რომლის კურატორი სესილია ალემანია. ვენეციის 59-ე ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონს მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე წარადგენენ, პროექტით  “მე ვწუხვარ ბაღზე”, რომლის სათაური ირანელი პოეტის, ფორუღ ფაროხზადის ლექსიდანაა. პროექტი, რომელსაც კურატორობას პლატფორმა In-Between Conditions გაუწევს, ორი ნაწილისგან შედგება - ვირტუალური რეალობა და თვითგენერირებადი ვიდეო. ნამუშევარი დასასრულის წინათგრძნობაზე მოგვითხრობს და მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს.  “მე ვწუხვარ ბაღზე” მაყურებელს თხრობის მითოლოგიურ-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს. ეს არის პოეტური ნაწარმოები, რომელიც ტექნოლოგიური ეპოქით განპირობებული ახალი სიურრეალიზმის ენით დასასრულსა და დასაწყისზე გვესაუბრება”, - ვკითხულობთ პროექტის პრესრელიზში.

                      მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე - “მე ვწუხვარ ბაღზე” 

წლევანდელი ბიენალეს მთავარ გამოფენაზე მონაწილეობას ხელოვანი ანდრო ერაძე მიიღებს და ფილმს წარადგენს, სამუშაო სათაურით Raised in the Dust. ნამუშევარი ორ წიგნს ეფუძნება - დონა ჰარავეის The Companion Species Manifesto-სა (2003) და ვაჟა ფშაველას “გველისმჭამელს”, რომლის პროტაგონისტს აქვს უნარი, ბუნების ენა გაიგოს.

 

ვენეციის ხელოვნების ბიენალეს 59-ე საერთაშორისო გამოფენა ოფიციალურად 23 აპრილს გაიხსნება და 27 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე Hammock Magazine მეგზურობას ტრადიციულად თიბისი კონცეპტთან ერთად გაგიწევთ.

ავტორი: ანა გაბისიანი