16-17 აპრილს ქართველი მუსიკალური ჟურნალისტებისა და სელექტორების კოლექტივი -  Dancing On Architecture Mutant Radio-ს ფიზიკურ და ონლაინსივრცეებში წარმოგიდგენთ 20-საათიან მუსიკალურ მარათონს და სოლიდარობის აქციას - Sounds Of Ukraine. ორი დღის განმავლობაში Mutant Radio-ს სივრცე დაეთმობა უკრაინულ მუსიკას, განსხვავებულ მუსიკალურ სტილს, ეპოქებსა და ქალაქებისთვის დამახასიათებელ ჟღერადობებს.

 

გარდა მუსიკალური ნაწილისა, Mutant Radio-ს ფიზიკურ სივრცეში გაიმართება ქართველი ვიზუალური ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საიდანაც შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება უკრაინაში, კრიზისით დაზარალებულ ბავშვთა დახმარების ფონდში. 16 აპრილს Mutant Radio-ს სივრცეში გასაყიდად გამოფენილი იქნება შემდეგი ქართველი არტისტების - ვატო წერეთლის, ნიკა მაჩაიძის, კოკა ქიტიაშვილის, ეკა ქეცბაიას, ანდრო ერაძის, ალექსი სოსელიას, ელენე გაბრიჩიძის, ანკა ბოჭორიშვილის, სანდრო ფაჩუაშვილის, მარი ყალაბეგაშვილის, თამარ გიორგაძის, გიკო დადიანის, მიშიკო სულაკაურის, თაკო რობაქიძის, ჯონ რიფენჰოფის, მარი აქუბარდიას, გურამ საყვარელიძის, კოტე ჯინჭარაძის, ანა ჩადუნელის, გიორგი გელაძის, თამარ გურგენიძის ნამუშევრები.


“კულტურა ყოველთვის იყო ხალხებს შორის დიალოგის წარმმართველი და დამაკავშირებელი, უკრაინული მუსიკაც დღემდე გამოხატავს ამ ერის მებრძოლ და ამავდროულად, მუდმივად განახლებად იდენტობას. დღეს, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე ტრაგიკული მოვლენები მიმდინარეობს და რუსეთი ყველაფერთან ერთად უკრაინული კულტურის კერების განადგურებას ცდილობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოც იცნობდეს მეგობარი ქვეყნის კულტურის ერთ-ერთი მთავარ საყრდენს - უკრაინულ მუსიკას და მის თანამედროვე სცენას, რომელიც საომარი მოქმედებების დაწყებამდე აღმავლობის სტადიაში იყო და დღემდე ცდილობს საკუთარ ქვეყანას ამ მძიმე პერიოდში გვერდით დაუდგეს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ 16 აპრილს Mutant Radio-ში სწორედ უკრაინელი მუსიკოსების შემოქმედება ავაჟღეროთ და ამგვარად გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა მათ მიმართ“, - აცხადებენ Dancing On Architecture-ის კოლექტივის წევრები.

 

მუსიკალური დღე 16 აპრილს, 12:00 საათიდან დაიწყება და მისი მოსმენა როგორც Mutant Radio-ს ფიზიკურ, ასევე ონლაინსტრიმის საშუალებით შეგეძლებათ. 17 აპრილს აუდიოსტრიმის დახმარებით Mutant Radio-ს ვებგვერდზე გაგრძელდება.