შავი იუმორი, აბსურდიზმი, მუდამ ღიმილიანი პერსონაჟები და ხშირად ერთმანეთთან შეუთავსებელი, არალოგიკური ჯაჭვით გადახლართული მოვლენები ესპანელი ანიმატორისა და ილუსტრატორის - ჯოან კორნელას მიერ შექმნილი სამყაროს მთავარი მახასიათებლებია. არტისტის განსაკუთრებულ პოპულარობას მისი აქტიური ინტაგრამ-ანგარიშიც - sirjoancornella განაპირობებს, რომლის 3 მილიონზე მეტი გამომწერი შავი იუმორის შემცველ ვიზუალურ დოზას თითქმის ყოველდღიურად იღებს.
ჯოან კორნელას ფიგურატიულმა გამოსახულებებმა მნახველს შესაძლოა გააცნოს პიკნიკზე წასული შეყვარებული წყვილი, რომელთაგან ერთი იმდენად საშინლად მღერის, რომ მისი ხმა მეორეს ყურთასმენას უხშობს და სახეზე ღიმილით შეყინულს ყურებიდან სისხლს პირდაპირი მნიშვნელობით ადენს. ასევე გაიცნობთ პერსონაჟს, რომელიც შემოთავაზებულ სიგარეტზე უარს აცხადებს, რადგან ის მხოლოდ მეტამფეტამინს იღებს, გადააწყდებით კალათბურთის თამაშით გართულ ბედნიერ ქალებსაც, რომლებიც ბურთის მაგივრად კალათაში ჩვილის ჩაგდებას ცდილობენ და შეხვდებით სელფის ჯოხით მომარჯვებულ პერსონაჟ კაცსაც, რომელსაც ჯოხზე მობილურის ნაცვლად იარაღი აქვს დამონტაჟებული.
ჯოან კორნელას პერსონაჟებს თითქმის იდენტური ნაკვთები და იერი აერთიანებთ, რომლებიც ნებისმიერ გარემოებაში იღიმიან. სწორედ ამიტომაც, არტისტი თავის შემოქმედებას ასე განმარტავს: “ნამუშევრების მთავარი იდეა ყველაფრის შესახებ სიცილია”. კითხვაზე, თუ რატომ ხვდებიან მისი ფიგურები ტანჯვას ბედნიერი სახით, არტისტი უპასუხებს: “არ ვფიქრობ, რომ ჩემი პერსონაჟები ტანჯვით ბედნიერდებიან. უფრო ის შეიძლება ითქვას, რომ პერსონაჟები თავს ბედნიერად გრძნობენ მაშინაც კი, როცა ისინი საკუთარ თავს ავნებენ. ისინი ექსტრემალური ბედნიერების სამყაროში ცხოვრობენ, სადაც ტანჯვისათვის დრო გამოყოფილი არ არის”.
მიუხედავად იმისა, რომ ჯოან კორნელას ნამუშევრები მნახველთა ნაწილს ღიმილს მართლაც გვრის და ხშირად მათ მიერ შექმნილი “მიმების” მთავარ შთაგონებადაც იქცევა, საზოგადოების ნაწილი არტისტის შემოქმედებას აბსურდიზმისა და ძალადობის შემცველი ელემენტების გათვალისწინებით ეწინააღმდეგება. კორნელა რამდენიმე წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუში განმარტავს, რომ თემები მის ნამუშევრებში ფიქციიდან იღებს სათავეს და იშვიათად მუშაობს იმ იდეებიდან გამომდინარე, რომლებიც რეალობის ნაწილია. - “ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, რადგან ხალხი ტენდენციურად ფიქრობს, რომ ჩემი ნამუშევრები რეალობას მჭიდროდ უკავშირდება, რაც არ მგონია, მართებული იყოს”.
2019 წელს GR Gallery-ში არტისტის სოლო გამოფენა - Keep It Real გაიმართა, რომელმაც კორნელას ოცი ნამუშევარი გააერთიანა. ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ნამუშევარს შორის შეხვდებით პერსონაჟ გოგონას, რომლის თითებთან წარმოდგენილი წითელი გულის გამოსახულების შუაში სიტყვები - FUCK OFF - იკითხება. ხელოვანის პერსონალური გამოფენა გაიმართა 2020 წელს Sotheby’s Hong Kong Gallery-შიც, სახელწოდებით - My Life is Pointless, რომლის 360°-ით დათვალიერებას ამ მისამართზე შეძლებთ. ჯოან კორნელას ნამუშევრები რამდენიმე წიგნშია თავმოყრილი, რომელთა შორისაა - EVERYONE DIES ALONE, SOT, ZONZO და MOX MOX.
“რაღაც მხრივ, ჩემი ყველაზე დიდი შთამაგონებლები რობერტ ქრამბი და დენიელ ქლოუესი იყვნენ. ჩემს ნამუშევრებში ერთმანეთს სხვადასხვა შთაგონება კვეთს, რომელთა შორის 1950-იანი წლების ძველი ამერიკული რეკლამებიცაა. როცა სახვითი ხელოვნების კურსზე ვსწავლობდი, ბარბარა კრუგერისა და მაიკლ რეი ჩარლზის შემოქმედება მაინტერესებდა. მათ ნამუშევრებში პოლიტიკური გავლენა იგრძნობა, რაც შეიძლება ითქვას, რომ ჩემს ნამუშევრებშიც ისახება, თუმცა ჩემი შემოქმედების მთავარ ხაზს არ წარმოადგენს”, - ამბობს ხელოვანი hypebeast-თან ჩაწერილ ინტერვიუში. ჯოან კორნელიმ ახლახან ვიზუალურ არტისტ დევიდ შრიგლისთან თანამშრომლობის ფარგლებში რვა სერიული ნამუშევარი წარმოადგინა, საერთო სათაურით - VOTE.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი