თუ სახლში ჯდომისგან მოიწყინეთ და არ იცით რა გააკეთოთ, Hammock-ს თქვენთვის კარგი ამბავი აქვს. ალექსანდრ მაკქუინი ერთ-ერთია იმ მოდის სახლებს შორის, რომლებმაც გადაწყვიტეს კურსების, ვიდეოგაკვეთილების ან ვირტუალური ვორქშოფების მეშვეობით თავიანთი თაყვანისცემლები გაეხარებინათ. ბრენდმა ახლახან დაამტკიცა პროექტი - McQueen Creators, რომელიც  პანდემიის დროს მომხმარებლის მხატვრული შესაძლელობების გამოვლენას ისახავს მიზნად. მოდის სახლი თაყვანისმცემლებს იზოლაციის დროს კრეატიულობისკენ მოუწოდებს.



„დღეიდან ჩვენს გამომწერებს სოციალურ ქსელში შეეძლებათ მხატვრულად გააფორმონ ჩვენი გუნდის მიერ შეთავაზებული ნიმუშები, ძველი თუ ახალი კოლექციებიდან. შემდეგ მათ ნამუშევრებს შევარჩევთ და სოციალური მედიის მეშვეობით გამოვაქვეყნებთ“, - ნათქვამია მოდის სახლის პრესრელიზში. პროექტი McQueen Creations ყოველ კვირას განახლდება და ბრენდის თაყვანისმცემლებს ახალ-ახალ ნიმუშებს შესთავაზებს, რაც მომხმარებელსა და მოდის სახლს შორის კომუნიკაციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამ კვირის თემა ვარდების ინსტალაციის გავლენით შექმნილი კაბაა. მაკქუინის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ფინალური კაბის ესკიზები გააკეთონ. ორიგინალი კაბის დიზაინი კი სარა ბარტონს ეკუთვნის.



კიდევ ერთი სიახლე მაკქუინის სახლისგან მოდის მოყვარულთათვის: Alexander McQueen Foundation-მა გადაწყვიტა ახალგაზრდებს უფასო ონლაინ ლექციები ჩაუტაროს, რაც მათ დაეხმარებათ უფრო კარგად დაინახონ მოდის სამყარო, თავისი სირთულეებითა თუ გამოწვევებით, მეტად კრეატიულები გახდნენ, და რაც მთავარია, მათ საშუალება ეძლევათ ეს ყველაფერი პროფესიონალებისგან ისწავლონ.

 

პროექტის განვითარებაზე ფიქრი უკვე დაწყებულია, იმისთვის, რომ  პორტალი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო საინტერესო და სასურველი გახდეს, სამომავლოდ შესაძლებელი იქნება ესკიზების 3D ფორმატში დახატვაც.