ფერადი გამოსახულებები, ქალების მოშიშვლებული სხეულები, ავტოპორტრეტები და ნატურმორტის ამსახველი სურათები ნადია ლი კოენის შემოქმედებაში გლამურულ ესთეტიკას ქმნის. ახალგაზრდა ბრიტანელი ფოტოგრაფი, რომელიც დღეს ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მუშაობს, ისეთი ჟურნალების დაინტერესებას იწვევს, როგორებიცაა - Vogue, ID, Dazed, AnotherMag და სხვ. “როდესაც კოენის სურათებს უყურებთ, თქვენ დაინახავთ მაგიურ შავ ხვრელს, რომელიც სტენლი კუბრიკიდან სინდი შერმანამდე ყველაფერს იზიდავს”, - წერს Valentino-ს ბრენდინგის პროექტების უფროსი იგიტ ტურანი კოენის 2019 წლის გამოფენის, Not a Retrospective-ის პრესრელიზში.
“ამიტანე ისეთი, როგორიც ვარ, ან გამეცალე” - მსგავსი განწყობით ხასიათდება ნადია ლი კოენის ფოტოწიგნში შესული ნამუშევრები, სათაურით - Women (2020), რომელშიც სხადასხვა თაობისა და რასის თავდაჯერებული, სექსუალური და ამასთან ექსცენტრული ქალები ერთიანდებიან. ისინი საკუთარ სხეულებში თავს კომფორტულად გრძნობენ, თავისუფლები არიან და მათი უმეტესობა მდიდრული ცხოვრებით ტკბება. დამთვალიერებელი ფოტოწიგნში გადააწყდება ქერათმიან ქალს ვარდისფერ საცურაო კოსტიუმში, რომელიც აუზთან სკამზე მჯდომარე მზეს მკერდმოშიშვლებული ეფიცხება, ასევე ნახევრადშიშველ ქერა ლამაზმანებს მდიდრულ ვილაში, გაიცნობს შუახნის კაბაშეხსნილ ბიგუდებიან ქალს - სუპერმარკეტში პროდუქტებით გადავსებული კალათით, დახვეწილი ინტერიერის შენობაში სავარძელში სექსუალურად მოკალათებულ ქალს და ა.შ. “სამყარო, რომელსაც აღვბეჭდავ და ვქმნი, არ არის იმ სამყაროს ნაწილი, რომელშიც ვცხოვრობთ”, - აღნიშნავს კოენი.
როგორც კოენი ერთ ინტერვიუში ახსენებს, იგი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფების ნამუშევრებითაა გატაცებული, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დოკუმენტალისტიკა მის სტილს ოდნავადაც არ ენათესავება. იგი ასახელებს ფოტოგრაფებს - ნიკ ვოპლინგტონს, რიჩარდ ბილინგამს, ნან გოლდინსა და მარტინ პარს, რომლებსაც “შეუძლიათ უბრალოდ, გადაღებული ფოტოს საშუალებით მოჰყვნენ მთელი ისტორია, ან მათი პერსპექტივა გააზიარონ”.
ბრიტანელი ფოტოგრაფის ბოლოდროინდელ სერიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტი, სათაურით My Name Is ნადია ლი კოენის 33 ავტოპორტრეტს აერთიანებს, რომლებშიც არტისტი 33 განსხვავებულ ადამიანს განასახიარებს, ამასთან თითოეული პერსონაჟის პორტრეტს ნატურმორტის სახითაც წარმოადგენს და იმ ნივთებს უყრის თავს, რომლებსაც კოენის მიერ გამოგონილ პერსონაჟებს უნდა ეკუთვნოდეს. ფოტოგრაფისათვის სერიაზე მუშაობის დაწყება ბეიჯების კოლექციის შეგროვებიდან იღებს სათავეს. “ძალიან ბევრ ბეიჯს ვაგროვებდი და წარმოდგენა არ მქონდა რატომ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ისინი ესთეტიკურად მომწონდა. რაც უფრო უჩვეულო იქნებოდა წარწერა, იგი ჩემს ყურადღებას მით უფრო იქცევდა. მაგალითად, June Rogers, Square dance organiser”, - აღნიშნავს კოენი Dazed-თან ჩაწერილ ინტერვიუში.
სერიის ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია Lilian Ressler, რომლის კუთვნილ ნივთებს შორისაა ძველებური სახლის ტელეფონი, დღიური და თმის სარჭი. სერიის სხვა ფოტოში კოენი კაცს, სახელად Jeff-ს განასახიარებს, რომლის თანამდევ ნივთებად არტისტმა ლუდი, ტაბლეტები, გასაღებები და სიგარეტი Camel ამოარჩია. როგორც კოენი აცხადებს, მისთვის ყველაზე სასიამოვნო რამდენიმე პერსონაჟად ყოფნა აღმოჩნდა, რომელთა შორის ერთ-ერთია Teena - ნადიას თქმით, მისი თინეიჯერობის განსახიერება.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი