იაპონელი მოდის დიზაინერი რეი კავაკუბო, რომელიც ტოკიოსა და პარიზში მოღვაწეობს, ორიგინალური დიზაინის ავეჯის შექმნითაც გამოირჩევა. მისმა ხელწერამ, რომელმაც ავანგარდული სტილით მოდის ინდუსტრიაში მსოფლიო აალაპარაკა, ხელოვნებისა და დიზაინის სფეროებშიც გაითქვა სახელი. როგორც ცნობილია, ბრენდ Comme de Garcons-ის დამფუძნებელი რეი კავაკუბო კარიერის დასაწყისში სტილისტად მუშაობდა და რადგანაც გადაღებისათვის შესაბამის სამოსს ხშირ შემთხვევაში ვერ პოულობდა, ტანსაცმლის მომზადება დამოუკიდებლად უწევდა, რამაც ნაწილობრივ საკუთარ კოლექციაზე მუშაობის დაწყება განაპირობა. კავაკუბო ავეჯის შემთხვევაშიც თითქმის მსგავსი სიტუაციის პირისპირ აღმოჩნდა - მისი სამოსის საჩვენებლად სკამები მნიშვნელოვან ერთეულებს წარმოადგენდა, ამიტომაც მათ დიზაინზე მუშაობაც თავად გადაწყვიტა. 


რეი კავაკუბო ავეჯის დიზაინზე დაახლოებით 10 წლის განმავლობაში, 1983-1993 წლებში მუშაობდა. “ისინი არ არის შექმნილი კომფორტისთვის, მაგრამ თან სკულპტურაც არაა, - ამბობს პარიზის გალერეა A1043-ის თანადამფუძნებელი სტეფანი ლორან კურბე, რომლის საგამოფენო სივრცეში 2017 წელს კავაკუბო ავეჯი გამოიფინა, - მათ კლასიკური დეფინიცია არ აქვს. ისინი კოდებს მიღმა არსებობენ”.


იაპონელი დიზაინერის შემოქმედებაში სკამების ორიგინალური ფორმები მნახველს აოცებს და კითხვების ამარა ტოვებს. სკამების ნაწილი მხოლოდ მყარი კონსტრუქციებისაგან შედგება, ნაწილი სპირალური ფორმებით ბოლოვდება, ან სულაც სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების კომბინაციის სახით წარმოდგება. “ზოგიერთი სკამი ადვილად ზიანდება, ამიტომ მათ ვერ მოიხმარ. თუ ძალიან მძიმე ხარ, შეიძლება სკამს ფეხები მოსტყდეს, - განმარტავს Didier Jean Anicet, ხელოვანი და გალერეა A1043-ის თანადამფუძნებელი. - ისინი იმ ლიმიტებს შორის ლავირებენ, თუ სად გადის ზღვარი სკულპტურასა და ავეჯს შორის. კავაკუბო ტანსაცმლის შემთხვევაშიც მსგავსად თამაშობს - ის ქმნის სამოსს, რომელიც შეგიძლია ატარო, მაგრამ ამასთან მუშაობს იმ ტიპის სამოსის შექმნაზეც, რომელსაც მხოლოდ უნდა უყურო”.

ავტორი: ანა გაბისიანი