ტალღოვანი ფორმის პავილიონი, რომელიც ოსკარ ნიმეიერმა 2010 წელს, გარდაცვალებიდან ორი წლით ადრე შექმნა, სამხრეთ საფრანგეთში, შატო La Coste-ს ვენახში მდებარეობს. ვენახით გარშემორტყმული შენობა ორი ნაწილისგან - შუშის კედლებისგან შექმნილი გალერეისა და ცილინდრის ფორმის აუდიტორიისგან შედგება, რომელსაც მის წინ მდებარე აუზი წყალში ირეკლავს.
პავილიონი თავისი ბუნებრივი ტალღოვანი არქიტექტურული ფორმით სრულად გამოხატავს, ერთი მხრივ, ოსკარ ნიმეიერის სტილს, მეორე მხრივ კი - ბუნებრივად ერწმის გარშემორტმულ ლანდშაფტს - შუშის ფასადი შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ვენახი და შენობა ერთი მთლიანობის ნაწილია, აუზი კი, რომელიც შენობის შესასვლელში მდებარეობს, სინათლისა და ანარეკლის ინტერაქციისას არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნის.
ცნობილია, რომ ბრაზილიელ არქიტექტორს განსაკუთრებული ემოციური კავშირი ჰქონდა საფრანგეთთან, იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა პარიზში, რიო-დე-ჟანეიროში დაბრუნებისას კი ამბობდა, რომ ამ ქალაქს მხოლოდ და მხოლოდ პარიზის გამო თუ დატოვებდა. Château La Coste-სთან ერთად ოსკარ ნიმეიერმა საფრანგეთში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის, კულტურული ცენტრის შენობა ჰავრში, კომუნისტური პარტიის სათავო შენობა, გაზეთ L’Humanité-ს სათავო ოფისი და სხვა.
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი