ვენეციის 59-ე საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა გამართულიყო, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების მსგავსად გადაიდო. შესაბამისად, ბიენალესთან დაკავშირებული ინტერესი, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ხელოვნების მოყვარულებს გეზის აღებას ვენეციისკენ უბიძგებს, წელს ერთიორადაა გამძაფრებული. 

 

 

2022 წლის ვენეციის ხელოვნების ბიენალე ოფიციალურად 23 აპრილს გაიხსნება და 27 ნოემბრამდე გაგრძელდება. ბიენალეს მთავარი გამოფენა 58 ქვეყნის 213 ხელოვანს გააერთიანებს, რომელთა შორის 180-ზე მეტი წარმომადგენელი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას პირველად მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ბიენალეს არსებობის 127-წლიან ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გამოფენის მონაწილეები უმეტესად ქალებს და ამასთან გენდერულად არაკონფორმისტ ხელოვანებს გააერთიანებს. მთავარ გამოფენაში მონაწილეობას ქართველი ხელოვანი ანდრო ერაძეც მიიღებს, ექსპერიმენტული ფილმით - “მტვერში გაზრდილი”, ხოლო ბიენალეზე წარმოდგენილ 80 ეროვნული პავილიონს შორის საქართველოს მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე წარადგენენ, პროექტით - “მე ვწუხვარ ბაღზე”, რომელსაც კურატორობას პლატფორმა In-Between Conditions უწევს.

 

 

წლევანდელი გამოფენის მოწვეული კურატორი ჩეჩილია ალემანია, რომელიც 2017 წლის ვენეციის ბიენალეს იტალიის პავილიონს - “მაგიურ სამყაროს” კურატორობდა. “როგორც პირველი იტალიელი ქალი, რომელიც ამ პოზიციას იკავებს, განზრახული მაქვს, პლატფორმა  დავუთმო არტისტებს, რათა შექმნან ისეთი უნიკალური პროექტები, რომლებითაც თავიანთ ხედვასა და ჩვენს საზოგადოებაზე მოახდენენ რეაგირებას”, - წერს ალემანი ოფიციალურ განცხადებაში.

 

 

წლევანდელი გამოფენის თემაა “რძე სიზმრებისა” (The Milk of Dreams), რომელიც ლეონორა ქერინგტონის ამავე სახელწოდების საბავშვო წიგნიდანაა აღებული. ალემანის განცხადებაზე დაყრდნობით, ნაწარმოებში “სიურრეალისტი ხელოვანი აღწერს მაგიურ სამყაროს, სადაც ცხოვრება წარმოსახვის პრიზმიდან მუდმივად სახეცვლილია, სამყაროს, სადაც ყველას შეუძლია განიცადოს ტრანსფორმაცია, ვინმედ ან რამედ გარდაიქმნას”. გამოფენის კონცეფცია სამ მიმართულებას მოიცავს - სხეულების რეპრეზენტაციასა და მათ მეტამორფოზებს, ინდივიდებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობას და კავშირს სხეულებსა და დედამიწას შორის. 


მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ და მუშაობენ, ვენეციის ბიენალეზე პროექტს - “მე ვწუხვარ ბაღზე” ორი ნაწილით წარმოადგენენ, ესენია -  გამოცდილება ვირტუალური რეალობაში და ვიდეოპროექციის სახით წარმოდგენილი თვითგენერირებული real-time სიმულაცია. ნამუშევრის აბსტრაქტული, სიურრეალისტური და პოეტური მოტივები დასასრულის განცდის წინათგრძნობას ეხება, რომლის პირველად კონცეფციას მარიამ ნატროშვილის ლექსი წარმოადგენდა:

 

ერთ ხელში დასაწყისი მიჭირავს,

მეორე ხელში დასასრული.

როგორც ბურთებს, ვათამაშებ,

ჰაერში ვაგდებ.

ციმციმებენ.

ცაზე ვარსკვლავებად იქცევიან.

ცაზე ელვარებენ.

ხელში რომ ბრუნდებიან, ქვავდებიან.

ორი ქვა მაქვს.

მდინარის სიპი ქვები.

დასასრული და დასაწყისი.

ჰაერში რომ ვაგდებ,

ცასა და მიწას შორის თვალებად იქცევიან,

ჰორიზონტის თვალებად.

თვალებში მიყურებენ.

დასასრული და დასაწყისი.

ქვებს ბაღში ვმარხავ.

ქვებს ბაღში ვთესავ.

დათესილი ქვებიდან ხე ამოვა.

ორიდან ერთი.

ან დასასრული,

ან დასაწყისი.

ორი და მყავს.

დასასრული და დასაწყისი.

ცაზე ცხოვრობენ.

მზე რომ ჩადის, ერთი ამოდის,

მზე რომ ამოდის, მეორე.

მთიდან ორი მდინარე იღებს სათავეს.

ერთად იწყება ორი მდინარე -

ჩემი დები,

დასასრული და დასაწყისი.

ერთი მდინარე ადიდდება,

სახლებს წალეკავს,

გზებს გადაყლაპავს,

ყველაფერს წაშლის.

დასასრული თუ დასაწყისი?

ცაზე ორი ფრინველი დაფრინავს,

ერთი თეთრია, მეორე შავი.

ორი ჩიტი - დასასრული და დასაწყისი.

ჩიტები მზით თამაშობენ,

ერთ ჩიტს ნისკარტით მზე შორს მიაქვს,

მთებში დამალავს,

მეორე ჩიტი მთვარედ იქცევა.

მზე და მთვარე მაქვს.

დასასრული და დასაწყისი.

დღე და ღამე მაქვს.

კარტივით ვჩეხავ, ერთმანეთს ვურევ.

ვშლი და ვმკითხაობ.

რა მოხდება?

სუპერმარკეტის თაროებზე ორი სიტყვა დევს.

პატარა გოგო ჯიბეებში ჩუმად იწყობს.

სიტყვებს იპარავს.

სხვა არაფერი აღარ დარჩა.

გარეთ ომია.

რაკეტები ორ სიტყვას ისვრის.

ჩემი დები ცაზე ცეცხლით ქარგავენ სიტყვებს,

დასასრული და დასაწყისი.

ქალაქში მხოლოდ ორი სახლი დარჩა.

დასასრულია ერთი სახლი, მეორე კი დასაწყისია.

სახლს თავს ვაფარებ.

რომელია ჩემი სახლი?

დასასრული

თუ

დასაწყისი.

 

“ნამუშევარი დასასრულის წინათგრძნობაზეა. გადაშენებული მცენარეების ბაღი, გამქრალი სიცოცხლე - დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი, vr გამოცდილების ერთ-ერთი ცენტრალური სცენაა. ნამუშევრის კიდევ ერთი სცენა არის სოფელი რგანი - სახლი უფსკრულის პირას. აქ, ჭიათურის მიმდებარე სოფლებში, სადაც კერძო კომპანია  წიაღისეულს ღია კარიერული წესით მოიპოვებს, წყალი და ჰაერი დაბინძურებულია, მიწა სკდება და სახლები ინგრევა. მოსახლეობას სოფლების დატოვება ან გაუსაძლის პირობებში ცხოვრება უწევს. ნამუშევარი ანტროპოცენის ეპოქის სიზმარია, დაცარიელებული სამყარო, სადაც ერთადერთი ადამიანი მაყურებელია. ნამუშევარი დასასრულზეა, მაგრამ სიზმრისეულ მოგზაურობაში მაყურებელი გარდაუვალ დასაწყისამდე მიჰყავს”, - განმარტავს პროექტის თანაავტორი მარიამ ნატროშვილი, რომელიც Hammock Magazine-ს ნამუშევრის შექმნის შთაგონებაზეც ესაუბრა.

მარიამ ნატროშვილი: “ნამუშევარზე ყველაზე დიდი გავლენა მიახდინა წინათგრძნობამ, აკვიატებულ სიტყვებმა და ფიქრებმა. ნოემბერში ასეთი სიზმარი ვნახე: ჩვენი ძველი სახლის აივნიდან მთელი თბილისი მოჩანდა, სიზმარში კი თბილისის მაგივრად, რამდენიმე კორპუსის უკან ზღვა იყო. ვიცოდი, რომ ეს იყო შავი ზღვა. უეცრად ზღვაში გემები თვითმფრინავებმა დაბომბა. შავი კვამლი ცამდე ადიოდა. სიზმარში არ შემშინებია, გაოცებული და გაქვავებული ვიდექი და ვიყურებოდი ფანჯრიდან. რამდენიმე თვეში ომი შავ ზღვაში ნიუსებად იქცა. 

დასასრული ბევრნაირია და ბევრი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. მზის ჩასვლაც დასასრულია და შესაძლო ბირთვული ომიც. გამქრალი ყვავილებიც და ერთი ადამიანის აღარ ყოფნაც. როდესაც დასასრულზე ვფიქრობდით, ყველა ის დასასრული ჩამოვწერე, რაც მინახავს და გამომიცდია. საბჭოთა კავშირის დანგრევა, სოხუმის დაცემა, ჩემი გაზრდილი აკაციის ხის გახმობა, დილით გაღვიძება და სიზმრის დასასრული და ა.შ.  ერთ-ერთი მთავარი შიში თუ შფოთვა, დასასრულის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი მოლოდინი - ომი - სინამდვილედ იქცა. ომი უკრაინაში ჩვენთვის იმიტომაა ასეთი მტკივნეული, რომ ჩვენთვის ეს დეჟა ვუა. უკვე არაერთხელ მომხდარი და განცდილი - აფხაზეთი, სამაჩაბლო, 2008 წლის აგვისტო. და რადგან ეს ყველაფერი გვინახავს და გვახსოვს, ალბათ აქედანაა ეს აკვიატებული ფიქრები დასასრულზე. 

 

 

"მე ვწუხვარ ბაღზე" არ არის კონკრეტულად ან პირდაპირ ომზე. ჩვენ არ მოგვწონს და არ გვიყვარს პირდაპირი და კონკრეტული, დაღეჭილი შინაარსი. "მე ვწუხვარ ბაღზე" ნიშნებით არის აწყობილი და მაყურებელს ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ეს ნიშნები, ეს ფიქრები და წინათგრძნობა არის ძაფი, რომელიც ნამუშევრის შექმნისას ლაბირინთიდან გამოღწევაში გეხმარება. გავლენებიც ფიქრებია მეხსიერებასთან და ყოველდღიურობასთან, წინათგრძნობებთან და სიზმრებთან შერეული”.

ქართული პავილიონი თანამედროვე ხელოვნების სივრცე - Spazio Punch-ში განთავსდება. გამოფენის დიზაინზე გერმანულმა ჯგუფმა raumlaborberlin-მა იმუშავა.


Hammock Magazine მთავარი გამოფენის მონაწილეს,  ხელოვან ანდრო ერაძესაც გაესაუბრა, რომელმაც ბიენალეზე წარსადგენ ფილმთან დაკავშირებულ კონცეფციასა და შთაგონებაზე გაამახვილა ყურადღება. ანდრო ერაძე Biennale Collage Arte-ს პირველი გამოშვების მონაწილეა. იგი შერჩეული თორმეტი მონაწილე ხელოვანიდან იმ ოთხ ფინალისტს შორისაც აღმოჩნდა, რომელთათვის საპროექტო გრანტი გამოიყო, ამასთან მიეცათ შესაძლებლობა, ახალი პროექტის პრეზენტაცია ვენეციის 59-ე ბიენალეს ფარგლებში განეხორციელებინათ.

ანდრო ერაძე, ღამის ხედვა, შეზღუდული წვდომა, 2021

ანდრო ერაძე:ჩეჩილია ალემანი წლევანდელი ბიენალეს მთავარ ტექსტში ადამიანის კონტროლის მექანიზმებზე და გარემოს მიმართ კოლონიალიზმზე საუბრობს. ჩემი ნამუშევარიც ამ თემების ერთგვარი ნაზავია, მთავარი წერტილი მაინც გარემო და ამ გარემოში მცხოვრები არსებები არიან, რომლებიც ადამიანზე მისგან დაუსწრებლად საუბრობენ. ნამუშევარი "მტვერში გაზრდილი" ექსპერიმენტული ფილმია. სიუჟეტი ღამის ტყეში ვითარდება. მაყურებელი აკვირდება ადამიანისგან დაცარიელებულ ადგილებს, რომლებსაც ფონად იქვე მიმდინარე დღესასწაულის ხმა ავსებს. ამ დღესასწაულს სცენებში ვერ ვხედავთ. ფილმი კონცენტრირდება კარნავალისა და წვეულების იდეაზე სუბიექტური კამერის პერსპექიტივიდან. "მტვერში გაზრდილი" შთაგონებულია როგორც დონა ჰარავეის ნაშრომებისგან, ასევე მისი მთავარი მუხტი მოდის ვაჟა ფშაველას ცნობილი პოემის - “გველისმჭამელისგან”. ფილმის ერთ-ერთი მოტივი ჯორჯ ბერკლის ცნობილ შეკითხვასაც ეფუძნება: თუ ტყეში ხე ეცემა და იქ არავინ არ არის, რომ მისი ხმა გაიგოს, აქვს თუ არა ტყეში წაქცეულ ხეს ხმა? მხოლოდ ხმის მეტაფორასთან ერთად ფილმში ამ კითხვის გავლენით ვიზუალური მხარეც ცდილობს ამ მოტივის ხაზგასმას. ეს ის ინსპირაციის ველია, რომელიც ნამუშევრის შექმნას ფონად გასდევდა”.

 

ვენეციის 59-ე საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეს Hammock Magazine თიბისი კონცეპთან ერთად, ტრადიციულად ვენეციიდან გააშუქებს.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by I pity the garden (@georgian_pavilion)

გარეკანის ფოტო: designboom

ავტორი: ანა გაბისიანი