2021 წლის 19 აგვისტოს Tesla-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა დააანონსა, რომ ჰუმანოიდ-რობოტზე, სახელად “ტესლა ბოტზე” მუშაობდა, რომელიც “ყოველდღიურ მოსაწყენ სამუშაოს” ადამიანების ნაცვლად შეასრულებდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ილონ მასკი ტეხასში, Cyber Rodeo-ს ღონისძიებაზე რობოტის შესახებ ისევ ალაპარაკდა, რომელიც ამჯერად “ოპტიმუს სუბ-პრაიმად” დაასახელა და მის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება.
“ნებისმიერი რამ, რისი გაკეთებაც ადამიანებს არ სურთ, ოპტიმუსი გააკეთებს, - განაცხადა მასკმა სცენაზე. - წარმოსადგენად შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ოპტიმუსის განვითარების კვალდაკვალ დაინახავთ, თუ როგორ შეუძლია მას მსოფლიოს ტრანსფორმაცია იმაზე უკეთ, ვიდრე მანქანებს. ვფიქრობ, შეგვიძლია რობოტის პირველი ვერსია გამოვუშვათ, რასაც მომდევნო წლისთვის ვიმედოვნებთ”.
ჯერჯერობით უცნობია განვითარების რა საფეხურზე იმყოფება რობოტი, რომელიც ადამიანის მსგავსი პროპორციებით ხასიათდება - “ოპტიმუსის” სიმაღლე 172 სანტიმეტრია და 56 კილოგრამს იწონის. ილონ მასკის სიტყვების მიხედვით, იგი იმედოვნებს, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნება რობოტში ადამიანის ტვინის მახასიათებლები ჩაიტვირთოს, მათ შორის, პიროვნული მონაცემებიც.
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი