Coachella-ს მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი 15 აპრილს დაიწყო და 24 აპრილამდე გაგრძელდება. კალიფორნიის ერთ-ერთი გრანდიოზული ღონისძიება, რომელსაც მსურველები ჯერ კიდევ 2019 წლიდან ელოდებოდნენ, წელს ისეთ მუსიკოსებს მასპინძლობს, როგორებიც არიან - ჰარი სტაილსი, ბილი აილიში, Swedish House Mafia x The Weeknd და სხვები. მუსიკალური ფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას შეგიძლიათ Coachella-ს ოფიციალურ იუტუბ-არხზე ადევნოთ თვალი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის არტისტებისა და დიზაინერების სივრცით-სპეციფიკურ ინსტალაციებსაც, რომლებიც ადამიანებთან მრავალმხრივ დიალოგს მართავენ. Hammock Magazine გაგაცნობთ ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებულ იმ რამდენიმე ნამუშევარს, რომელთა ვიზუალური მხარე მნახველებზე შთაბეჭდავ ეფექტს ტოვებს.
The Playground
კომპანია Architensions-ის მიერ წარმოდგენილ ფერად ინსტალაციას - Playground კოაჩელას გაუკაცრიელებულ ტერიტორიაზე ურბანული ელემენტი შემოაქვს. ნამუშევრის დიზაინი ძველ კულტურულ ელემენტებს თანამედროვე რეალობაში იაზრებს, მათ შორის რომაული არქიტექტურისათვის დამახასიათებელ კლასიკურ თაღებს. ინსტალაციის კოშკები, რომლებიც დიქრონიკული მასალითაა წარმოდგენილი, სხვადასხვა ფერს წარმოქნის. “ეს არის ადგილი ადამიანებისათვის, რათა ჩამოაყალიბონ თავიანთი ნარატივი - რაც სხვაგვარად არქიტექტურის მეხუთე განზომილებად, გამოცდილებადაა ცნობილი”, - აღნიშნავენ კომპანიის გუნდის წევრები.
Cocoon (B.K.F.+H300)
კომპანია Estudio Normal-ის 38 ფუტის სიმაღლის ინსტალაცია ჰყვება ამბავს B.K.F. სკამის შესახებ, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც Hardoy სკამი, Butterfly სკამი Sling სკამი და ა.შ. სკამის დიზაინი თავდაპირველად ბუენოს აირესში შეიქმნა, რომელთა ავტორებად ანტონიო ბონეტი, ხუან კურჩანი და ხორხე ფერარი-არდოი სახელდებიან. ნამუშევრის, Cocoon (B.K.F.+H300)-ის დიზაინი სამას მსგავს სკამს აერთიანებს.
Circular Dimensions x Microscape
25 000 ფუტი მილისაგან შექმნილი ინსტალაციის ავტორი არტისტი და აქტივისტი კრისტოფერ სიჩოკია, რომლის ნამუშევარი მის მიმდინარე კვლევას - წყლისა და უდაბნოს ისტორიის საკითხებს ეხმიანება.
Mutts
მაშინ, როცა არქიტექტორი ოანა სტანესკუ ამ ინსტალაციებზე მუშაობდა, საკუთარი ძაღლით იყო შთაგონებული. “მინდა, რომ ნამუშევარს დავარქვა არა მონუმენტი, არამედ ინსტალაცია, რომელიც ბუნებას მრავალი გზით ზეიმობს”, - აღნიშნავს სტანესკუ.
Buoyed
Coechella-ს ფესტივალისთვის გერმანელმა დიზაინერმა კიკი ვან ეიკმა სხვადასხვა ფერის სამი ინსტალაცია შექმნა, რომელთაგან ლურჯი ნამუშევარი იგლუსა და წისქვილის კომბინაციას წარმოქმნის.
Spectra
რამდენიმესართულიანი ფერადი კოშკი - Spectra ფესტივალის სტუმრებს გამორჩეულად იზიდავს. შენობაში მოხვედრილი ადამიანი, რომელიც კოშკის სხვადასხვა სართულზე აღმოჩნდება, Spectra-ს ფერადი მინებიდან Coachella-ს ხედებით დატკბება.
ფოტო: archipanic, the desert sun, designboom, Artnet, Lance Gerber
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი