ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს მოახლოების კვალდაკვალ ვენეცია კულტურულ ცენტრად იქცევა, რომლისკენაც ხელოვნების მოყვარულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიისწრაფვიან. ამ დროს ვენეცია, რომელიც სახელოვნებო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ გამოფენას მართავს, პარალელურად სხვა მნიშვნელოვან გამოფენებსაც მასპინძლობს. სწორედ ამიტომ, თუ ახლა ვენეციაში იმყოფებით, ან უახლოეს მომავალში იქ წასვლას გეგმავთ, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო გამოფენას, რომლებიც ვენეციაში ყოფნის პერიოდში მხედველობიდან არ უნდა გამოგეპაროთ.
ანსელმ კიფერი - These Writings, When Burned, Will Finally Cast a Light (Andrea Emo)
26 მარტიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით Palazzo Ducale ანსელმ კიფერის გამოფენას გამართავს, რომლის სახელწოდება - These Writings, When Burned, Will Finally Cast a Light იტალიელი ფილოსოფოსის, ანდრეა ემოს ნაშრომებიდან იღებს სათავეს. გაბრიელა ბელისა და ჯანე სირენის კურატორობით ორგანიზებული გამოფენა კიფერის მხატვრობის იმ ციკლს გააერთიანებს, რომელიც სპეციალურად Doge Palace-სთვის 2020 და 2021 წლებში შეიქმნა.
ანიშ კაპურის გამოფენა
20 აპრილიდან 9 ოქტომბრამდე Gallerie dell’Accademia-ში ანიშ კაპურის გამოფენა გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის შემოქმედების როგორც მთავარი, ისე უახლესი ნამუშევრები.
This is Ukraine: Defending Freedom
23 აპრილიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ვენეციაში უკრაინისადმი მიძღვნილი გამოფენა - This is Ukraine: Defending Freedom გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საერთაშორისო ხელოვანებთან ერთად უკრაინელი არტისტებიც მიიღებენ. გამოფენაზე წარმოდგენილ ხელოვანებს შორის შეხვდებით დემიენ ჰირსტს, მარინა აბრამოვიჩსა და ტაკაში მურაკამისაც. “გამოფენა This Ukraine: Defending Freedom მოგვითხრობს ძალაზე, შემოქმედებასა და მეგობრობაზე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის ჩვენს კოლექტიურ თავისუფლებებს ეძღვნება - არჩევანის თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და არსებობის თავისუფლებას”, - განაცხადეს გამოფენის ორგანიზატორებმა.
ბრიუს ნაუმანი - Contrapposto Studies
Palazzo Grassi - Punta della Dogana წარმოგიდგენთ ამერიკელი არტისტის - ბრიუს ნაუმანისადმი მიძღვნილ გამოფენას, სახელწოდებით Contrapposto Studies, რომლის ნახვა 23 მაისიდან 27 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი. გამოფენა სამ ელემენტზე ფოკუსირდება: არტისტის სტუდიაზე, როგორც მუშაობისა და შექმნის სივრცეზე, სხეულის პერფორმანსულ გამოყენებასა და ხმოვანების ექსპერიმენტულობაზე. ექსპოზიცია გააერთიანებს ვიდეოინსტალაციებს, მათ შორის Walk with Contrapposto-ს, ასევე ნამუშევრებს “Contrapposto Study”-დან, რომლებიც ნაუმანის სხვა ცნობილ ნიმუშებთან იქნება წარმოდგენილი.
მარლენ დიუმა - Open-End
სამხრეთ აფრიკელი არტისტის, მარლენ დიუმას ნამუშევრები Palazzo Grassi-ში 2023 წლის 8 იანვრამდე გამოიფინება. ექსპოზიციას, სახელწოდებით Open-End ქეროლაინ ბურჟუა არტისტთან თანამშრომლობით კურატორობს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის 100-ზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც 1984 წლიდან დღემდეა შექმნილი. მათ შორისაა ნამუშევრები, რომლებიც აქამდე არსად გამოფენილა. ექსპოზიციის ნიმუშები, რომლებიც Palazzo Geassi-ს ორ სართულზეა განაწილებული, მოპოვებულია როგორც Pinault-ის კოლექციიდან, ისე საერთაშორისო მუზეუმებისა და პირადი კოლექციებისაგან.
Surrealism and Magic: Enchanted Modernity
9 აპრილიდან 26 სექტემბრის ჩათვლით “პეგი გუგენჰაიმის კოლექცია” წარმოგიდგენთ გამოფენას, სახელწოდებით - Surrealism and Magic: Enchanted Modernity, რომელიც იკვლევს სიურრეალისტური მოძრაობის კავშირს მაგიასა და ეზოთერიზმთან. ექსპოზიცია მოიცავს როგორც პირადი კოლექციებიდან, ისე ორმოცი საერთაშორისო ინსტიტუციიდან, მათ შორის - პომპიდუს ცენტრისა და მეტროპოლიტენის მუზეუმისაგან მოპოვებულ 60-ზე მეტ ნამუშევარს. გამოფენაზე მონაწილე ხელოვანებს შორის შეხვდებით - სალვადორ დალის, ჯორჯო დე კირიკოს, მაქს ერნსტს, ლეონორა ქერინგტონს, რემედიოს ვაროსა და მაია დერენს.
კატარინა გროსი - Apollo, Apollo
Espace Louis Vuitton გერმანელი არტისტის, კატარინა გროსის ინსტალაციას გამოფენს, რომლის ხილვა ვენეციაში 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე იქნება შესაძლებელი.
საბინა ვაისი - The Poetry of the Instant
Casa dei Tre Oci წარმოგიდენთ ფრანგ-შვეიცარიელი ფოტოგრაფის, საბინა ვაისის გამოფენას, რომელიც 200 ფოტოს გააერთიანებს. მათ შორის შეხვდებით საფრანგეთის ფსიქიატრიულში 1950-იან წლებში გადაღებულ სერიასაც.
დენიო საში ბოპაპე და დიანა პოლიკარპო - The Soul Expanding Ocean
TBA21-აკადემია ორ ახალ სოლო გამოფენას გამართავს, რომლებიც Ocean Spance-ში 9 აპრილს გაიხსნა და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ბოპაპესა და პოლიკარპოს გამოფენები ორწლიანი კურატორული ციკლის - The Soul Expanding Ocean-ის მესამე და მეოთხე ნაწილს წარმოადგენს.
PLANET B, Climate Change and the New Sublime
20 აპრილიდან 27 ნოემბრამდე Palazzo Bollani ჯგუფურ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც 27 არტისტს 17 ქვეყნიდან გააერთიანებს. ხელოვანებს შორის მონაწილეობენ ამბერა ველმანი, ჰეგუ იანგი, მაქს ჰუპერი და სხვები. გამოფენა, რომლის კურატორი ნიკოლას ბურიოა, თანამედროვე ხელოვნებაზე კლიმატური ცვლილების გავლენას წარმოაჩენს.
ფოტო: domus, artsy, artnews, fondationlouisvuitton
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი