“Reality is that which, when you stop believing in it, doesn't go away”.

ფილიპ კ. დიკი

რეალობა, რომელშიც ყველანი ერთად და მაინც ცალ-ცალკე აღმოვჩნდით, შეხსენებას სულაც არ საჭიროებს და ერთადერთი, რაც ამ რეალობაში გვჭირდება, როგორც ჟილ დელიოზი იტყოდა - იარაღებია. ეს იარაღები კი, უპირველესად, თავდაცვისთვის უნდა იყოს განკუთვნილი.

ამ სტატიაში ისეთ წიგნებზე მოგიყვებით, რომლებიც დროის გარღვევაში დაგეხმარებიან და ჭამას, ძილსა და ვირტუალურ ცხოვრებას თანაბარი წარმატებით დაგავიწყებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ წიგნების წაკითხვა saba.com.ge-ზე შეგიძლიათ.

 

“ანას მომენტი”, მარი ბექაური 


ამ სიის ჩემი პირადი ჩემპიონი მარი ბექაურის “ანას მომენტია”. ტექსტი ახალგაზრდა მწერლის, ანა ნაკაშიძის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ერთ დღეს, ადგილობრივ პარკში ჯდომისას ყველა პერსონალური მოგონება დაავიწყდება. ტვინის დაზიანების გამორიცხვის შემდეგ, ფსიქიატრი გარკვეული ტიპის ტრავმის არსებობას ივარაუდებს. მას შემდეგ კი, რაც ამ ტრავმას “მიაგნებენ”, საქმეში პოლიციაც ჩაერთვება. 

ეს არის დიდი ოსტატობით დაწერილი თრილერი, რომელსაც უბრალოდ ვერ მოსწყდებით, მისი მთავარი პერსონაჟი კი ძალიანაც რომ მოინდომოთ, მაინც ვერ დაგავიწყდებათ.

“თეთრი კბილები”, ზეიდი სმითი



ზეიდი სმითის “თეთრი კბილები” დიდ ამბებზეა. ესაა წიგნი მოგზაურობაზე, ახალი ცხოვრების დაწყებასა და ვერდაწყებაზე, ომზე, კოლონიზაციაზე, სიყვარულსა და არსიყვარულზე, მეგობრობაზე - შთამბეჭდავ მეგობრობაზე, ტყუილებზე, აჩეჩილ თმებსა და გაურკვეველ ექსპერიმენტებზე. ამ წიგნში ყველაფერია, რაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჰამლეტისეული ეჭვებით დაწყებული, ჰეროიკული თუ პოსტჰეროიკული ამბებით გაგრძელებული და ნიცშეთი დასრულებული.

პირადად ჩემთვის, ეს რომანი დიდი ხუმრობაა, რომელსაც ზეიდი სმითი ისე დამაჯერებლად და ამაღელვებლად გვიყვება, რომ შეუძლებელია, წიგნის ბოლოს თავი შეიკავოთ და ზეიდი სმითით აქამდეც აღფრთოვანებულ მეგობარს არ დაურეკოთ, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებლად გეტყვით, რომ არა უშავს, ეგეთები დაუწერია ამ გოგოს?!

“კაენი”, ჟოზე სარამაგუ


“კაენი” ნობელიანტი მწერლის, ჟოზე სარამაგუს ბოლო რომანია, რომელშიც ავტორი ძველი აღთქმის პოსტმოდერნისტულ გააზრებას გვთავაზობს. წიგნის მთავარი პერსონაჟი კაენია, რომელიც მას შემდეგ, რაც სენიორ ღმერთი მუდმივ ხეტიალს მიუსჯის, დროში იწყებს მოგზაურობას და ძველი აღთქმის პატრიარქებს ხვდება. რომანში ღმერთი დიქტატორადაა წარმოდგენილი, კაენი კი მის მეტოქედ. 

ეს ტექსტი, გარკვეული გაგებით, იმ ჭიდილისა და პასიური სიძულვილის გამოხატულებაა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება განიცდიდეს ღმერთთან ურთიერთობისას. გარდა ამისა, სხარტი იუმორითაა სავსე, რაში დასარწმუნებლად ეს წინადადებაც საკმარისი იქნება: “უფალი ჩვენი, ყოვლის შემქმნელი, ცისა და ქვეყნის შემოქმედი - ნაღდი გიჟია”.
(მთარგმნელი: მიხეილ ანთაძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

“მარსელი”, ენდი უირი 


“მარსელი” ყველაზე სახალისო წიგნია, რომელიც ოდესმე წამიკითხავს. ეს სამეცნიერო-ფანტასტიკური ტექსტი ასტრონავტ მარკ უოტნის შესახებაა, რომელიც შემთხვევით დარჩება მარსზე. ის სრულიად მარტოა, შეზღუდული რაოდენობის აღჭურვილობითა და საკვებით. მთელი წიგნი ამ ძალიან სახალისო პერსონაჟის - მარსის საუკეთესო ბოტანიკოსის, ან, გნებავთ, უბრალოდ, მარსის მეფის - მცდელობაა გადარჩენისა, რომლის კითხვისასაც, პირობას გაძლევთ, იმდენს იცინებთ, თვალებიდან ცრემლები წამოგივათ და დროებით თქვენი აპოკალიფსური შიშებიც დაგავიწყდებათ.

“ქარის სახელი”, პატრიკ როტფუსი 


“ქარის სახელი” პირველი ნაწილია პატრიკ როტფუსის “მეფის მკვლელის ქრონიკისა”. ფენტეზის ჟანრის ეს ნაწარმოები მოგვითხრობს სრულიად კლასიკურ ამბავს ბიჭისა, სახელად ქვო, რომელსაც არც ისე სახარბიელო ბავშვობა ჰქონდა, ჩანდრიანებიც იხილა ერთხელ (მერე რა, რომ არავინ უჯერებს), ამჟამად კი ღვთაებრივად უკრავს ბარბითზე, ძალიან მაგარ სკოლაში სწავლობს და, ბოდიშს გიხდით პატარა სპოილერისთვის, რაღაც-რაღაცების სახელებიც იცის. 

ამ ჯადოსნურ ამბებს ემატება ისიც, რომ ტექსტი საოცარი ენითაა დაწერილი და, მიუხედავად ზომა-წონისა, პირობას გაძლევთ, წიგნისთვის ხელის გაშვება ძალიან გაგიჭირდებათ.

„ობოლე“, აკა მორჩილაძე 


“ობოლე” ასე იწყება: “იცი რა, მე მობილური არა მაქვს, ვერ ვხმარობ. Troubles are much less, როცა თბილისში მობილური არ გაქვს. ასეთი ქალაქია”. და ასეც გრძელდება - ძალიან ლამაზად, მხიარულად და სევდიანად.

წიგნის მთავარი პერსონაჟი, ირაკლი, იმერეთში ბრუნდება ბავშვობის სახლის შესაკეთებლად, იქ ერთი შეხედვით უბრალო, სინამდვილეში კი ძალიან ჯადოსნური ამბები დაატყდება თავს. “ობოლე” უფსკრულში დაბრუნებაზე, იქ კი საკუთარი წარსულის აჩრდილებთან შეხვედრაზეა. ძალიან ბევრი რამეა ამ წიგნში: იმერული პეიზაჟები, თრიაქი, თოფი, სასმელი, ციხე, ყაჩაღი ქალი. მოკლედ, ძალიან კარგია.

„ორიქსი და კრეიკი“, მარგარეტ ეტვუდი


მარგარეტ ეტვუდს უმრავლესობა “მხევლის წიგნით” იცნობს, თუმცა “ოქრისი და კრეიკი”, ჩემი აზრით, ბევრად საინტერესო ტექსტია. წიგნის მთავარი პერსონაჟი ერთ დღეს სრულიად მარტო აღმოჩნდება დედამიწაზე. ყველა მისი მეგობარი და ნაცნობი მკვდარია, თავად კი გაგიჟების პირასაა. 

მიუხედავად ეტვუდის ახირებისა, რომ წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკა არ არის, მაინც ამ ჟანრს უფრო განეკუთვნება, ვიდრე რომელიმე სხვას და თავისი ყველაზე მეტად ფანტასტიკური ელემენტით - პარკში გამოკეტილი ახალი ადამიანებით - ძალიან ჰგავს სერიალ Westworld-ს, რომელიც თუ მოგწონთ - ეს ტექსტიც აუცილებლად მოგეწონებათ.

„ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში“, დაგლას ადამსი


ბოლოს, თუ გაინტერესებთ, როგორ გაიქცეთ ამ პლანეტიდან, დაგლას ადამსი თავისი იუმორისტული სამეცნიერო-ფანტასტიკით ბრწყინვალე გამოსავალს შემოგთავაზებთ - დასაწყისისთვის, უბრალოდ ნასაში დარეკეთ, მეგობრებო. თუ ნასაში ვერ დაგეხმარნენ და არც თეთრ სახლში გყავთ ნაცნობები, გაქცევის გზას ამ წიგნში იპოვით. მთავარია, ფორდ პრეფექტი თქვენი მეგობარი იყოს და დედამიწის განადგურებისას სწორედ თქვენ გადაგარჩინოთ.


რაც ყველაზე მთავარია, პირსახოცი არ დაგავიწყდეთ, რომელიც, ავტორს თუ დავეკითხებით, გალაქტიკაში მოგზაურთათვის საუკეთესო ატრიბუტია და DON’T PANIC!