რამდენჯერ გაგვჩენია სურვილი, რომ Instagram-ზე მიღებული შეტყობინება სამუდამოდ შემოგვენახა, გვექცია მუდმივ რელიკვიად, რომელიც ათასობით შენახულ “სქრინშოთებთან” ერთად იარსებებდა და სულ თუ არა, გალერეის ფოტოების უმიზნო თვალიერებისას მაინც გაგვახსენებდა ხოლმე თავს. განსაკუთრებით ციფრულ სამყაროში, როდესაც საუბრის ფორმა ვერბალურთან ერთად ტექსტურადაც აქტურად წარიმართება, შეტყობინებამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ახალგაზრდა არტისტის - პიეტრო ტერზინის შემოქმედება დამთვალიერებლის განსაკუთრებულ ყურადღებას მისი გამორჩეული ინსტაგრამ-ანგარიშითაც იქცევს. ტერზინი, რომლის სახელოვნებო პრაქტიკა ტექსტზე მუშაობასაც მოიცავს, წინადადებებს Instagram-ზე გაგზავნილი შეტყობინებების სახით წარმოადგენს. ზოგჯერ პათეტიკური, ზოგჯერ სევდიანი, ამასთან ღიმილისმომგვრელი და ყოველდღიურობაში გამოყენებული ნარატივებით pietro.terzini უკვე ერთ წელზე მეტია, რაც სოციალურ მედიაში გამომწერების ერთ-ერთ საყვარელ ანგარიშადაა ქცეული.



ფოტო: pietro.terzini

ავტორი: ანა გაბისიანი