“კაცობრიობა 200 000 წელია უმზერს მთვარეს, რომელსაც მუსიკა, მითოლოგია, ლიტერატურა თუ მსოფლიო კულტურა შთაუგონებია. ამ დროს კი მხოლოდ 50 წელიწადია, რაც კაცობრიობას შეუძლია დედამიწა კოსმოსიდან დაინახოს, რომელიც კოსმოსურ წყვდიადში მოტივტივე ლურჯი სფეროს მსგავსია”, - ამბობს ხელოვანი ლუკ ჯერამი ინსტალაცია Gaia-ზე საუბრისას.
ლუკ ჯერამის ინსტალაციის სახელწოდება - Gaia სათავეს ბერძნული მითოლოგიიდან იღებს, სადაც გეა (Gaia) დედამიწის პერსონიფიკაციად წარმოდგინდება. ჯერამის ნამუშევარი ჩვენი პლანეტის 1,8 მილიონჯერ შემცირებულ მოდელს დეტალურად ასახავს. მისი დიამეტრი 7 მეტრს შეადგენს, ხოლო თითოეული საინტიმეტრი დედამიწის ტერიტორიის 18 კილომეტრის ტოლფასია. ინსტალაცია Nasa-ს მიერ გადაღებული სურათების მიხედვითაა შექმნილი, რაც მნახველს საშუალებას აძლევს დედამიწის სამგანზომილებიანი მოდელი სრული სიცხადით წარმოიდგინოს. თუკი ადამიანი ნამუშევარს 211 მეტრით მოსცილდება, იგი დედამიწას იმ ვიზუალური ფორმით დაინახავს, როგორც მთვარეზე ყოფნის შემთხვევაში შეიძლებოდა ეხილა. ინსტალაცია ხმოვანი ნაწილითაცაა გაფორმებული, რომელზეც BAFTA-ს ჯილდოს მფლობელმა, კომპოზიტორმა დენ ჯოუნსმა იმუშავა.
“როცა მას ვუყურებდით, ვფიქრობდით რამდენად პატარები ვიყავით”, “თითქოს მთვარეზე ვიყავი და დედამიწას იქიდან ვუყურებდი”, “ის სავარაუდოდ გვაფიქრებინებს, რას ვაკეთებთ სამყაროში და როგორი იქნება პლანეტა ჩვენი შთამომავლების ეპოქაში”, - აღნიშნავენ სხვადასხვა ასაკის მნახველები, რომლებიც ჯერამის მიერ შექმნილ ინსტალაციაზე განცვიფრებას ვერ მალავენ. აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი მრავალი ადამიანის დაინტერესებას იწვევს. მაგალითად, 2019 წელს Gaia ლივერპულის კათედრალში გამოიფინა, რომლის სანახავად მისული ვიზიტორების რიცხვმა ერთ თვეში 200 000 შეადგინა.
ნამუშევარი 2018 წლით თარიღდება და სხვადასხვა დროს სხვადასხვა დაწესებულებაში გამოიფინება, ამასთან წვეულებისა თუ ფესტივალების გასაფორმებლადაც იყენებენ. ინსტალაცია Gaia განთავსებული იყო ბრისტოლის უნივერსიტეტში, Old Royal Naval College-ში, ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმში, ასევე “ბლუდოტისა” და სოლსბერის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებზე. ამჟამად ინსტალაცია ლინკოლნის მუზეუმ The Collection-შია წარმოდგენილი.
ავტორი: ანა გაბისიანი
ფოტო: my-earth.org
დაწერე კომენტარი