რამდენიმე დღის წინ ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ქართული საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი მხატვრის - თამარ ლეტაუ ვაჩნაძის შესახებ, რომელიც კრისტიან დიორის მოდის სახლისათვის ესკიზებს ქმნიდა.
თამარ ლეტაუ ვაჩნაძე ფრანგულ შემოქმედებით ელიტას განეკუთვნებოდა და 1950-იან წლებში სან პაულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა. იგი ნოე ჟორდანიას ვაჟის, რეჯებ ჟორდანიას პირველი მეუღლე იყო. მან უარი თქვა როგორც საფრანგეთის, ისე საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის მიღებაზე და მუდმივად საქართველოში დაბრუნების სურვილი ამოძრავებდა.
თამარ ლეტაუ ვაჩნაძის უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც 300-ზე მეტ ესკიზს, 30 ტილოს, 100-ზე მეტ XIX საუკუნის ფოტოს, ხელნაწერებსა და მრავალ საარქივო მასალას აერთიანებს, საქართველოში ბრუნდება. თამარ ვაჩნაძის პერსონალურ გამოფენას უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლე უმასპინძელებს და კატალოგიც დაიბეჭდება.
ქართველი მხატვრის ნამუშევრები საფრანგეთში, ატლანტის ოკეანეს პირას გაშენებულ სოფელ ლამპალუზ-პლუარზელში აღმოაჩინეს, სადაც რეჯებ ჟორდანიას შთამომავლები - მარი და ზოლტან ჟორდანიები ცხოვრობენ. “პირველად სამი წლის წინ ბატონმა გოჩა ჯავახიშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია ამ ოჯახის შესახებ. შემდეგ ოჯახთან მოლაპარაკება დავიწყეთ, თუმცა შედეგს თავიდანვე ვერ მივაღწიეთ, რადგან ამ ყველაფერს სახელმწიფოს დახმარება სჭირდებოდა.
კულტურის მინისტრის დავალებით აღნიშნული საკითხი ისევ გავააქტიურე და რეჯებ ჟორდანიას შვილთან, ზოლტან ჟორდანიასთან მოლაპარაკება ვაწარმოე. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. საქართველოში უკვე ჩამოტანილია კრისტიან დიორის სამოდელო სახლისათვის შესრულებული ესკიზები, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი მასალაა ჩამოტანილი როგორც სან პაულოს, ისე სხვადასხვა ფრანგული თეატრების შესახებ, რომლებიც მალე ფართო საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი”, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ Hammock Magazine-თან საუბრისას.
ფოტო: ხელოვნების სასახლე
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი