Paperwork - ასე ჰქვია Off-white-ის მიერ გამოშვებულ უნისექს ხაზს, რომელიც ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ვირჯილ აბლომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა. ბრენდმა პირველ ეტაპზე ოთხი სხვადასხვა არომატის სუნამო შემოგვთავაზა, ახლო მომავლისთვის კი დეკორატიული კოსმეტიკისა და ფრჩხილის მოვლის პროდუქტების გამოშვებაც დაგვიანონსა. წარმოდგენილი ოთხი სუნამოს კონცეფცია ვირჯილ აბლომ პარფიუმერებთან -  ალექს დადიერთან, ჯერონიმ ეპინეტთან და სიდონი ლანკესერთან ერთად შეიმუშავა.

სუნამო სახელად Solution No.1 ცოცხალ, სპორტულ და სექსუალურ არომატს წარმოადგენს, რომელიც 90-იანი წლების შთაგონებით შეიქმნა; Solution No.2 უფრო მეტად ენერგიული, გემოვნებიანი და თავდაჯერებული ადამიანებისთვის შექმნილი სუნამოა, რომელიც მანდარინისა და ფორთოხლის არომატითაა მდიდარი; Solution No.3-ს ბრენდის მესვეურები აღგვიწერენ როგორც რომანტიკულ მაცდურ სურნელს, რომელშიც ვარდის ნოტები ჭარბობს; Solution No.4 კი ერთდროულად ცოცხალ და ამასთანავე ხის თბილ არომატს ატარებს, რომელიც ნაძვის სურნელს მოგვაგონებს.

ფოტო: Off-white

ავტორი: გვანცა ჩანადირი