LEGO-ს ბოტანიკური კოლექციის სერიას, რომლის განსაკუთრებულად პოპულარული ნიმუში “LEGO თაიგულია”, ახლახან “LEGO ორქიდეა” და “LEGO სუკულენტები” შეემატა. ღია ცისფერ ქოთანში მოთავსებული “LEGO ორქიდეა” თეთრ და ვარდისფერ ფერებში გადაწყვეტილი ექვსი გაშლილი ყვავილისაგან, ხუთი ფოთლისა და ორი ფესვისაგან შედგება. მისი სიმაღლე 39 სანტიმეტრს შეადგენს და ჯამში 608 ნაწილს აერთიანებს. “ამ ნამუშევრის დიზაინი ნამდვილი ორქიდეათი იყო შთაგონებული, რომელიც მუშაობის პროცესში ოფისში გვქონდა. ასე რომ, შეგვეძლო დაგვენახა, თუ როგორც იცვლებოდა ყვავილი სეზონებთან ერთად, - აღნიშნა კომპანიის მთავარმა დიზაინერმა მაიკლ სიაკიმ, - მასზე მუშაობისას გამოწვევა იყო LEGO-ს ცილინდრული ქოთნის LEGO-ს ელემენტებით შექმნა, რომელიც ასაწყობადაც სახალისო უნდა ყოფილიყო და შესახედადაც ლამაზი”.
“LEGO სუკულენტები” ნამდვილი მცენარეებითაა შთაგონებული. თითოეული მათგანი შავ კონტეინერშია წარმოდგენილი, რომელთა განთავსება როგორც ერთად, ისე ცალკეცაა შესაძლებელი. “ამბობენ, რომ სუკულენტები ოთახში ფოკუსირებაში გეხმარება და ვიმედოვნებთ, რომ ეს ნამუშევარიც მსგავს გრძნობას გააჩენს”, - ამბობს ანდერსონ უორდ გრაბი, კომპანიის უფროსი დიზაინერი.
“LEGO ორქიდეასა” და “LEGO სუკულენტების” წინასწარი გამოწერა კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი. სერიის ახალი ნიმუშები ოფიციალურად 2022 წლის 1-ელ მაისს გამოვა.
ფოტო: Designboom
ავტორი: ანა გაბისიანი
დაწერე კომენტარი